ვიდეოქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

ათენისა და ქუთაისის ქართულ საგანმანათლებლო ცენტრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)

თბილისის აეროპორტში შემთხვევით შეხვედრისას დაბადებული ურთიერთთანამშრომლობის იდეის განხორციელება დაიწყო

„ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი კავკასია“ 2005 წლიდან ემსახურება ქართველი ემიგრანტების შვილების ერუდირების საქმეს.

ცენტრის დამაარსებელი, პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე თავადაც მასწავლებლის შვილია. 20019 წელს, როდესაც იგი ათენში ბრუნდებოდა, თბილისის აეროპორტში შემთხვევით შეხვდა ქართველი პედაგოგების ჯგუფს ქუთაისის კოლორიტის, ჟურნალისტ დავით ლიკლიკაძის თანხლებით. პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ სტამბოლში მიემგზავრებოდა საერთაშორისო კონფერენციაზე. ამ შემთხვევითი შეხვედრის დროს დაიბადა ურთიერთთანამშრომლობის იდეა.

პანდემიის ეპოქამ, მოგეხსენებათ, ყველა საქმე უკან დასწია, მიუხედავად ამისა აეროპორტში ჩასახული იდეა მხოლოდ იდეად არ დარჩენილა. სამი წლის შემდეგ, აპრილის ბოლო დღეებში, ათენში „განათლებისა და კულტურის ცენტრ კავკასიაში“ ამავე ცენტრსა და საქართველოს პედაგოგთა კავშირის „განათლება და სამყარო“ შორის ხელოვნების, კულტურის, განათლებისა და სამშვიდობო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე მოწვეულ სტუმრებს მიმართავს
შეხვედრას დოდონა ნამორაძეც ესწრებოდა, რომელმაც „ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ კავკასიის“ ორგანიზებით 30 აპრილს ათენში კონცერტი გამართა

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოხსენებულ კავშირში ყველა დონისა (ბაღის, სკოლის, მასწავლებლები, უნივერსიტეტის პროფესორები) და სხვადასხვა ეროვნების პედაგოგები არიან გაერთიანებულები, ამიტომაც ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშვიდობისთვის ბრძოლაა. „მშვიდობის ფასს მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როდესაც მას ვკარგავთ, – აღნიშნა „განათლება და სამყაროს“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნანული რამიშვილმა.

როგორც დავით ლიკლიკაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „განათლებისა და კულტურის ცენტრ კავკასიაში“ წლების წინ ჩამოყვანილი ჰყავდა ანსამბლი „ბერმუხა“, რომლის მომღერალთა ასაკი 90-იდან 94 წლამდე იყო, ასევე, თეტრალური დასი. ასე რომ, მას ბატონ ავთანდილ მიქაბერიძესთან წლებია საქმიანი და, ამავე დროს, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ქალბატონმა ნანული რამიშვილმა კი აღნიშნა, რომ დათო ლიკლიკაძე 30 წელია, მათ ორგანიზაციას მხარში უდგას.

მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ „ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ კავკასიის“ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ქართული ჰანგებით დაატკბეს სტუმრები, რითაც კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენეს, თუ როგორ უფრთხილდება და ელოლიავება ქართულ სულს, ენასა და კულტურას ეს ცენტრი შუაგულ საბერძნეთში თითქმის უკვე ოცდაათი წელია.

ია თულაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close