ვიდეოლიტერატურა/წიგნებიქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტი

„ის, რომ სამშობლოს ახსოვხარ და შორიდან გეძახის: „გაუძელი!“ – ახალი სისხლის გადასხმას ჰგავს“ – წიგნის პრეზენტაცია (ფოტო/ვიდეო)

27 მაისს, დიასპორის დღეების ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „უცხოეთის ცის ქვეშ – გულახდილი საუბრები“.

წიგნი წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ინტერვიუების კრებულს, რომლებიც ვებგვერდ nostal.ge-ზე 2018-2021 წლების  განმავლობაში ქვეყნდებოდა.

პროექტის ავტორმა ნინო ლურსმანაშვილმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მოუთხრო მისი შექმნის წინაისტორიისა და იდეის განხორციელების შესახებ.

საინტერესო იყო ქალბატონი ნინო რურუას გამოსვლა – იგი წიგნის გმირებს შორის ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა და მოახერხა, რომ ისევ საქართველოში დაემკვიდრებინა თავი. ქალბატონმა ნინომ სტუმრებს უამბო იტალიაში ცხოვრებისას თავისი საქმიანობის შესახებ (იგი იყო ქართული საკვირაო სკოლის და, აგრეთვე, ქართულ-იტალიური ასოციაციის დამფუძნებელი), ემიგრაციაში ცხოვრების სირთულეებსა თუ გამოცდილებაზე, სამშობლოში დაბრუნებასა და მშობლიურ მიწაზე თავიდან დამკვიდრებაზე…

ემიგრაციაში ცხოვრების სიმძიმესა და სამშობლოში დაბრუნების სიხარულზე ისაუბრა ჟურნალისტმა ფერიდე ბიწაძემ (მისი ისტორია კრებულში არ შესულა), რომელიც 2 ათეულ წელზე მეტი ცხოვრობდა სტრასბურგში, მუშაობდა თარჯიმნად ერთ-ერთ ორგანიზაციაში, თუმცა მაინც სულ საქართველოში მოუწევდა გული და 3 წელია, რაც დაბრუნდა.

მიგრაციის გლობალურ პრობლემასა და ამ თემის აქტუალურობაზე ისაუბრა ცნობილმა ეკონომისტმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, „ხალიკ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ექსთავმჯდომარემ, ეკონომიკის დოქტორმა ვანო ვახტანგიშვილმა.

ვანო ვახტანგიშვილი
თამარ ოთიაშვილი

ძალიან საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული ღონისძიების სასიამოვნო ატმოსფეროს ემოციური შტრიხები შემატა ემიგრანტების მიმართვებმა, რომლებიც შეკრებილ სტუმრებს კრებულის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა, პროექტის კოორდინატორმა, ჟურნალისტმა თამარ ოთიაშვილმა გააცნო. ამ მიმართვებს უცვლელად გთავაზობთ.

თეონა ბოტკოველი, იტალია

მაქვს პატივი, მივესალმო დამსწრე  საზოგადოებას დიდი სიყვარულით ემიგრანტი იტალიიდან,  თეონა ბოტკოველი:

ჩემთვის დღევანდელი დღე სიამაყის და იმედის მომცემია, არ ვიცი, რა სიტყვებით  შემიძლია გამოვხატო ჩემი მადლიერება ნინო ლურსმანაშვილისა და თამარ ოთიაშვილის მიმართ, მათ ფასდაუდებელი შრომა გასწიეს ამ წიგნის შესაქმნელად. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული  ქართველი ემიგრანტების სიხარულის, დარდის, წარმატების და ნოსტალგიის თანამონაწილეები და თანამოზიარეები, ეს  ორი არაჩვეულებრივი ჟურნალისტი სითბოთი, სიყვარულით და განსაკუთრებული გულისყურით გვისმენენ, ჩვენთან ერთად განიცდიან ემიგრაციის ვისთვის მძიმე,  ვისთვის მსუბუქ ცხოვრებას. მადლიერების გრძნობით  აღსავსე გეფერებით დიდი სიყვარულით და პატივისცემით, ჩემო ქართველებო, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, მადლობა, რომ  გახსოვართ!

ეს წიგნი ჩვენი განცდების და სულის სარკეა, წარმატებები Nostal.ge-ს და ვისურვებდი, ყველა ემიგრანტი მალე სამშობლოს ჩავხუტებოდით.

 ქეთი იმერლიშვილი, აშშ

 ჩემთვის ემიგრანტობა წარსულ ცხოვრებასთან მუდმივი ჭიდილი და საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად დანახვის საშუალებაა. ამ პროცესს ყველა სხვადასხვაგვარად გადის. ორმაგად რთულია სამშობლოსგან შორს, ყოველდღიურ გამოწვევებს გაუძლო და თავი წარმატებით დაიმკვიდრო უცხო მიწაზე. სწორედ ამიტომ გახდა ჩემთვის ძვირფასი წიგნი „უცხოეთის ცის ქვეშ“, რომელიც მსოფლიოში გაბნეული საამაყო ქართველების ამბებს აერთიანებს და მათ საინტერესო ცხოვრებას გვაცნობს. მჯერა, წლების შემდეგ იგი აუცილებლად იქნება მომავალი თაობებისთვის ინფორმაციული საუნჯე და  კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს.

არ შემიძლია მადლიერების გრძნობა არ გამოვხატო  წიგნის ავტორების მიმართ, რომლებმაც ფასდაუდებელი შრომა გაწიეს  „უცხოეთის ცის ქვეშ – გულახდილი საუბრები“  შესაქმნელად.  ძალიან ვაფასებ მათ მონდომებას და კეთილ საქმეს.

ლელა ქართველიშვილი (ქართველი), აშშ

ნიუ-იორკიდან  მოგესალმებათ  ლელა ქართველი – მხატვარი, პოეტი, პოლიტოლოგი, ალექსანდრე  ქართველის საერთაშორისო  საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

პირველ რიგში, გილოცავთ დიასპორის დღეს და მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავი წიგნის „უცხოეთის ცის ქვეშ – გულახდილი საუბრები“ პრეზენტაცია შედგა სწორედ ამ დიდებულ დღეს. მეც მერგო პატივი, რომ ვყოფილიყავი კრებულის მონაწილე და მე მახსენდება ჩემი ბავშვობა, როდესაც წიგნებში ვკითხულობდი უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ   საინტერესო  ისტორიებს თუ მოგონებებს.  ცხადია, სხვადასხვა ეპოქაში ხდებოდა ეს ყველაფერი, როდესაც ისტორიულ ემიგრაციას არც კი შეეძლო სამშობლოში დაბრუნება, ჩვენგან განსხვავებით.

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ თანამედროვე ემიგრაციის წარმატებულ  წარმომადგენელთა დიდი ნაწილი საქართველოსთვის არ დაიშურებს უცხოეთში შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას.

მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც სამშობლო მათ დაუძახებს და ეს იქნება ჟამი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის.

უღრმეს მადლობას ვუძღვნი წიგნის ავტორებს მისი გამოცემისთვის, კრებულში ჩემი მოწვევისთვის და კიდევ ერთხელ გისურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს!

მაია ლომიძე, იტალია

უღრმესი მადლობა იდეის ავტორებს , რომლებმაც  უდიდესი შრომა ჩადეს, ასე მარცვალ- მარცვალ აგროვეს  უცხოეთის ცის ქვეშ გაფანტული თითოეული ქართველის წარსული -ემიგრაციამდე,  აწმყო – მონატრებით სავსე,  არც თუ ისე ადვილად გადასატანი და  ხვალინდელი დღის  იმედით სავსე მომავალი,  ასე, ერთ წიგნად  შეკრეს და გვაჩუქეს უკვდავება. თითოეული ჩვენგანი ხომ  ჩვენი ქვეყნის ელჩი ვართ უცხო ქვეყანაში. ჩვენზეა დამოკიდებული როგორ წარმოვაჩენთ,  რა წარმოდგენას შევუქმნით  სხვებს ჩვენზე.  მადლობა  თითოეულ რესპონდენტს  საინტერესო, გულწრფელი საუბრისთვის. გისურვებთ  წარმატებებს!

ხათუნა შარაძე, იტალია

იყო დრო, როცა ემიგრაციას და სამშობლოდან შორს ყოფნას ტრაგიკულად აღვიქვამდი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია და ამის გამო საკუთარ თავს არ ვაკრიტიკებ. მიჭირდა ემოციების კონტროლი და ნებისმიერი მოვლენის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი. წარსულის ემოციებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, მინდა ჩემი სათქმელი იმედის მომცემი და ყველა სირთულეზე გამარჯვების მაგალითი იყოს.

როცა სრულიად დავნებდი საკუთარ თავს და მივხვდი, რომ მე, როგორც დედას, დედად გახდომის ტკივილების მსგავსად უნდა მებრძოლა, უკან აღარ დავიხიე. თერძივით, სულ ახალ თარგზე ავჭერი ჩემი ცხოვრების ახალი სამოსი და ემიგრაცია ჩემს გამოწვევად ვაქციე! არ დავნებდი და კალამს ხელი არ გავუშვი. ქუჩაში, სამსახურში, ტრანსპორტში, ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილას ვყოვნდებოდი და წერას ვიწყებდი. ვწერდი საკუთარ ემოციებზე, ორ განსხვავებულ ცხოვრების წესზე, ორ სხვადასხვა კულტურაზე, ტრადიციასა და ხალხზე. ვწერდი ამბებს, რომლის მთავარი გმირი ვიყავი და არა გამოგონილი პერსონაჟი. მინდოდა, იმ პატარა ქალაქში, სადაც საქართველოს, როგორც მხოლოდ სტალინის ქვეყანას და ხშირ შემთხევაში რუსეთს, ისე გვიცნობდნენ, ყველასთვის მეთქვა, რომ საქართველო სამოთხეა და ქართველებს ოდესღაც ის მიწა უფალმა დაუთმო. ვაწყობდი საღამოებს, ვწერდი სტატიებს იტალიურ ენაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ვუყვებოდი იტალიელ თანამოქალაქეებს საქართველოს ისტორიას. ვაცნობდი მათ ქვეყანაში მყოფ ქართველ ექიმებს, ეკონომისტებს, პედაგოგებს, მუსიკოსებს, ჟურნალისტებს, ექთნებს, რომლებიც მათი მოხუცების სიცოცხლეზე ზრუნავდნენ და მათ კი წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩვენს ქვეყანაზე. სოციუმში სადაც ვცხოვრობ, მინდოდა ყველას სცოდნოდა, რომ საქართველო შინამოსამსახურეების ქვეყანა არ არის!

ასე აღმოვჩნდი ვებგვერდ nostal.ge-ს ციფრულ პლატფორმაზე, როგორც ერთ-ერთი ემიგრანტი, რისთვისაც ნინო ლურსმანაშვილსა და თამარ ოთარაშვილს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ემიგრანტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია სამშობლოსთან მჭიდრო კავშირს და მხარდაჭერას. სულ სხვანაირი ძალა აქვს 2,500 კილომეტრის მანძილიდან წამოსულ ენერგიას. ჩემს შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკუთარი თავის ხელმეორედ პოვნაში დამეხმარა. ის, რომ სამშობლოს ახსოვხარ და შორიდან გეძახის სიტყვას – „გაუძელი“, ახალი სისხლის გადასხმას ჰგავს, იცი, რომ გაუძლებ. სამშობლო მარტო მიწა არ არის, სამშობლო ადამიანებია! წიგნის პერსონაჟობამ საკუთარ თავთან შელახული რეპუტაცია აღმიდგინა და საკუთარი თავის მნიშვნელობა დამიბრუნა. დღეს ემიგრაციაში, საკუთარი პროფესიით ვმუშაობ და ვცდილობ თანამემამულეებს ინტეგრაციის საკითხში დავეხმარო. ვარ მედიამაუწყებელ EXCLUSIVETEV.GE-ს გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი იტალიაში. ჩემს გუნდთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ვქმნით ჟურნალისტურ პროდუქტს და ემიგრანტებს მშობლიურ ენაზე ვაწვდით მიმღებ ქვეყანაში არსებულ საიმიგრაციო განმარტებებს, ამომწურავ ინფორმაციას მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს, თარგმანებს შრომის კანონის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

***

Nostal.ge-ს გუნდი ჯანრთელობას, გამძლეობას და მალე შინ მშვიდობით დაბრუნებას უსურვებს ყველა ქართველს, ვინც უცხო მიწაზე სამშობლოს გულით დაატარებს და მის სახელს უფრთხილდება!

ქალბატონი ნანა მოდებაძის ემოციური გამოსვლა

პოეტი და გამომცემელი თამაზ ჩადუნელი

პრეზენტაციას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ვიდეოს საშუალებით. ბოდიშს გიხდით მცირე ხარვეზების გამო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close