ვიდეოხელოვნებაარტისტი

ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის ტრიუმფი ნიუ-იორკში (ვიდეო)

წელს „მეტროპოლიტენ ოპერის“ სეზონი ვერდის  „ნაბუკოთი“ გაიხსნა. სპექტაკლის მთავარი პერსონაჟის – ბაბილონის მეფის, ნაბუკოს პარტია სახელგანთქმულმა ქართველმა საოპერო მომღერალმა გიორგი გაგნიძემ ბრწყინვალედ შეასრულა.

თითქმის 30-წლიანი კარიერის მანძილზე გიორგი გაგნიძეს თითქმის ყველა ცნობილი ნაწარმოები აქვს შესრულებული და მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში უმღერია, ბევრში – რამდენჯერმე. მარტო „მეტროპოლიტენ ოპერას“ სცენაზე 100 სპექტაკლზე მეტი აქვს შესრულებული. 2009 წელს „მეტროპოლიტენ ოპერაში“ სეზონიც მან გახსნა.

საერთაშორისო აღიარება ქართველ ბარიტონს იტალიის ქალაქ ბუსეტოში 2005 წელს გამართულმა „ვერდის ხმების“ ფესტივალმა მოუტანა. ჟიურის თავმჯდომარე თავად ხოსე კარერასი იყო.

„პირველივე ტურის შემდეგ თვითონ ხოსე კარერასი მოვიდა ჩემთან გაცნობის მიზნით. საერთოდ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ შემსრულებელთან ასე ახლოს მივიდეს ჟიურის თავმჯდომარე. წესების მიხედვით, ეს დაუშვებელიც კია, მაგრამ კარერასმა მითხრა, ძალიან ამაღელვებელი იყო შენი შესრულებაო და ვერ მოვითმინე, მოვედი და გილოცავო! მე, რა თქმა უნდა, გავამაყდი და უფრო მეტი ენერგიით გავედი სცენაზე მეორე ტურში, იქ კარერასმა უკვე წერტილი დაუსვა ყველაფერს: ეს მომღერალი ნამდვილად ხდება პირველი ადგილის მფლობელი თავისი მონაცემებით – ხმის თბილი ტემბრით, ასევე სიძლიერითა და სამსახიობო განხორციელებითო, ასე რომ, ორი არიით გავიმარჯვე იმ საერთაშორისო კონკურში, სადაც ხუთი უნდა მემღერა“, – იხსენებს გიორგი გაგნიძე.

„მეტროპოლიტენ ოპერის“ გალერეაში ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, იატაკიდან ვიდრე ჭერამდე ყველა იმ არტისტის შავ-თეთრი ფოტოა, რომელთაც საოპერო ხელოვნების განვითარებაში სოლიდური წვლილი  შეიტანა და, მათ შორის, ერთადერთი ქართველის – გიორგი გაგნიძის ფოტოცაა სკარპიას („ტოსკა“) როლში.

„ნაბუკო“  ჯუზეპე ვერდის იტალიურენოვანი ოპერაა. ოპერის თემას, ერთი მხრივ, წარმოადგენს ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელი ერისა და მათი თავისუფლების დევნა, ხოლო, მეორე მხრივ კი, ნაჩვენებია მთავარი გმირის, ნაბუქოდონოსორის სულიერი გარდატეხა – იგი თავდაპირველად თავს ღმერთად აცხადებს და ამის გამო სიგიჟით ისჯება ღვთის მიერ, საღი გონება მას მხოლოდ მას შემდეგ უბრუნდება, რაც ებრაელთა ღმერთის უზენაესობას აღიარებს.

 

2022 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გიორგი გაგნიძის მონაწილეობით ოპერა „ნაბუკოს“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენის შემდეგ კი თეატრის წინ ცნობილი ქართველი ბარიტონის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ პირველად „ნაბუკო“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მილანის „ლა სკალას“ პრემიერიდან რამდენიმე წლის შემდეგ,1859 წელს დაიდგა და რეპერტუარში დაიმკვიდრა ადგილი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close