Extraction 2 – როგორ აღმოჩნდა თხუთმეტამდე ქართველი ამერიკულ ფილმში?
ფილმში ხშირად ისმის ქართული საუბარი, ხანდახან თავად კრის ჰემსვორტიც ქართულად ლაპარაკობს
Extraction 2 („გამოხსნა 2“) – ამერიკელი რეჟისორის, სემ ჰარგრეივის ფილმი, რომელშიც თხუთმეტამდე ქართველი მონაწილეობს, ეკრანებზე 16 ივნისს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს, კრის ჰემსვორტთან ერთად, თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, თორნიკე ბზიავა, ლევან საგინაშვილი და ანდრო ჯაფარიძე ასრულებენ.
Extraction 2 ამერიკული ტრილერია. სცენარის მიხედვით, მთავარი გმირი ტაილერი, რომლის როლსაც კრის ჰემსვორტი ასრულებს, ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას ებრძვის – ქეთო და მისი ორი შვილი დესპოტი ქმრისგან უნდა დაიხსნას. ტაილერის ყოფილი ცოლი ქართველია, ქეთო კი მისი ცოლის დაა. ფილმი ჩეხეთსა და ავსტრიაშია გადაღებული, გარდა ერთი კადრისა, სადაც სვანური კოშკები მოჩანს. ფილმში ხშირად ისმის ქართული საუბარი, ხანდახან თავად ჰემსვორტიც ქართულად ლაპარაკობს.
კრიმს ჰემსვორტს მაყურებელი ყველაზე მეტად იცნობს ფილმიდან „თორი“, სადაც ის მთავარ როლს ასრულებს. ქართველი მაყურებლისთვის ნაცნობი სახეა თინათინ დალაქიშვილიც, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებში“ და „მძევლებში“ თამაშობდა. Extraction 2-ში მას ქეთოს როლი ერგო.
თორნიკე გოგრიჭიანი ფილმში მთავარი ბოროტმოქმედის – დავით რადიანის როლს თამაშობს. ქართველმა მაყურებელმა ის სერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან“ დაიმახსოვრა.
საქართველოს კინოცენტრის კინოკომისიონერი დავით ვაშაძე ჰყვება, თუ როგორ აღმოჩნდნენ ქართველი მსახიობები ჰოლივუდურ ფილმში. პროექტი დაახლოებით ორი წლის წინათ, გაგანია პანდემიის დროს დაიწყო. ჯო და ენტონი რუსოებს – ისინი ფილმის პროდიუსერები და სცენარისტები არიან – დაწერილი ჰქონდათ სცენარი, რომლის მიხედვითაც ამბავი საქართველოში ხდებოდა.
„შემეხმიანა სარა ფინის სააგენტო, ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია კასტინგის სფეროში. მითხრეს, ქართველი პერსონაჟებისთვის მსახიობებს ვეძებთო. თავიდან მთავარ როლებზე იყო საუბარი: ქალი, მამაკაცი და ბავშვი. ვიღაცები თავადაც ჰყავდათ მოძიებული, მეც მივეცი კონტაქტები. კასტინგის შემდეგ აირჩიეს: თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი, ანდრო ჯაფარიძე და თორნიკე ბზიავა. დანარჩენებს თანდათან ამატებდნენ. ბევრი ქართველი ეპიზოდურ როლებში მონაწილეობს“, – ამბობს დავით ვაშაძე.
სცენარში თავიდან ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას „გლეხი“ ერქვა, შემდეგ „ნაგაზად“ გადააკეთეს. მთავარი გმირების გვარი მამედოვი უნდა ყოფილიყო, ესეც შეიცვალა და რადიანები გახდნენ.
გადაღებები ავსტრალიაში იგეგმებოდა, მაგრამ კოვიდი იქაც გავრცელდა და ჩეხეთში გადაიტანეს.
„ვთავაზობდი, საქართველოში გადაეღოთ, მაგრამ ამ რისკზე ვერ წავიდნენ, რადგან ამ მხრივ დიდი გამოცდილება არ გვაქვს. როდესაც Fast and Furious-ს იღებდნენ, აქ მსახიობები მაშინაც არ ჩამოსულან, მეორე ჯგუფი ჩამოვიდა. ამ პროექტმა გვაჩვენა, რა სუსტი წერტილები გვაქვს და რა უნდა გამოვასწოროთ.
მთავარი პრემიერა ნიუ იორკში, ლინკოლნის ცენტრში გაიმართა. მეც ვესწრებოდი. მეტ დეიმონმა თორნიკე გოგრიჭიანი ვერც იცნო, იმდენად იყო ფილმში გარდასახული. რომ უთხრეს, ეს არისო, გადაეხვია და კომპლიმენტებს ეუბნებოდა“, – ჰყვება დათო ვაშაძე.
მსახიობი თორნიკე ბზიავა გადაღებას იხსენებს, როგორც ჯარს, რომელიც თან გსიამოვნებს – მათგან მუდმივად ფორმაში ყოფნას და დისციპლინას მოითხოვდნენ.
„სასწაული პროცესია. რომ შედიხარ გადასაღებ მოედანზე, გგონია, მართლა ომისთვის უნდა მოემზადო. ძალიან ბევრ განსაკუთრებულ პროფესიონალთან გიწევს ურთიერთობა, ისინი თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებენ. ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ერთი-ორი წუთიც რომ იყო კადრში, ამისთვისაც თვეობით გამზადებენ, ვარჯიში, დიეტა, არანაირი პური, არანაირი ტკბილეული. ჩვენ უმეტესად ყველაფერს თავად ვაკეთებდით. მხოლოდ ერთი-ორი ძალიან სახიფათო მოძრაობის დროს ჩაგვანაცვლეს კასკადიორებით. მე და თორნიკე გოგრიჭიანი ბოლოს ისე ვიყავით მომზადებულები, ნებისმიერ რინგზე გამოვიდოდით“.
რაც შეეხება ფილმის შინაარს, ქართველმა მაყურებელმა ადვილად შენიშნა, რომ ფილმი ზოგ შემთხვევაში რეალობას აცდენილია და უფრო 90-იან წლებს ჰგავს, ვიდრე თანამედროვე საქართველოს.
კინომცოდნე ია ვეკუა ამბობს, რომ ჰოლივუდის ფილმები ხშირად არის უტრირებული და ამას რეჟისორები განზრახ, განწყობისა და ხასიათის შესაქმნელად აკეთებენ.
„ის, რომ სვანეთის კადრებს კოჯორი აწერია, ავსტრიაში შეიარაღებული ქართველების ჯგუფი ისე ჩადის, არავინ არაფერს ეკითხება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასაცილოა, მაგრამ კინოში ეს მოსულა. ჰოლივუდის ფილმებში პოსტსაბჭოთა ქვეყნები ყოველთვის ასე არის წარმოჩენილი: ბნელი, ცივი… რომ რაც შეიძლება მძიმე საყურებელი იყოს. მაგრამ ჰოლივუდს პოლიტიკურ და ისტორიულ სიზუსტეს ვერ მოსთხოვ, კომერციულად როგორც სჭირდებათ, ისე აკეთებენ“, – ამბობს ია ვეკუა და ამატებს, რომ ამ პროექტში ძალიან ბევრ ქართველ მსახიობს მიეცა საშუალება, თავი გამოეჩინა, – „არ არის ადვილი, ქართველმა მსახიობმა ჰოლივუდურ ფილმში მთავარი ბოროტმოქმედი ითამაშოს. ეს შეიძლება ძალიან კარგი ტრამპლინი გახდეს მსახიობისთვის, იგივე თორნიკე ბზიავასთვისაც, თინა დალაქიშვილზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც იმედი მაქვს, რუსულ კინოს თავს დააღწევს. თან ძალიან კარგად თამაშობდნენ. კარგი პარტნიორობა გაუწიეს ამერიკელებს“.
დავით ვაშაძე ამბობს, რომ ფილმი 150 მილიონ მაყურებელზეა გათვლილი. ის უკვე შეაფასეს, როგორც Extraction 1-ზე უკეთესი. Extraction 1 ეკრანზე 2020 წელს გამოვიდა, და იქაც ტაილერი ისევ ბავშვის გამოხსნით იყო დაკავებული, მაშინ ბანგლადეშელი კრიმინალებისგან.
ამავე თემაზე: ნიუ-იორკში NETFLIX-ის გახმაურებული ფილმის პრემიერა გაიმართა, რომელშიც ქართველი მსახიობები მონაწილეობენ (ვიდეო)
კომენტარები