მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება – იგი აგვისტოში ბუენოს-აირესში, კოლონის თეატრში ვერდის „ტრუბადურში“ ბოშა ქალის, აზუჩენას პარტიას შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი OperaWire ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქში თავად წერს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა. იგი მადლობას უხდის ექიმებს, თავის ოჯახს, მეუღლეს, მეგობრებს, კოლეგებს და ამბობს, რომ სცენას უახლოეს მომავალში დაუბრუნდება:
„უძვირფასესო მეგობრებო! დიდი ხანი გავიდა ჩემი ბოლო პოსტიდან ან უშუალოდ ჩემ მიერ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებიდან!
ძალიან ცუდად ვიყავი. ძალიან, ძალიან მძიმე ორი წელი მქონდა!
ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა, ვცდილობდი, ვყოფილიყავი ძლიერი და ვაგრძელებდი ჩემი ოჯახის, ჩვენი პატარა ანგელოზის, ოპერისა და იმ საქმის გამო, რომლის კეთებაც მიყვარს.
ძალიან ვცდილობდი, მაგრამ თქვენც იცით, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ვერ ვაიძულებთ! ვაგრძელებდი, სანამ შევძელი, მაგრამ მცირე წარმატებით და დიდი ტანჯვის ფასად!
ივნისის დასაწყისში მომიწია შევჩერებულიყავი და საკუთარი თავისთვის მიმეხედა! ძალიან ვწუხვარ ურთულესი გადაწყვეტილება იყო!
თავს უკეთ ვგრძნობ, საუკეთესო ექიმების გუნდმა მიმკურნალა და ძალიან მალე დავბრუნდები!
როგორც კი შევძლებ, მაშინვე გიამბობთ ჩემს ისტორიას და ჩვენ ბევრს ვილაპარაკებთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქალს შეიძლება გაუჩნდეს თავისი საქმის კეთებისას!
იმავდროულად, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს არაჩვეულებრივ ქმარს, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა. ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომლებიც ჩემ გვერდით იყვნენ, ყველა თეატრს, კასტინგის დირექტორებს და თეატრების ადმინისტრატორებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს ძალიან რთულ პერიოდში და, რაც მთავარია, დიდი მადლობა ჩემს საოცარ მენეჯერს, ალან გრინს, ის ჩემ გვერდით იყო ყოველ წამს ყოველი სირთულის წინააღმდეგ, რომელსაც შევეჯახე!“
ჯერ კიდევ გასული წლის 17 დეკემბერს, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ანიტამ 13 დეკემბერს ვერდის „აიდაში“ იმღერა, გავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო „აიდაში“ ამნერისის პარტიას ანიტა რაჭველიშვილის ნაცვლად საშემოდგომო სეზონის ყველა დარჩენილ სპექტაკლში ოლესია პეტროვა შეასრულებდა. ეს მეორე შემთხვევა იყო გასული წლის სეზონზე, მანამდე ანიტამ გააუქმა თავისი გამოსვლა „დონ კარლოსში“ „მეტროპოლიტენ ოპერაში“, რის შესახებაც ინფორმაცია 5 ოქტომბერს გავრცელდა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ანიტა რაჭველიშვილმა დაგეგმილი ბოლო რამდენიმე წარმოდგენაც გააუქმა – ახლახან ბავარიის სახელმწიფო ოპერაში (გერმანია), 6 ივლისს არენა დი ვერონაზე (იტალია) და ექს-ან-პროვანსის (საფრანგეთი) ტრადიციულ ყოველწლიურ ფესტივალზე (4-24 ივლისი), თუმცა ქართველი მეცო-სოპრანოს სახელი ისევ არის აგვისტოში ბუენოს-აირესში (არგენტინა) კოლონის თეატრში დაგეგმილ „ტრუბადურის“ შემსრულებელთა სიაში (la gran mezzosoprano Anita Rachvelishvili como Azucena).
ნუცა ყაველაშვილი
მსგავს თემაზე: ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა
კომენტარები