გერმანიის მმართველი კოალიცია გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებაზე შეთანხმდა, – ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნატურალიზაცია შესაძლებელი იქნება, თუ ისინი გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. მანამდე ეს ვადა რვა წელი იყო.
ამასთან ერთად, კანონში ნათქვამია, რომ იმ უცხოელებს, რომლებიც განსაკუთრებით კარგად არიან ინტეგრირებულები გერმანიის საზოგადოებაში, ექნებათ უფლება, გერმანიის მოქალაქეობის მიღება ქვეყანაში სამი წლის ცხოვრების შემდეგ მოითხოვინ. უპირატესობა მიენიჭებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც კარგად ფლობენ გერმანულ ენას, აქტიურად მონაწილეობენ მოხალისეობრივ საქმიანობაში ან არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
ამას გარდა, იმ უცხოელებს, რომლებიც გერმანიის მოქალაქეობას მიიღებენ, ექნებათ უფლება, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაც შეინარჩუნონ. მანამდე მოქმედი კანონი მათ საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმას ავალდებულებდა.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამ წესის შემოღების ამოქმედების შემდეგ გერმანიის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში უცხოელებს საკუთარი იდენტობის ნაწილზე უარის თქმა აღარ მოუწევთ.
ახალ კანონპროექტში, ასევე, ჩაიწერება, რომ გერმანიის მოქალაქეობის მიღება აეკრძალებათ იმ უცხოელებს, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო რასისტულ ან ანტისემიტურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის. პროკურატურა ვალდებული იქნება, საიმიგრაციო სამსახურს ასეთო დანაშაულებების შესახებ აცნობოს.
კანონში ჩაიწერება, აგრეთვე, რომ გერმანიის მოქალაქეობის მიღების მსურველებს საკუთარი თავის უზრუნველყოფა უნდა შეეძლოთ და არ უნდა იყვნენ დამოკიდებულები სახელმწიფოს სოციალურ დახმარებაზე.
1tv.ge
კომენტარები