კრიმინალისაბერძნეთი

ათენის მახლობლად ავტომანქანაში ექვსი ადამიანი ჩაცხრილეს

ათენის მახლობლად, არტემიდაში (ლუტცა) ორშაბათს, 11 სექტემბერს, დღისით სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ყველა გარდაცვლილი მამაკაცია. 4 ცხედარი ავტომობილში აღმოაჩინეს, 2 კი – მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დანაშაულის ადგილას ნაპოვნია 60 მასრა. სამართალდამცველთა წინასწარი ცნობით, მინიმუმ 2 თავდამსხმელი 9 მმ კალიბრის  2 ან 3 იარაღიდან ისროდა. თვითმხილველთა თქმით, განუწყვეტელი სროლა თითქმის 45 წამს გაგრძელდა.

მედია იუწყება, რომ ეს არის საბერძნეთში ყველაზე მასობრივი მკვლელობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

პოლიციის ცნობით, დაზარალებულთა ძველ ავტომობილს ყალბი გერმანული სარეგისტრაციო ნომრები აქვს. მოქალაქეთა ჩვენებების თანახმად, თავდასხმამდე ამ ადგილას მოტოციკლი და იმავე ტიპის შავი ავტომობილი შეამჩნიეს, ასევე გერმანული სანომრე ნიშნებით. პოლიცია მათ იდენტიფიცირებას ცდილობს.

სამართალდამცველთა ცნობით, 4 ადამიანი მაშინვე დაიღუპა. რაც შეეხება 2 მამაკაცს, რომელთა ცხედრებიც ავტომანქანიდან ცოტა მოშორებით იპოვეს, ვარაუდობენ, რომ ერთი მძღოლი იყო, მეორე კი უკანა სავარძელზე იჯდა და ისინი თავის გადარჩენას გაქცევით შეეცადნენ. აგრეთვე, არსებობს ნაკლებად სავარაუდო ვერსია, რომ ერთ-ერთი დაღუპული, რომელიც ავტომობილის გარეთ იპოვეს, თავდასხმის ობიექტთა მანქანაში თავიდანვე არ იმყოფებოდა, თუმცა ΕΛΑΣ-ის ოფიცრები ამბობენ, რომ ასეთი სცენარის ალბათობა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია.

წინასწარი ვერსიით, მომხდარს პოლიცია ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას უკავშირებს

დაღუპულები არიან თურქები ფრანგული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, ერთ მათგანს კი თურქული პასპორტი ჰქონდა, თუმცა პოლიცია მიიჩნევს, რომ მათი საბუთებიც ყალბია.

დაწყებულია გამოძიება. უფრო მეტ სინათლეს დანაშაულს კრიმინალისტების მიერ აღებული მასალის ბაზაში არსებულ თითების ანაბეჭდებთან შედარება და ექსპერტიზის პასუხები მოჰფენს.

მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს, დაახლოებით 10-ის ნახევარზე ათენის ელეფთერიოს ვენიზელოსის აეროპორტში დააკავეს მიტილინის მცხოვრები 32 წლის თურქი მამაკაცი, რომელიც მიტილინიში მიფრინავდა. მის ბარგში, ქაღალდის პაკეტში 4 ცალი 9 მმ კალიბრის პატრონა იპოვეს. დაკავებულს ორი ყალბი პორტუგალიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა. მიმდინარეობს გამოძიება არტემიდაში მომხდარ სისხლიან ეპიზოდთან მის კავშირზე.

მოგვიანებით თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არტემიდაში მოკლული 6 ადამიანი თურქული მაფიის მეთაურის, ბარის ბოიუნუს უახლოესი თანამზრახველები იყვნენ. მათივე ინფორმაციით, ბარის ნოიუნი თურქეთში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმების სერიაში იყო გარეული და ამ დროისთვის იტალიაში ცხოვრობს, როგორც დევნილი.

მოცემული ვერსია არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეების ლიკვიდაცია თურქულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს, ამასთან, ისმის კითხვა, როგორ გამოეპარა საბერძნეთის ეროვნულ დაზვერვას ქვეყნის ტერიტორიაზე თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ქილერების შესვლა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close