ქართველები უცხოეთშიხელოვნება

„ოქროსხელება ქალბატონები“ – ქართველი ემიგრანტების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა იტალიის დედაქალაქში (ფოტოები)

„ოქროსხელება ქალბატონები“ – ასე მოიხსენიებენ საუბრისას ეკა ცაბაძესა და ეკატერინე ლემონჯავას, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც უცხოეთში დაძაბული ცხოვრების წესის მიუხედავად, მაინც პოულობენ დროს და ახერხებენ ულამაზესი ნაკეთობების შექმნას. მათი ხელოვნება დიდ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს, რაც თვალნათლივ ჩანდა გამოფენაზე, რომელიც ახლახან იტალიაში, ქ. რომში, სასტუმრო San Pietro-ს ტერასაზე გაიმართა.

როგორც შევიტყვეთ, გამოფენის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ასოციაცია „აკიდო“, რომელიც ოთხმა ახალგაზრდა ქალმა (ვერიკო როსტომაშვილი – იდეის ავტორი და დამფუძნებელი; ანასტასია ჯენეტი, თამარ ჭიჭიბოშვილი და დოდუკა ბრატულიჩი – თანადამფუძნებლები) დააარსა.

„ისინი სრულიად უსასყიდლოდ და ენთუზიაზმის ხარჯზე ატარებენ მსგავს ღონისძიებებს“, – გვითხრა გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ ეკა ცაბაძემ. Nostal.ge მას იტალიაში დაუკავშირდა.

ეკა ცაბაძე: გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჩემი და ეკატერინე ლემონჯავას ნამუშევრები. სხვადასხვა ტიპის ნაქსოვი, ნაქარგი და თექის ნამუშევრები მქონდა: ჩანთები, ქუდები, მოსაცმელები… ეკატერინე ლემონჯავა კი ნატურალური ქვებითა და მძივებით (ე. წ. „ბისერებით“) ქმნის ულამაზეს სამკაულებს. ვფიქრობ, გამოფენამ ძალიან საინტერესოდ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა.

ეკატერინე ლემონჯავა
ეკა ცაბაძე

სტუმრებს ნამუშევრების შეძენაც შეეძლოთ?

კი, ჩვენი ნამუშევრების ნაწილი გაიყიდა. საინტერესო სტუმრები გვყავდა, მათ შორის, იტალიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, რომის პოლიფონიური გუნდის – Coro polifonico Musica Creator-ის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლაურა გოგიაშვილი მეუღლესთან ერთად. ქალბატონი ლაურა ხშირად აწყობს საქველმოქმედო ღონისძიებებს და ცდილობს, მასში ქართველებიც აქტიურად ჩართოს.

გვყავდა, ასევე, ძალიან საინტერესო სტუმარი თავისი შემოქმედებით, ეთნომუსიკოლოგი, რომის მეორე უნივერსიტეტის „Tor Vergata“ პროფესორი, ქალბატონი სერენა ფაჩი (Serena Facci). იგი 2014-2019 წლებში დადიოდა ჩვენი სამრევლოს ტაძარში, სწავლობდა და მსახურების აუდიო/ვიდეოს იწერდა, წელს კი გამოსცა წიგნი, სახელწოდებით „გალობა“.

გამოფენას სტუმრობდა ეკატერინე კაჭარავაც, ნიჭიერი ქალბატონი, რომელიც იტალიელებს მეგრულად და სვანურადაც კი ამღერებს. იგი ქალთა ვოკალური ანსამბლ Le Vie Dei Canti-ს სამხატვრო ხელმძღვანელია. კვირას (18 ივნისი) ქართული მრავალხმიანი მუსიკის კონცერტია რომში, რომელსაც აუცილებლად დავესწრები.

თქვენი ნამუშევრების საქართველოში ჩამოტანასა და პერსონალური გამოფენის მოწყობაზე არ ფიქრობთ?

პერსონალურ გამოფენას დიდი მომზადება სჭირდება. ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ. შეკვეთები მაქვს და ჩემს თავისუფალ დროს ამ შეკვეთების შესაქმნელად ვიყენებ.

თუ გაქვთ საკუთარი ხელით შექმნილი ნივთი, რომელსაც არასოდეს გაყიდით?

კი, მაქვს. მათ შორის ერთ-ერთი ხავერდის კოფთაა, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. დიზაინერებისთვის ვამზადებდი, ნაქარგი შემეშალა და მერე ხომ არ გადავაგდებდი?! კოფთა ჩემთვის შევიკერე (იცინის). მაქვს ასევე ხავერდის ქუდი, რომელიც ნაკუწებისგან შევკერე.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ასოციაცია „აკიდოს“ იდეა, ხელი შეუწყოს ემიგრაციაში „მიმალულ“ ადამიანებს, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ, ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მათ!

თამარ ოთიაშვილი

P. S. რამდენიმე წლის წინათ ეკა ცაბაძემ ითანამშრომლა დიზაინერებთან, რომლებმაც კოლექცია თბილისის „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულზე წარადგინეს. შემდეგ კი, ამ დიზაინერების დამსახურებით, ეკას მიერ ხელით შექმნილი სვიტერის ფოტო ჟურნალ „ვოგის“ ფურცლებზე აღმოჩნდა.

ეკა ცაბაძის ნამუშევრების ნაწილი, რომლებიც რომში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი:

ეკატერინე ლემოჯავას ნამუშევრების ნაწილი, რომლებიც რომში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი:

ასევე, დაგაინტერესებთ: ეკა ცაბაძის „ანტიდეპრესანტი“ ემიგრაციაში და გზა წარმატებისკენ

ეკა ცაბაძის „ანტიდეპრესანტი“ ემიგრაციაში და გზა წარმატებისკენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close