საზოგადოებასაქართველო

„ბოინგის“ პილოტი ქალი თუშეთიდან: „ფრენა დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული“

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მცხოვრები მაგდა ქააძე ერთ-ერთი ახალგაზრდაა, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ახლა უკვე მფრინავია.

მაგდა დღეს უკვე ერთ-ერთი პირველი პილოტი ქალია საქართველოში, რომელიც „ბოინგ 737“-ს მართავს.
იგი ამბობს, რომ აღნიშნულ პროფესიაზე არ უოცნებია და არც ფიქრობდა, რომ ამ მიმართულებით დაიწყებდა საქმიანობას, თუმცა როცა პროფესიის არჩევაზე დაფიქრდა, გადაწყვიტა პილოტი გამხდარიყო ბევრი სწავლით და დაუღალავი შრომით მიზანს მიაღწია და ახლა ერთ-ერთი ახალგაზრდა პილოტია, რომელიც „ბოინგს“ მართავს და სხვადასხვა მიმართულებით რეისებს ასრულებს.

როგორც ახალგაზრდა ქალი ამბობს, პილოტისთვის მთავარი საქმეზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობა და ბევრი სწავლაა. მაგდა განმარტავს, რომ საავიაციო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად პრაქტიკას თელავის აეროდრომ „მიმინოზე“ გადიოდა, რაც, როგორც თავად ამბობს, პირველი და დიდი გამოცდილება იყო მისთვის.

„რომ გითხრათ, ამ პროფესიაზე ბავშვობიდან ვვოცნებობდი-მეთქი, მოგატყუებთ. ამ საკითხზე არც მიფიქრია. როცა დავინტერესდი ავიაციით, პირველად ჩავაბარე ეროვნული გამოცდები საავიაციო უნივერსიტეტში სასწავლებლად. ჩავირიცხე და დავიწყე თეორიული და პრაქტიკული სწავლება. თეორიული სწავლება მიმდინარეობდა თბილისში, უნივერსიტეტში, პრაქტიკული სწავლება კი მიმდინარეობდა თელავში, აეროდრომ „მიმინოში“. დღესაც პრაქტიკულ სწავლებას მანდ გადიან სტუდენტები.

როცა სწავლა დავამთავრე, დავიწყე ერთ-ერთ ავიაკომპანიაში მუშაობა სხვადახვა პოზიციაზე. უნივერსიტეტი კი აძლევს განათლებას სტუდენტს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როცა დიდ ავიაციაში გადადიხარ, იქ უდა გაიარო სწავლება კონკრეტულად იმ ტიპის თვითმფრინავზე, რომელთანაც უნდა გვქონდეს შეხება. მაგალითად „ბოინგ 737“-ზე, რომელზედაც დღეს მაქვს შეხება. შემდეგ ავიაკომპანიის დაფინანსებით გადამზადების კურსებზე გამიშვეს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიყავი იორდანიაში თვე-ნახევარი და იქაც გავიარეთ თეორიული კურსი, სადაც ვსწავლობდით თვითმფრინავის სისტემის შესახებ ყველაფერს. ასევე გავიარეთ პრაქტიკული სწავლება, რომლის ფარგლებშიც გვქონდა ე.წ. ტრენაჟორი, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს თვითმფრინავის კაბინის მონაცემებს და ამის დახმარებით შესაძლებელია ვისწავლოთ ისეთი არასტანდარტული რაღაცები, როგორიც არის ქარში თვითმფრინავის დაჯდომა, ძრავის გამორთვა და სხვა.

როდესაც სწავლებას მოვრჩით, მერე მოგვიწია ინსტრუქტორთან ერთად სწავლების ჩატარება და ფრენა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი გამოცდილება გვემართა თვითმფრინავი, ინსტრუქტორთან ერთად ვასრულებდით ფრენებს. მერე როცა ეს საკითხებიც შევისწავლეთ და დარწმუნდა ინსტრუქტორიც, რომ მზად ვიყავით იმისთვს რომ დამოუკიდებლად გვემუშავა, დავიწყეთ მუშაობა“, – უთხრა knews.ge-ს მაგდა ქააძემ.

მისივე თქმით, სწავლასთან ერთად, მუშაობა 2018 წელს „ჯორჯიან ეარვეისში“ დაიწყო.

„განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც საკმაოდ რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა, რასაკვირველია, როდესაც ხარ მფრინავი – ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მიმაჩნია, რომ მთავარია პროფესიონალიზმი და არა – სქესი, ჩემი თანამშრომლებიც ასე ფიქრობენ“, –  გვითხრა მაგდა ქააძემ.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ამ დროისთვის „ბოინგ 737“- ის პილოტია და მთავარ პილოტთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით რეისებს ასრულებს: „როდესაც თვითმფრინავის კაბინაში შევდივარ, ვამოწმებ, ხომ ყველაფერი წესრიგშია, რომ რამე არ იყოს გამორჩენილი. მერე გადავდივარ სისტემების მართვის პანელზე და სისტემების გამართულად მუშაობას ვამოწმებ. ყველა დეტალის შემოწმების შემდეგ საჭეს ასწორებს. რეისებზე ახლა ორი დავფრინავთ – მე და მთავარი მფრინავი. ჩემი პოზიციაა მეორე მფრინავი. ეს არის სერიოზული სფერო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი ნორმებით ვხელმძღვანელობთ. ყველა ვალდებულია, მიჰყვეს ამ ინსტრუქციებს. გარდა ამისა, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ ამას მიჰყვე.

ეს არის საპასუხისმგებლო საქმიანობა, პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე გვაბარია და შემდეგ ისეთ სფეროს ვართ შეჭიდებული, თუ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს ადამიანი, ამ პოზიციაზე არც უნდა იყოს. სირთულეს რაც შეეხება, ძალიან რთულია ის, რომ ძალიან დიდი მასალაა სასწავლი და, ძირითადად, ეს მასალა ინგლისურ ენაზეა. ავიაციაა ის სფერო, რომელიც ყოველდღე ვითარდება და აუცილებელია, რომ მიჰყვე და არ ჩამორჩე..

რაც შეეხება ფრენებს, გაწერილი არ გვაქვს, ვინ როდის და სად უნდა წავიდეთ. დაგეგმარების სამსახური აქვს ავიაკომპანიას და ის ანაწილებს ეკიპაჟებს ისე, რომ სამუშაო საათები იყოს სწორად გადანაწილებული. არ უნდა მოხდეს სამუშაო საათების გადაჭარბება. ადამიანს, რომელსაც პილოტის პროფესიით უნდა მუშაობა, უნდა უყვარდეს თავისი საქმე და ჰქონდეს პასუხისმგებლობა. ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, რომ აქამდე მოხვიდე“. 

knews.ge

ამავე თემაზე: ქართველი ქალი, რომელიც „ბოინგს“ მართავს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close