საფრანგეთში მოკლე მანძილზე შიდა ფრენები აიკრძალა
საფრანგეთში ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით 23 მაისიდან მოკლე მარშრუტზე შიდა ფრენები აიკრძალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ნებისმიერი მგზავრობა, რომელიც მატარებლით 2 საათ-ნახევარს არ აღემატება, თვითმფრინავით აღარ შესრულდება.
Euronews-ის ცნობით, საფრანგეთი ასევე ქვეყანაში კერძო თვითმფრინავების მიმოსვლის შემცირებას ცდილობს. ტრანსპორტის მინისტრი კლემენტ ბონი აცხადებს, რომ ხელისუფლება კერძო თვითმფრინავების გამოყენებისას მდიდრების მიმართ ტოლერანტული ვეღარ იქნება, მაშინ როდესაც საზოგადოება დანახარჯების შემცირებას და ენერგოკრიზისთან და კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავებას ცდილობს.
ახალი კანონი უფრო მეტად პარიზის აეროპორტიდან საფრანგეთის რეგიონულ კერებამდე ფრენებს შეეხება, როგორიცაა: ნანტი, ლიონი და ბორდო. კრიტიკოსების შეფასებით, აკრძალვაში არ მოხვდა მოგზაურობა პარიზიდან მარსელამდე, როცა ჩქაროსნული მატარებლით ამ მანძილის დაფარვა სამ საათშია შესაძლებელი.
ახალი კანონი განსაზღვრავს, რომ მატარებლის რეისები ხშირი და დროული განსაკუთრებით იმ მარშრუტებზე უნდა იყოს, რომელი მიმართულებითაც მგზავრები ყველაზე ხშირად დაფრინავენ, ასევე, სარკინიგზო კომპანიებმა გაზრდილ მოთხოვნასა და მაღალ დატვირთვასაც უნდა გაუძლონ.
აღსანიშნია, რომ მოკლე მანძილზე ფრენების აკრძალვის კანონპროექტი საფრანგეთში 2021 წლის მოქალაქეთა კონვენციაზე გაჩნდა. აკრძალვის მთავარი მიზანი ქვეყნის ნახშირბადის ემისიების შემცირებაა.
bm.ge
კომენტარები