სპორტი

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიასთან პირველ შეხვედრაში დამარცხდა

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მესამე ტურის შეხვედრა გლაზგოში ჯგუფის ლიდერ შოტლანდიასთან გამართა და დამარცხდა ანგარიშით 0:2.

თამაში მძიმე პირობებში დაიწყო – კოკისპირული წვიმის გამო მოედანზე წყალი დადგა და ბურთის გაგორება შეუძლებელი გახდა. მე-6 წუთზე შოტლანდიელებმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გახსნეს – გოლი კალუმ მაკგრეგორმა გაიტანა.

ამის შემდეგ უნგრელმა არბიტრმა იშტვან ვადმა თამაში 20 წუთით შეაჩერა, მაგრამ პაუზა წვიმის გამო საათ-ნახევარს გაგრძელდა და მატჩი საბოლოოდ საქართველოს დროით 00:34 წუთზე განახლდა.

პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარი შოტლანდიელებმა კარგად დაიწყეს და მეორე გოლიც სწრაფად გაიტანეს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ ძლიერი დარტყმით აიღო საქართველოს ნაკრების კარი.

მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე საქართველოს ნაკრებს ანგარიშის შემცირების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც შოტლანდიელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ კარს ააცილა და სხვაობის შემცირება ვერ შეძლო.

შოტლანდიელებმა შესარჩევ ჯგუფში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს, საქართველოს ნაკრებმა კი პირველი შეხვედრა წააგო, თუმცა 3 შეხვედრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მაინც მეორე ადგილზეა 4 ქულით. ნორვეგიამ ამჯერად მოიგო და 4 ქულით, 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს შემდეგ მესამე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას განმეორებით შეხვედრაში 19 ნოემბერს შეხვდება. მომდევნო მატჩში კი 8 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს – ეს ესპანეთთან ჩვენი ნაკრების პირველი მატჩი იქნება ევრო 24-ის შესარჩევ ეტაპზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close