მედიცინაჯანმრთელობა

მეცნიერებმა მოწევისთვის თავის დანებების სამი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი გამოავლინეს – მასშტაბური კვლევის შედეგები

ერთ დიდ მიმოხილვაში მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს მოწევისთვის თავის დანებების მეთოდები. შედეგად სამი აშკარა „გამარჯვებული“ გამოიკვეთა.

ბრიტანელ მკვლევართა განცხადებით, ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა პრეპარატები – ვარენიკლინი და ციტიზინი, ასევე, ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი.

319 რანდომიზებულად კონტროლირებული ცდის ანალიზში სულ 157 179 მწეველი იყო ჩართული, რომლებმაც მოწევისთვის თავის დანებება, სულ მცირე, ექვსი თვით შეძლეს.

„საუკეთესო რამ, რაც მწეველებმა საკუთარი ჯანმრთელობისთვის შეიძლება გააკეთონ, არის მოწევისთვის თავის დანებება. მოწევა მსოფლიოში პრევენცირებადი დაავადებებისა და სიკვდილის მთავარ მიზეზად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავის დანებება ბევრს სურს, ეს შეიძლება საკმაოდ რთული იყოს“, – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერი ჯემი ჰართმენ-ბოისი.

დამოკიდებულების გამომწვევი მთავარი ნივთიერება – ნიკოტინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ნივთიერებაა და მესამეა ყველაზე მეტად დამოკიდებულების გამომწვევთა შორის. ნიკოტინი დიდ ძალაუფლებას ფლობს თავის ტვინზე. როგორც მონაცემები აჩვენებს, დახმარების გარეშე, 100-დან მხოლოდ 6 ადამიანს აქვს მოწევისთვის თავის დანებების შანსი.

ვარენიკლინი და ციტიზინი თავის ტვინის ნიკოტინის რეცეპტორებს ააქტიურებს, რომლებიც ნიკოტინით გააქტიურებისად დოპამინს გამოყოფენ; შედეგად, ახდენს ნიკოტინის მიერ მათი გააქტიურების პრევენციას.

დიდი სხვაობა არ აღმოჩნდა ციტიზინის (საბაზრო სახელი Tabex), ვარენიკლინის (საბაზრო სახელი Chantix და Champix) და ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტის ეფექტიანობას შორის. შედეგების მიხედვით, იმ მწეველთა 14 პროცენტი, რომლებიც მოწევისთვის დანებებას ამ მეთოდებით ცდილობენ, სულ მცირე ექვსი თვით მიაღწევენ წარმატებას.

შემდეგი ყველაზე ეფექტიანი გზა იყო ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიის (NRT) ორი სახის კომბინაცია, მაგალითად, ნიკოტინის დასაკრავები, საღეჭი რეზინი ან კანფეტები.

„თუმცა, მხოლოდ ერთი სახის ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიის გამოყენება, მაგალითად, მხოლოდ დასაკრავი ან საღეჭი რეზინი, ძალიან ცოტა ადამიანში აღმოჩნდა ეფექტიანი. 100-დან დაახლოებით 12 ადამიანი, რომლებიც ამ თერაპიის ორ ფორმას იყენებდა, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მათში კი, ვინც მხოლოდ ერთ ტიპს იყენებდა, 100-დან ცხრამ შეძლო მოწევისთვის თავის დანებება“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერი ნიკოლა ლინდსონი.

როგორც მონაცემებმა აჩვენა, ნიკოტინის თანდათანობით შემცირება შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე ერთბაშად შეწყვეტა.

ცხრა პროცენტით ეფექტიანი აღმოჩნდა კიდევ ერთი პრეპარატი, სახელად ბუპროპიონი (საბაზრო სახელი Wellbutrin).

„მეტა-ანალიზი აჩვენებს, რომ ელექტრონული სიგარეტი, ვარენიკლინი და ციტიზინი ყველაზე ეფექტიანი დამხმარეების მოწევის შეწყვეტისთვის. ამ დამხმარეთა საშუალებით, ორჯერ მეტმა ადამიანმა შეძლო მოწევისთვის თავის დანებება, თუ შევადარებთ მათ, ვისაც ისინი არ გამოუყენებია“, — ამბობს ბრიტანეთის აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერი კეტლინ ნოტლი.

ავტორები ფიქრობენ, რომ უფრო მეტი მონაცემი შედეგებს ვერ შეცვლის, მაგრამ გამოსადეგი იქნება მეტი მონაცემი გვერდითი ეფექტებისა და პრეპარატთა საუკეთესო კომბინაციის შესახებ.

სხვა უმეტესი კვლევის მსგავსად, გაანალიზებულ კვლევათა უმეტესობა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში იყო ჩატარებული; შესაბამისად, მწირია მტკიცებულებები დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან. ჯგუფს იმედი აქვს, რომ შემდეგი კვლევები იმასაც მიმოიხილავს, რა გავლენას ახდენს მოწევის დანებებაზე სოციოეკონომიკური სტატუსი.

„მოწევისთვის თავის დანებება ძალიან რთულია. ამაში დასახმარებლად რამდენიმე პროდუქტი არსებობს, მაგრამ დიდი ხანია, გაურკვეველი იყო ამ მეთოდთა ფარდობითი ეფექტიანობა“, — ამბობს ლინდსონი.

კვლევა Cochrane Database of Systematic Reviews-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cochrane.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close