ხელოვნურმა ინტელექტმა ვულკან ვეზუვის ფერფლში ჩამარხული უძველესი გრაგნილი გაშიფრა
ორმა სტუდენტმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოავლინა სიტყვა „πορϕυρας“ (პორფირასი), რაც „მეწამულს“ ნიშნავს
ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად რთულია გახსნა 2000 წლის წინათ ვულკან ვეზუვის მიერ ამოფრქვეული ფერფლის მიწაყრილების ქვეშ მოყოლილი პაპირუსის გრაგნილი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის წაკითხვაზე, თუმცა ხელოვნურმა ინტელექტმა მშვენიერ გზას მიაგნო.
მარტში კენტუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კონკურსი Vesuvius Challenge გაუშვეს, რომლის ფარგლებშიც გამოაქვეყნეს დანახშირებული ჰერკულანუმის გრაგნილების რენტგენული ფოტოები და ხელოვნური ინტელექტის გაუწვრთნელი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება მათ გაშიფვრაში ყოფილიყო გამოსადეგი.
ორმა სტუდენტმა ამ საქმეში უკვე მიაღწია წარმატებას: ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა სტუდენტმა ლიუკ ფარიტორმა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიორობოტიკის სტუდენტმა იოსეფ ნადერმა.
ფარიოტმა და ნადერმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოავლინეს სიტყვა „πορϕυρας“ (პორფირასი), რაც „მეწამულს“ ნიშნავს და რომელიც ხელოვნური ინტელექტის ამ პროგრამული უზრუნველყოფის მიერ გაშიფრული პირველი სიტყვა გახდა.
ძველ რომში მეწამული მნიშვნელოვან ფერს წარმოადგენდა და ხშირად სიმდიდრესა და სტატუსს განასახიერებდა. მეცნიერთა აზრით, ეს სიტყვა შეიძლება მიესადაგებოდეს სამოსს ან წოდებას, მაგრამ დაზუსტებით გასარკვევად დამატებითი ანალიზებია საჭირო.
ფარიოტმა მანქანური დასწავლის მოდელი გაწვრთნა აგვისტოში გრაგნილზე აღმოჩენილ ერთ წარწერაზე, რომელსაც მელნის კვალი ემჩნეოდა. ხელოვნურმა ინტელექტმა მელნის კიდევ უფრო მეტი კვალი აღმოაჩინა და, შესაბამისად, უკეთესად გაშიფვრაც შეძლო. საბოლოოდ, გამოჩნდა სიტყვა „პორფირასი“.
მანქანური დასწავლის მიდგომა გამოიყენა ნადერმაც, მაგრამ სურათების იმ ფორმებზე გაწვრთნა, რომლებიც ასოებს წააგავდა. ამ შემთხვევაშიც გამოიკვეთა სიტყვა „პორფირასი“ და სხვა ასოები მის გარშემო.
საკმარისი საწვრთნელი მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს რენტგენულ სურათებში ტექსტურის ოდნავი ცვალებადობის შემჩნევაც კი შეუძლიათ. ასე გამოჩნდა ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი მელნის კვალი. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მალე უფრო მეტ სიტყვას ამოიკითხავენ.
ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
მსგავს თემაზე: ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?
ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?
აგრეთვე, დაგაინტერესებთ: პომპეის მაცხოვრებლები ვეზუვის ამოფრქვევიდან 15 წუთში დაიღუპნენ
პომპეიში არქეოლოგიური გათხრებისას ფრესკებით მოხატული ბარის დახლი აღმოაჩინეს (ფოტო/ვიდეო)
კომენტარები