მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ნებართვა გასცა – რატომ გატეხა სიტყვა აშშ-ის პრეზიდენტმა?

კედლის სწრაფად ასაშენებლად ტეხასის სამხრეთ ნაწილში 26 ფედერალური კანონის მოქმედება შეჩერდა

შეგახსენებთ, რომ ბაიდენმა, როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, პრაქტიკულად, მაშინვე შეაჩერა დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული სასაზღვრო კედლის მშენებლობა.

სწორედ ეს იყო მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი: „ჩემი ადმინისტრაციის დროს არ აშენდება კედლის არცერთი ფუტი“, – ასეთი იყო მისი დაპირება. 2021 წლის 20 იანვრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „უზარმაზარი კედლის მშენებლობა, რომელმაც მთელი სამხრეთ საზღვარი უნდა მოიცვას, არ არის სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტა“.

თუმცა ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტეხასის სამხრეთ ნაწილში 26 ფედერალური კანონის მოქმედებას აჩერებს,  რათა კედლის მშენებლობა განაგრძოს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბაიდენმა თავისი აღმასრულებელი უფლებამოსილება გამოიყენა, რასაც მისი წინამორბედი – ტრამპი ხშირად მიმართავდა.

შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ შესაბამისი განაცხადი აშშ-ის ფედერალურ რეესტრში  განათავსა.

ფედერალურ კანონებს შორის, რომელთა მოქმედებაც სამინისტროს გადაწყვეტილებით ჩერდება, არის კანონი სუფთა ჰაერის შესახებ, კანონი უსაფრთხო სასმელი წყლის შესახებ და კანონი გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი სახეობების შესახებ. ამ ფედერალური კანონების მოქმედების შეჩერება ტეხასის სამხრეთ ნაწილში საშუალებას იძლევა, თავიდან იქნას აცილებული ხანგრძლივი შემოწმებები და სასამართლო განხილვები ეკოლოგიური კანონმდებლობის დარღვევის საბაბით.

„ამ დროისთვის არსებობს მწვავე და გადაუდებელი აუცილებლობა, რომ აშენდეს ფიზიკური ბარიერები და გზები საზღვრის სიახლოვეს, აშშ-ის პროექტით განსაზღვრულ რაიონებში უკანონო შემოსვლის თავიდან აცილების მიზნით“, – განაცხადა შიდა უსაფრთხოების მინისტრმა ალეხანდრო მაიორკასმა.

სამთავრობო მონაცემების თანახმად, მიმდინარე ფინანსურ წელს რიო გრანდეს ხეობის სექტორში, რომელიც 21 ოლქს მოიცავს, საზღვრის უკანონო კვეთის დაახლოებით 245 000 შემთხვევა დარეგისტრირდა.

ცნობისთვის, საზღვარზე კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის პოლიტიკის ნაწილი იყო, რასაც დემოკრატები აკრიტიკებდნენ.

ბაიდენის გადაწყვეტილებას „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. მან ბაიდენი საზღვარზე მკაცრი კონტროლის ზომების გაუქმების გამო გააკრიტიკა, რადგან, ტრამპის თქმით,  ტრამპის ამან მიგრაციული კრიზისი გამოიწვია.

„მას უწევს იმ ყველაფრის გაკეთება, რასაც ჩვენ ვაკეთებდით“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2017 წლის იანვრიდან 2021 წლამდე სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე დაახლოებით 724 კმ სიგრძის ბარიერები აშენდა. ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა კედლის აგება განაახლა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში მშენებლობა შეაჩერა.

კედლის მშენებლობის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ფედერალური კანონების შეჩერება უნდა გახდეს სასტარტო მოედანი მთლიანად პოლიტიკის შესაცვლელად.

„საიმედო კედელი – ეს ეფექტიანი ინსტრუმენტია ჩვენი საზღვრების კონტროლის მხარდასაჭერად, – ნათქვამია ამერიკის საიმიგრაციო რეფორმის ფედერაციის პრეზიდენტის, დენ სტეინის განცხადებაში. – ამ დათმობის შემდეგ ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კედლის მშენებლობა მთელ საზღვარზე, რათა არ დაუშვას არალეგალური ტრაფიკის საზღვრის სხვა უბნებზე გადატანა“.

„სასაზღვრო კედელი, – ეს არის 21-ე საუკუნის პრობლემის გადაჭრა მე-14 საუკუნეში. ის ვერ განამტკიცებს საზღვრის უსაფრთხოებას სტარის ოლქში, – ნათქვამია კონგრესმენ ჰენრი კუელარის განცხადებაში. – მე ისევ გამოვდივარ არაეფექტიანი სასაზღვრო კედლის ასაშენებლად გადასახადის გადამხდელების ფულის არარაციონალური ხარჯვის წინააღმდეგ“.

მექსიკის საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო კედლის აშენების წინააღმდეგ გამოდიან გარემოს დამცველებიც. მათი თქმით, კედელი გაივლის იმ ადგილებში, სადაც გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი მცენარეები იზრდება და სახეობები ბინადრობენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close