მსოფლიოპოლიტიკა

არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ (არცახი) არსებობას წყვეტს – დოკუმენტი ხელმოწერილია

ბრძანებულებას „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ თვითლიკვიდაციის შესახებ ხელი სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა, დოკუმენტი 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში

თვითგამოცხადებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ (არცახი) არსებობას 2024 წლის 1-ლი იანვრიდან წყვეტს. განკარგულებას ამის თაობაზე ხელი ხუთშაბათს, 28 სექტემბერს მისმა „პრეზიდენტმა“ სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა. „დათხოვნილ იქნას ყველა სახელმწიფო დაწესებულება და მათ უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ორგანიზაცია 2024 წლის 1-ელ იანვრამდე და მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ (არცახი) 1991 წლის 2 სექტემბერს გამოცხადდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის და აზერბაიჯანის სსრ-ის მიმდებარე ტერიტორიების საზღვრებში. ის დღემდე გაეროს წევრ არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. აზერბაიჯანი ამტკიცებდა, რომ მთიანი ყარაბაღი მისი განუყოფელი ნაწილია, ხოლო სომხეთი, თავის მხრივ, „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“ მხარს უჭერდა. მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტი 1991 წლიდან არ შეწყვეტილა, ის არაერთხელ გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებებსა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში (1992-1994 და 2020 წწ.).

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით „ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების“ გატარების შესახებ გამოაცხადა. მეორე დღესვე მიღწეული იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ – მისი ერთ-ერთი პირობა იყო მთიანი ყარაბაღის არმიის განიარაღება და სომეხი სამხედროების გაყვანა არაღიარებული რესპუბლიკიდან.

აზერბაიჯანის მიერ  ცეცხლის გახსნას ერთ დღე-ღამეში 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, 7 მშვიდობიანი მცხოვრების.

მთიან ყარაბაღში მყოფი რუსი სამშვიდობოები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულან, თუმცა ყარაბაღის მაცხოვრებლებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.

ყარაბაღის სომეხთა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრების სერია გამართეს, რომლებზეც „რეინტეგრაციის, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები“ განიხილეს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სომხეთი აზერბაიჯანს ყარაბაღში ეთნიკური წმენდის განზრახვაში ადანაშაულებს. მთიანი ყარაბაღი უკვე დატოვა 65 ათასზე მეტმა სომეხმა.

თავის მხრივ, ბაქო აცხადებს, რომ სომეხი მოსახლეობის გამგზავრება ყარაბაღის რეგიონიდან მათ პირად გადაწყვეტილებას წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო ძალადობრივ გადასახლებასთან.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სომეხი ეროვნების მოქალაქეებს, ნუ დატოვებენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს ყარაბაღში. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თუ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის ნაწილს აზერბაიჯანში ცხოვრება და აზერბაიჯანის კანონებისადმი დამორჩილება არ სურს, ჩვენ მათ ამას ვერ ვაიძულებთ, პირიქით, მოვუწოდებთ სომხურ მოსახლეობას, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები და აზერბაიჯანის მრავალეროვნული საზოგადოების ნაწილი გახდნენ. რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის სომხეთმა უნდა მოხსნას სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის ხელშემშლელი ბარიერები და ფოკუსირებული იყოს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულებაზე, რომელიც ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეფუძნება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close