ტურისტებად ინიღბებოდნენ: ესპანეთში ბინების ძარცვის ბრალდებით ქართველები – 2 კაცი და ერთი ქალი დააკავეს
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ მალაგაში სახლების ძარცვის ბრალდებით ქართველების ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ოპერატიული ცენტრის ლიკვიდაცია მოახდინა, რომელიც ქართული წარმოშობის კრიმინალურ ორგანიზაციას სახლების ძარცვის ორგანიზებისთვის მალაგაში, ლა ვიქტორიას რაიონში მდებარე სახლში ჰქონდა მოწყობილი.
მალაგის პროვინციის პოლიციის განყოფილების ძარცვის ჯგუფის აგენტებმა სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, აღნიშნული ქსელის უჯრედის წევრები არიან. გამომძიებლები მათ მალაგის პროვინციის დედაქალაქში მომხდარი ძარცვების ნახევარს მიაწერენ. სამართალდამცველთა წინასწარი ცნობით, მძარცველები პერიოდულად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს – შესანიღბად სხვადასხვა ქალაქში 3-3 თვით ქირაობდნენ ბინებს, როგორც ტურისტები. ისინი მიზანში ამოღებულ სახლებში, უმეტესად, საკეტის გატეხის შემდეგ აღწევდნენ.
ნაძარცვი, ძირითადად, ფულის, ძვირფასეულობისა და ელექტრონული მოწყობილობებისგან შედგებოდა, მოპარულ ნივთებს მძარცველები დაქირავებულ „უსაფრთხო სახლში“ ინახავდნენ შავ ბაზარზე გაყიდვამდე.
ამ დროისთვის დაკავებულია ორი მამაკაცი და ერთი ქალი, რომლებიც, სულ ცოტა, 6 სახლის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები.
მედიის ცნობით, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ლიდერი მამაკაცი ბარსელონაში დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში გაფრენისთვის ემზადებოდა. დაკავებისას მას „გასაღებების ფართო ნაკრები“ და სახლის საკეტების გასატეხად საჭირო სხვა ინსტრუმენტები აღმოუჩინეს.
გარდა ამისა, მალაგაში კონსპირაციული ბინის ჩხრეკისას პოლიციის აგენტებმა ორგანიზებული ჯგუფის კიდევ 2 წევრი – მამაკაცი და ქალი დააკავეს, აგრეთვე, ამოიღეს ძარცვისთვის საჭირო უამრავი ინსტრუმენტი და შავ ბაზარზე გასაყიდად გამზადებული ნაძარცვი ნივთები.
მალაგის N12 საგამოძიებო სასამართლოს დადგენილებით, ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი ციხეში მოათავსეს.
მიმდინარეობს გამოძიება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები