სპორტი

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

ჩვენი გუნდი ევროპის უძლიერეს ნაკრებებთან ერთად კონტინენტის პირველობაზე მომავალ წელს ითამაშებს

საქართველოს 16-წლამდეკალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლევან ტყეშელაშვილის გუნდმა მასპინძელი – რუმინეთი 70:68 დაამარცხა და A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

ტურნირზე ელიტური დივიზიონის საგზური სამმა საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრებმა მიიღო: ფინალისტებმა – ბულგარეთმა და ხორვატიამ, ასევე, საქართველომ, როგორც მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა.

ბრინჯაოს მედლებისთვის გამართული შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა. პირველ ტაიმში მეტოქეები ერთმანეთს ზუსტი ტყორცნებით პასუხობდნენ და პირველი ნახევარი რუმინელებმა მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით მოიგეს.

გადამწყვეტი უპირატესობა ტყეშელაშვილის გუნდმა მესამე მეოთხედში მოიპოვა და გადამწყვეტ ათ წუთს 8-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. რუმინელებმა მატჩის უკანასკნელ წუთებზე საქართველოსთან მიახლოება მოახერხეს, დასრულებამდე 25 წამით ადრე მათ სამქულიანით ანგარიშიც გაათანაბრეს. მომდევნო შეტევაში მათე ხატიაშვილმა ორი საჯარიმო ტყორცნის უფლება მოიპოვა, ორივე ჩააგდო და საქართველო 70:68 დააწინაურა, რაც მატჩის საბოლოო შედეგიც აღმოჩნდა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მათე ხატიაშვილი იყო 23 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით. 18 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა ტურნირის უძვირფასესი მოთამაშეობის ერთ-ერთ კანდიდატს, ავთანდილ ბახტაძეს, ხოლო 11 ქულა გიორგი ჭრიკაძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონის 2023 წლის გათამაშებაში ხუთი მატჩი მოიგო და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ჩვენი გუნდი ევროპის უძლიერეს ნაკრებებთან ერთად კონტინენტის პირველობაზე მომავალ წელს ითამაშებს.

1tv.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close