უკვე 2023 წლის შემოდგომისთვის გერმანიის საბავშვო მედიკამენტების ბაზარზე ისედაც დაძაბული ვითარება შეიძლება გაუარესდეს, რის გამოც პედიატრებს საჭირო მედიკამენტების ნაკლებობა შეექმნებათ. ასეთ გაფრთხილებას შეიცავს გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის კარლ ლაუტერბახისადმი მიწერილი ღია წერილი, რომელიც მას გერმანიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ექიმთა პროფესიულმა ასოციაციამ გაუგზავნა. მისი მთავარი თეზისები ასოციაციის ხელმძღვანელმა თომას ფიშბახმა გაზეთ Neue Osnabrücker Zeitung-თან (NOZ) ინტერვიუში ჩამოთვალა.
მისი თქმით, საფრანგეთის, ავსტრიისა და შვეიცარიის პედიატრთა პროფესიულმა ასოციაციამ, ასევე. იტალიის სამხრეთ ტიროლის რეგიონის პედიატრთა ასოციაციამაც თავიანთი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს მსგავსი პრობლემის გამო მიმართა.
„ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება მთელ ევროპაში წამლების ნაკლებობის გამო. სასწრაფოდ საჭიროა სწრაფი, საიმედო და გრძელვადიანი გამოსავალი!“ – ნათქვამია დოკუმენტში.
„შემოდგომა ახლოვდება. ჩვენ კვლავ მედიკამენტების არასაკმარისი მარაგი გვექნება, რაც შესაძლოა წინა ჯერზე უარესიც კი იყოს“, – ამბობს ფიშბახი. ამასთან, ის მიუთითებს ბავშვებისთვის განკუთვნილი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების, ასევე, ანტიბიოტიკ პენიცილინის დეფიციტზე.
„სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენს ქვეყნებში მიწოდების (საბავშვო მედიკამენტების) ნაკლებობის ასეთი სცენარი წარმოუდგენელი იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკოსები პასუხისმგებელნი არიან, უზრუნველყონ მედიკამენტების საკმარისი წარმოება და მარაგი, რათა ძირითადი საჭიროებები დააკმაყოფილონ“, – ნათქვამია ღია წერილში.
ფიშბახმა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს გერმანიაში ბავშვებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების წარმოებას. „მედიკამენტების გამოშვება კვლავ მოგებიანი უნდა გახდეს მწარმოებლებისთვის. ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ“, – განაცხადა მან.
ipress.ge
კომენტარები