ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „დაისი“ იტალიაში პირველად დაიდგა იტალიურ ენაზე.
21 ივნისს, მუსიკის მსოფლიო დღეს, სიცილიის ქალაქ კატანიაში მასიმო ბელინის საოპერო თეატრის დასმა – იტალიელმა სოლისტებმა, ორკესტრმა და გუნდმა – ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „დაისი“ იტალიურ ენაზე პირველად შეასრულა.
დასის იტალიელ წევრებთან ერთად ერთად სპექტაკლში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, ქართველი ბანი გიორგი ანდღულაძე და ქართველი მოცეკვავეები.
დადგმაზე ერთობლივად მუშაობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტისა და მასიმო ბელინის თეატრები. შემოქმედებით გუნდს სათავეში ედგნენ ქართველი ხელოვანები: თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი (იგი პრემიერაზე ორკესტრს ხელმძღვანელობდა), დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე, სცენოგრაფი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, რომელმაც სცენოგრაფიაზე, განათებასა და კოსტიუმებზე იმუშავა. განათების დიზაინის ავტორია დავით მაჭავარიანი.
21 ივნისის პრემიერის შემდეგ „დაისი“ მასიმო ბელინის საოპერო თეატრის მუდმივ რეპერტუარში შევიდა.
პრემიერის ვიდეოჩანაწერს საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის სამმოქმედებიანი ოპერა „დაისი“ ასი წლისაა – მისი პრემიერა 1923 წლის 23 დეკემბერს გაიმართა თბილისში. „დაისში“ მალხაზის როლს ლეგენდარული ტენორი ვანო სარაჯიშვილი ასრულებდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები