აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის დეტექტიური რომანი „სისხლში მოცეკვავე“ ინგლისურ ენაზე გამოიცა
ქეთი იმერლიშვილი: „წიგნის გამოცემაზე ორი უცხოური საგამომცემლო სახლიდან მივიღე შემოთავაზება, რომელთაგან არჩევანი ბრიტანულ Olympia Publishers-ზე შევაჩერე“
ბრიტანულმა საგამომცემლო სახლმა Olympia Publishers-მა ახლახან ქართველი ავტორის, ქეთი იმერლიშვილის დეტექტიური რომანის „სისხლში მოცეკვავე“ ინგლისურენოვანი ვერსია გამოაქვეყნა. შევიტყვეთ თუ არა ამ ფაქტის შესახებ, ქეთი იმერლიშვილს ნიუ-იორკში დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რამდენიმე კითხვაზე ეპასუხა:
ქეთი, როგორც ვიცი, სამი წიგნის („დემოკრატიული საგიჟეთი“, „სისხლში მოცეკვავე“, „სა-ზღვარი“) ავტორი ხართ. როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ „სისხლში მოცეკვავე“ ინგლისურ ენაზე გამოგეცათ?
დიახ, ჯერჯერობით სამი წიგნი მაქვს გამოცემული. მათგან ერთი – „სისხლში მოცეკვავე“ დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია, რომელშიც ქართველი ბალერინის, ლიზა მეტრეველის მკვლელობას იძიებენ. მოქმედება ორ ქვეყანაში – აშშ-ში და საქართველოში ხდება. გამოძიებას ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი და, პარალელურად, სტუდენტები, ნიკა ხურცილავა და ფაბიანა ვერდინო ატარებენ. იდუმალებით მოცული მკვლელობა საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში და გამოძიება როგორ დასრულდება…
ერთ საღამოს რომანის დეტალებს ჩემს ამერიკელ მეგობარს როდა ენდერსონს ვაცნობდი, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია. წიგნის ინგლისური ვერსიის შექმნის იდეა სწორედ მას გაუჩნდა. საუბრისას ძალიან დაინტერესდა და მითხრა, აუცილებლად უნდა ითარგმნოსო. თან სურვილი გამოთქვა, ნაწარმოები თავად დაემუშავებინა დიალოგების ამერიკულ რეალობაზე მორგების მხრივ. ამერიკელმა, რომელიც მუშაობს და დროის სერიოზული დეფიციტი აქვს, საკუთარი სურვილით ამდენი დრო დაგითმოს, წარმოუდგენელია. მისმა რჩევამ, რომ წიგნის ინგლისური ვერსია შექმნილიყო, გაამართლა და ორი უცხოური საგამომცემლო სახლიდან შემოთავაზება მივიღე, რომელთაგან არჩევანი ბრიტანულ Olympia Publishers-ზე შევაჩერე.
საქართველოს რამდენად იცნობს თქვენი მეგობარი, რომელიც ქართული ლიტერატურის ასეთ პროპაგანდას ეწევა ამერიკაში?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არასოდეს უნახავს, მის შესახებ თითქმის ყველაფერი იცის. მოხიბლულია ჩვენი კულტურით. სუხიშვილების ანსამბლის კონცერტზე ვიყავით ნიუ- იორკში და სრული შოკი მიიღო. ერთი თვე იმ კონცერტზე ლაპარაკობდა, ასეთი არაფერი მინახავს, ჰაერში როგორ ხტებიან, ან მუხლებზე როგორ ცეკვავენო. ქართული სამზარეულოც ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით ნიგვზიანი ბადრიჯანი.
ნაწარმოების თარგმანზე ვინ იმუშავა?
როგორც გითხარით, წიგნის ინგლისური ვერსიის შექმნის იდეა ჩემს ამერიკელ მეგობარს, როდა ენდერსონს ეკუთვნის, ხოლო თარგმანი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, მსოფლიო ბანკის სინქრონისტსა და მთარგმნელს – ლელა აბდუშელიშვილს. მინდა, ორივე მათგანს მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.
აქვე მინდა გითხრათ, რომ უცხოურ გამომცემლობასთან მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. საოცარი მიდგომა ჰქონიათ ინგლისელებს დეტალების მიმართ. თითოეული ეტაპის დასრულებას თავისი დრო და მუშაობის წესი ჰქონდა. ყველაფერი წინასწარ იყო გაწერილი და შეთანხმებული. ვაფასებ მათ პასუხისმგებლობას.
წიგნი უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის?
დიახ, წიგნი მკითხველისთვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი 28 სექტემბერს გახდა – უკვე არის როგორც წიგნის მაღაზიებში, ისე ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტ მაღაზიებში.
შემოქმედებითი თვალსაზრისით კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
პროზაულ კრებულზე ვმუშაობ, რომელსაც მკითხველი „ჩრდილებიანი ველის“ სახელით გაიცნობს.
წარმატებები, ქეთი! მკითხველის სიმრავლეს გისურვებთ!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
P. S. ქეთი იმერლიშვილი აშშ-ში მცხოვრები ქართველი მწერალი და ჟურნალისტია, რომელსაც 2023 წლის გაზაფხულზე თამრიკო დავითაშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „Georgians in USA Awards“ ნიუ-იორკის მერიისა და შტატის ასამბლეისგან წარმატებული ემიგრანტის ჯილდო გადაეცა.
ასევე დაგაინტერესებთ: ქეთი იმერლიშვილი: „ემიგრაციაში წასვლა მეორედ დაბადებას ჰგავს“…
კომენტარები