NASA-ს მზის ზონდმა მზის უზარმაზარ ამოფრქვევაში გაიარა და პროცესი კამერით გადაიღო (ვიდეო)
22/09/2023
965 1 minute read
NASA-ს პარკერის მზის ზონდმა მზის მასიურ ამოფრქვევაში გაიფრინა და ეს პროცესი მთლიანად აღბეჭდა კამერით. ამ სახის მზის აფეთქების ახლოდან გადაღება ისტორიაში პირველად მოხდა.
ვიდეოში, რომელსაც ჯონს ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორია ავრცელებს, ასახულია განსაკუთრებით მძლავრი კორონული მასის ამოფრქვევა, რომელიც შარშან მოხდა.
კორონული მასის ამოფრქვევა სუპერცხელი პლაზმის დიდი აფეთქებაა, რომელიც მზის ატმოსფეროდან იფრქვევა. ის შედგება დამუხტული ნაწილაკებისგან, რომლებსაც დედამიწამდე მოღწევის შემთხვევაში რადიოსიგნალების ჩახშობა შეუძლიათ.
NASA-ს განცხადებით, კორონული მასის ამოფრქვევა, რომელშიც პარკერის ზონდმა გაიარა, ერთ-ერთი ყველაძე ძლიერი იყო ამ დრომდე აღრიცხულთა შორის.
საბედნიეროდ, ამ პროცესს ზონდი გადაურჩა და კამერაზეც კი აღბეჭდა.
ჯონს ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის ცნობით, კორონული მასის ამოფრქვევებისას იტყორცნება მაგნიტური ველები, რომლებიც ზოგჯერ მილიარდობით ტონა პლაზმას გამოდევნის წამში 96-3058 კილომეტრის სიჩქარით.
ლაბორატორიის განცხადებით, ნაწილაკები, რომლებიც პარკერს ეჯახებოდნენ, წამში 1352 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდნენ. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს მონაცემები მათ იმის გარკვევაში დაეხმარება, რა ანიჭებს ასეთ დიდ სიჩქარეს ნაწილაკებს.
პარკერის მზის ზონდი NASA-მ სპეციალურად მზის შესასწავლად შექმნა. ის არა მხოლოდ ისტორიაში ყველაზე სწრაფი კოსმოსური ხომალდია, არამედ პირველი, რომელსაც მზესთან მიახლოება ზედაპირიდან 6,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე შეუძლია და თანაც ისე, რომ არაფერი მოუვიდეს.
„თავიდანვე ვიცოდით, რომ პარკერის მზის ზონდი კორონული მასის ამოფრქვევებში გაიფრენდა. შესაბამისად, NASA-მ ის ისე ააგო, რომ მზის სიახლოვეს არსებული მაღალი ტემპერატურისთვის გაეძლო“, – ამბობს მისიის სისტემების ინჟინერი ჯიმ კინინსონი.
კოსმოსური ხომალდი აღჭურვილია სიცხისგან დამცავი ფარით და ავტონომიური სისტემით, რომელიც მის მოწყობილობებს მზის რადიაციისგან იცავს.
ამ ამოფრქვევის დროს მკვლევრები ასევე სწავლობდნენ, როგორ ზემოქმედებს მზის შტორმი პლანეტათაშორის მტვერზე. მათ იმედი აქვთ, რომ ამ ურთიერთქმედების დადგენა მომავალში კოსმოსური ამინდის უკეთესად პროგნოზირებაში დაეხმარებათ.
პარკერის ზონდმა მეცნიერებს უკვე მიაწოდა უმნიშვნელოვანესი ცნობები მზის სხვა ფენომენთა შესახებაც, მათ შორის, მზის ქარების წყაროს თაობაზე.
კომენტარები