სპორტი

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ლუჩანო სპალეტი დაიკავებს

„ნაპოლის“ მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი 2,6-მილიონიან კომპენსაციას ითხოვს

იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება და ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იქნება.

იტალიის ნაკრებთან სპალეტის კავშირის გამო „ნაპოლის“ მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი კომპენსაციის სახით 2,6 მლნ ევროს ითხოვს. მას მიაჩნია, სპალეტი და ფეხბურთის ფედერაცია შეთანხმებას არღვევენ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დე ლაურენტისის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებს – არგუმენტი მარტივია: ნაკრები „ნაპოლის“ კონკურენტი არ არის, ამიტომ ფედერაცია ერთი ცენტის გადახდასაც არ აპირებს. თავის მხრივ, არც ლაურენტისი ფიქრობს უკან დახევაზე, ამიტომ გამოცემა წერს, რომ მწვავე დაპირისპირება იქნება.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გაბრიელე გრავინას გადაწყვეტილება, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იქნება, ურყევია და „ნაპოლის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 19 აგვისტოს გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოაგებინა „სკუდეტო“ (იტალიის ჩემპიონის ტიტული), სეზონის დასრულების შემდეგ კი გუნდი დატოვა.

ლუჩანო სპალეტი იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინის შეცვლის. რობერტო მანჩინი იტალიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2018 წლის 14 მაისიდან 2023 წლის 13 აგვისტომდე ხელმძღვანელობდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close