წელს ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის ფართობი მილიონი კმ²-ით შემცირდა
2023 წელს ანტარქტიდაში ზამთრის ზღვის ყინულის ფართობი 1986 წელს დაფიქსირებულ სარეკორდო მინიმუმზე ერთი მილიონი კვადრატული კილომეტრით ნაკლებია.
„სექტემბერში ანტარქტიდის ზღვის ყინულის ფართობი მაქსიმუმს აღწევს – საშუალოდ 18,71 მილიონ კვადრატულ კილომეტრს. წელს, 10 სექტემბერს ზღვის ყინულმა 16,96 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მიაღწია, რის შემდეგაც კლება დაიწყო“, – ნათქვამია აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის კვლევაში.
მეცნიერები ყინულის გაქრობას ისეთ ბუნებრივ მოვლენებს უკავშირებენ, როგორიცაა „ელ-ნინიო“ – წყნარი ოკეანის ეკვატორული წყლების ტემპერატურის მატება, რომლის შედეგებს კლიმატის ანთროპოგენური ცვლილება ამძიმებს. ყინულის ფართომასშტაბიან დნობას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს გლობალური კლიმატისა და ზღვის დონისთვის.
ზღვის ყინულის შემცირების გამო ოკეანის ტალღები ანტარქტიდის სანაპიროზე შემოდის და მის ყინულის შელფს ამცირებს. კონტინენტური ყინულის დნობა, თავის მხრივ, ზღვის დონის აწევას, სანაპიროზე დატბორვის რისკს და ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლის მოსპობას იწვევს.
ანტარქტიდა დედამიწის ერთ-ერთი ის რეგიონია, რომელიც ყველაზე სწრაფად თბება. პალეოეკოლოგების კვლევების თანახმად, მასზე მყინვარები უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ნებისმიერ დროს 5,5 ათასი წლის განმავლობაში.
2023 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო დაკვირვებების ისტორიაში: ტემპერატურის რეკორდები ერთიმეორის მიყოლებით იხსნებოდა.
radiotavisupleba.ge
კომენტარები