მიგრაციაქართველები უცხოეთში

„ბევრი ქართველი შემოდის გასაბერი ნავებით, მათ შორის, ორსული ქალები, პატარა ბავშვებით, მიკვირს, როგორ რისკავენ…“ – ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ადვოკატი

რას ამბობს ნინი სორჩე ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამგზავრო სატრანზიტო ვიზის შემოღებასთან დაკავშირებით

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, 8 სექტემბერს 2014 წლის საიმიგრაციო, სამგზავრო ტრანზიტის ვიზის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა და საქართველო დაემატა იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყანაში შესვლისას სატრანზიტო ვიზა სჭირდებათ. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთში ნორმატიული აქტი ძალაში შედის პარლამენტისთვის წარდგენიდან არა უადრეს 21 დღისა, თუმცა აღნიშნული ბრძანება გამონაკლისი აღმოჩნდა და ის პარლამენტისთვის წარდგენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ შევიდა ძალაში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველ ადვოკატს ნინი სორჩეს, რომელსაც მუდმივად უწევს ამ ქვეყანაში არალეგალურად შესული თანამემამულეების დახმარება კანონიერი გზით, შესაძლებლობის ფარგლებში. მისი თქმით, ის უფრო უკვირს, აქამდე რომ არ მიიღეს ეს ცვლილება, რადგანაც 2018 წლის შემდეგ ძალიან გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სატრანზიტო რეისებით შედიან ბრიტანეთში ვიზის გარეშე, მაგრამ ლონდონის გავლით გზის გაგრძელების ნაცვლად, რჩებიან ქვეყანაში და თავშესაფარს ითხოვენ.

ნინი სორჩე

ნინი სორჩე: სატრანზიტო ვიზა ისედაც იყო საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ მგზავრი ერთი აეროპორტიდან მეორეში გადადიოდა და იქიდან აგრძელებდა ფრენას, ან იმავე აეროპორტში იცვლიდა თვითმფრინავს, მაგრამ არ ჰქონდა ე. წ. connecting fly-ს ბილეთი. მაგალითად, ვთქვათ, საქართველოდან ისლანდიაში მიდის ადამიანი ლონდონის გავლით და ერთ ბილეთს ყიდულობს – გადაჯდომით ბილეთს, როდესაც  „ჩექაუთს“ (Check out – ინგ. „გამოსვლა“) არ აკეთებს, ბარგი არ გამოაქვს, თავადვე გადააქვთ პირდაპირ მეორე თვითმფრინავში. იცვლის „გეიტს“ (gate – ინგ. გასასვლელი) და სხვა თვითმფრინავში ჯდება. ასეთ შემთხვევაში არ სჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეს სატრანზიტო ვიზა, იმიტომ რომ არ გამოდიოდა გასაფრენი ზონიდან და კონტროლის გავლა არ უწევდა ლონდონის აეროპორტში. უბრალოდ, აეროპორტშივე ერთი თვითმფრინავიდან მეორეში უნდა გადამჯდარიყო. მაგრამ თუ ე. წ. „ქონექტინგ ფლაის“ ბილეთი არ ჰქონდა, უნდა გამოსულიყო, ბარგი აეღო, კონტროლი გაევლო და თავიდან ჩაებარებინა ბარგი, ანუ ცალ-ცალკე ბილეთს თუ ყიდულობდა, ასეთ შემთხვევაში სატრანზიტო ვიზა აქამდეც საჭირო იყო.

2018 წლიდან ძალიან ბევრმა ქართველმა დაიწყო შემოსვლა ბრიტანეთში სატრანზიტო მარშრუტით ლონდონის გავლით, როდესაც სატრანზიტო ვიზა არ სჭირდებოდათ. მაგრამ, აი, რა ხდება: ჩამოდიან ლონდონში და აღარ აგრძელებენ გზას, რჩებიან ქვეყანაში და ითხოვენ თავშესაფარს. ბრიტანეთმა ბოლო წლებში ევროპის ყველა ქვეყანა გააფრთხილა სიტყვიერად, რომ საქართველოს მოქალაქეები არ აეშვათ ასეთ რეისებზე გადაჯდომითი ფრენისთვის, დავუშვათ, ასეთი რეისით – პარიზი-რეიკიავიკი, ან პარიზი-ოსლო, ლონდონის გავლით, მაგრამ ზოგიერთი აეროპორტიდან მაინც იპარებოდნენ.

ახლა ოფიციალურად ამიტომ მიიღეს კანონი და ასეთ გადაჯდომით რეისებზეც ითხოვენ სატრანზიტო ვიზას  და თუ სატრანზიტო ვიზა არ ექნება საქართველოს მოქალაქეს, თავიდანვე აღარ აუშვებენ თვითმფრინავში.

სატრანზიტო ვიზის აღების პროცედურა როგორია?

ადრე სატრანზიტო ვიზის აღება არ იყო ძნელი, არც ძვირი ღირდა, მაგრამ ახლა ალბათ გაართულებენ – გარკვეული კრიტერიუმები იქნება, ვის მისცემენ და ვის არა, იმიტომ რომ 2018 წლის შემდეგ უამრავი ქართველი შემოვიდა არალეგალურად ბრიტანეთში და დარჩა…

მახსოვს, 2019 წელი იყო, ლონდონში, საიმიგრაციოში ერთ-ერთი კლიენტის საბუთები მივიტანე…  დაახლოებით 20 წუთი დავყავი და ჩემს იქ ყოფნაში 5 ქართველი მოვიდა, ყველა ამ გადაჯდომითი ფრენით შემოსული და დარჩენილი, თავშესაფარს რომ ითხოვდნენ…. ოფიცერი ლამის მეჩხუბა, რა ხდება შენს ქვეყანაში, გამაგებინეო! აბა, რა ვიცი, რა ხდება-მეთქი… მერე დახმარება მთხოვეს თარგმნაში და რაღაცები მათარგმნინეს ახალჩამოსული ქართველებისთვის. იმის შემდეგ კიდევ რამდენი ადამიანი შემოვიდა. კიდევაც მიკვირს, ამდენ ხანს რომ არ მიიღეს გადაჯდომით ფრენებზე სატრანზიტო ვიზის შემოღების გადაწყვეტილება. ამდენი არალეგალურად შემომსვლელის გამო, ადრე თუ გვიან, ეს მოსალოდნელი იყო.

ოფიციალური მონაცემებით, რამდენი ქართველი ითხოვს თავშესაფარს ამჟამად დიდ ბრიტანეთში?

სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრია…

ძირითადად, უფრო ახალგაზრდები, ხომ?

ძირითადად, ახალგაზრდები და მამაკაცები, მაგრამ გახშირდა ქალების შემოსვლაც. ქართველები ოჯახებით შემოდიან გასაბერი ნავებით ლა მანშის სრუტის გავლით, მათ შორის, ორსული ქალები, პატარა ბავშვებით… ძალიან მიკვირს, როგორ რისკავენ გასაბერი ნავებით პატარა ბავშვებთან ერთად წამოსვლას?!

ორსული ქალები რატომ შემოდიან, ბრიტანეთში დაბადებული ემიგრანტი ბავშვი ავტომატურად ხომ არ იღებს მოქალაქეობას?

არა, უბრალოდ, ორსულს, თან ბავშვ(ებ)იც თუ ახლავს, აძლევენ თავშესაფარს, სადაც იცხოვრებენ. დღევანდელი კანონმდებლობით, თუ ბავშვი არალეგალი მშობლებისგან დაიბადა და 7 წელი იცხოვრა გაუსვლელად ქვეყნიდან, მას აღარ აბრუნებენ თავისი წარმოშობის ქვეყანაში, რადგან მიაჩნიათ, რომ  ადაპტირებულია იმ გარემოში და იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადა. ასე რომ, 7 წლის შემდეგ საბუთს აძლევენ ბავშვს და, შესაბამისად, მშობლებსაც. ამისთვის საჭიროა, 7 წელი იცხოვროს ბავშვმა გაუსვლელად, მნიშვნელობა არ აქვს, ბრიტანეთში დაიბადა თუ არასრულწლოვანი ჩავიდა. ხოლო თუ სრულწლოვანი ადამიანი ჩავიდა ბრიტანეთში არალეგალურად, 20 წელი უნდა იცხოვროს გაუსვლელად, რომ საბუთი მიიღოს. თავიდან იღებს დროებით საბუთს, 10-წლიანს (2,5-წლიანს აძლევენ და უგრძელებენ ვადას).

როგორ ფიქრობთ, რატომ მოიმატა ასე საქართველოდან ემიგრანტების ნაკადმა ბრიტანეთში ბოლო დროს?

იმიტომ, რომ ევროპა აღარ იღებს ჩვენი ქვეყნიდან მიგრანტებს: გერმანია უკან აბრუნებს, საფრანგეთი უკან აბრუნებს, რეადმისიის კანონი მუშაობს. ჩვენთანაც მოეწერა რეადმისიის ხელშეკრულებას ხელი წელს, თუმცა ასე მასობრივად ქართველების დეპორტაცია ჯერჯერობით არ მომხდარა რეადმისიის კანონის ფარგლებში. ადრე თუ გვიან თავშესაფარზე უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეებს, უბრალოდ, დროში ყოვნდება საქმეების განხილვა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის. არალეგალური მიგრანტებისთვის ხელსაყრელია, რაც უფრო დაყოვნდება მათი საკითხის გადაწყვეტა და მერე კიდევ სათითაოდ ვინ დაუწყებს დევნას?! ახლა ყველა, ვინც არალეგალურადაა შემოსული, რომ გავაძევოთ ქვეყნიდან, 20 წელი დაგვჭირდებაო, ამბობენ და დეპორტაციისთვის თანხებიც ხომ არის საჭირო.

სამუშაოს პოულობენ ალბათ, თორემ ხომ ვერ გაჩერდებოდნენ?

კი, მუშაობენ, ქალები დალაგებებზე – კერძოდ, კაცები – მშენებლობებზე. ბავშვით რომ ხარ, ბინას გაძლევენ, ქუჩაში არ გტოვებენ. ზოგს უჭირს, ვერ უძლებს და უკან ბრუნდება, ზოგი რჩება უკეთესი მომავლის იმედით…

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close