საზოგადოებასაქართველო

რატომ ვერ იქონიებს გავლენას უკრაინაში კახოვკის კაშხლის აფეთქება საქართველოს შავი ზღვის წყლის ხარისხზე – მოკლედ და გასაგებად

უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად წყლის მძლავრმა ნაკადმა შავ ზღვაში 20 ათასზე მეტი მკვდარი ცხოველი, 150 ტონა ზეთი, საწვავი, პესტიციდები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები ჩაიტანა.

რა გავლენა ექნება ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქებას საქართველოს ზღვის სანაპიროებსა და ეკოსისტემაზე? – ამ კითხვაზე ბევრი პასუხი და ვარაუდი მოვისმინეთ, ოპტიმისტურიც და პესიმისტურიც, მაგრამ დასაბუთებული არგუმენტები არც ისე ბევრია, ამიტომ კვლავ აქტუალურია კითხვა: დავისვენო წელს შავ ზღვაზე თუ არა?

უკრაინაში კახოვკის კაშხლის აფეთქება გავლენას ვერ იქონიებს საქართველოს შავი ზღვის წყლის ხარისხზე! – დარწმუნებულია იუნესკოს ოკეანოგრაფიის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი გია გაჩეჩილაძე და პუნქტობრივად ასაბუთებს თავის მოსაზრებას.

„უკრაინაში კახოვსკის კაშხალის აფეთქება გავლენას ვერ იქონიებს საქართველოს შავი ზღვის წყლის ხარისხზე!

• კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ მდ. დნეპრის მიერ შავ ზღავში ჩატანილი ნივთიერებები საქართველოში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ შავ ზღვაში არსებული დინებებით, რაც ნაკლებად სავარაუდოა:
• შავ ზღვაში ნივთიერებების გადატანა, ძირითადად, საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრავი დინებების საშუალებით ხდება. მდ. დნეპრის შესართავიდან საქართველომდე სანაპირო ზოლის სიგრძე 2100 კილომეტრამდეა. ზღვის მთავარმა დინებამ ჯერ უნდა გაიაროს რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის წყლები და მერე შემოვიდეს საქართველოში.
• შავი ზღვის დინებები სუსტია, ძირითადი დინების საშუალო სიჩქარე 0,4 მეტრია წამში (1,4 კმ/სთ), ანუ კახოვკის დაბინძურებულმა წყალმა საქართველომდე რომ მოაღწიოს, მინიმუმ 2 თვე მაინც დაჭირდება! თუმცა ეს საქართველოს სანაპირო ზოლს მაინც ვერ შეეხება, რადგან ნაკადი მოძრაობს სანაპიროდან 3-7 კილომეტრის დაშორებით! რაც შეეხება უშუალოდ სანაპირო ზოლს, აქ დინების სიჩქარე კიდევ უფრო დაბალია, დაახლოებით 0,1-0,2 მეტრი წამში (0,6 კილომეტრი საათში) და დაბინძურებული წყლის აქამდე მოღწევას მინიმუმ 6 თვე მაინც მოუნდება!
• ამასთან ერთად, დამაბინძურებელი ნივთიერებების უმეტესი ნაწილი უკრაინის სანაპირო რაიონებში ფსკერზე დაილექა. დარჩენილი ნაწილის ზღვაში მიმდინარე თვითგაწმენდის ქიმიური და ბიოლოგიური პროცესებისა და ზღვის სუფთა წყალთან ინტენსიური შერევით დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად შემცირდება (დინების სიგანე ზღვაში 40-60 კილომეტრია).
• ასე რომ, კახოვკის წყლებმა რამდენიმე თვეშიც რომ მოაღწიოს საქართველომდე, მათი შემადგენლობა, პრაქტიკულად, უსაფრთხო იქნება და სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იმოძრავებს!
• რაც შეეხება ზღვის ღელვის დროს ტალღებით სანაპირო ზოლზე დამაბინძურებელი ნივთიერებების შემოტანას, ესეც ნაკლებად სავარაუდოა, განსაკუთრებით საკურორტო სეზონში, რადგან ღელვის ინტენსივობა მაქსიმუმს გვიან შემოდგომასა და ზამთარში აღწევს!

აქედან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი საქართველოს ზღვის სანაპიროს კახოვკის კაშხლის აფეთქებით წყლებით დაბინძურებისა და შეგიძლიათ უპრობლემოდ დაისვენოთ!“ – წერს გია გაჩეჩილაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close