მოგზაურობარას არ გაიგებ/ფაქტები

ავტობუსით მოგზაურობის „მსოფლიოს ყველაზე გრძელი მარშრუტი“ აგვისტოდან ამოქმედდება – რა ეღირება?

ინდური კომპანია Adventures Overland უახლოეს მომავალში მგზავრებს ავტობუსით სტამბოლიდან ლონდონამდე 12 000-კილომეტრიან მოგზაურობაში წაიყვანს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მსოფლიოში ავტობუსის ყველაზე გრძელი მარშრუტის შემქმნელი კომპანია Adventures Overland მეწარმეებმა თუშარ აგარვალმა და სანჯაი მადანმა ჯერ კიდევ 2012 წელს დააარსეს და ინდოეთიდან ლონდონში სამარშრუტო ექსპედიციები არაერთხელ განახორციელეს, თუმცა მათ მიერ შექმნილმა უკანასკნელმა მარშრუტმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

56-დღიანი მოგზაურობა, რომელიც 22 ქვეყანას მოიცავს, 30 მგზავრისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც სტამბოლიდან ლონდონში მოხვედრას ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიისა და დასავლეთ ევროპის გავლით შეძლებენ.

მათ შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ბულგარეთის დედაქალაქი სოფია, დაისვენონ პრაღაში, დაგეგმონ დღე ბუდაპეშტში თუ გაისეირნონ ლუბლიანაში. ასევე, შეძლებენ კრაკოვისა და ვარშავას არქიტექტურულ ტურებშიმონაწილეობას და კოპენჰაგენის გაცნობასაც მოახერხებენ; ფინეთის ქალაქ როვანიემში სანტა კლაუსის სოფელს მოინახულებენ და ტალინსა და რიგაში ბალტიისპირეთის სამზარეულოსაც დააგემოვნებენ. ამ ყველაფერთან ერთად, Aurora Borealis-ის ფანტასმაგორიულ სანახაობას ანუ ჩრდილოეთის ნათებასაც არ გამოტოვებენ. მოგზაურები ტურის განმავლობაში მსოფლიო დონის რესტორნებსა თუ გასართობ სივრცეებში სტუმრობასაც შეძლებენ.

ბოლო კვირის განმავლობაში კი მოგზაურები გერმანიას, ნიდერლანდებს, ბელგიასა და საფრანგეთს მოინახულებენ და ამის შემდეგ, ბოლოს, ლონდონში ჩავლენ.

ერთი ადამიანისთვის მგზავრობის ღირებულება 24 300 დოლარითაა განსაზღვრული და ამ თანხაში ყოველდღიური საუზმე, 30 ლანჩი და 30 ვახშამი შედის. თანხა ასევე მოიცავს მგზავრების სასტუმროში განთავსებასა და თითოეულ ქვეყანაში ინგლისურენოვანი გიდების მომსახურებას.

ავტობუსში მგზავრებს კომფორტული, რეგულირებადი სავარძლები დახვდებათ, რომლებიც დასაკეცი უჯრებითა და ბოთლებისა და ჭიქის დამჭერებითაა აღჭურვილი. მოგზაურებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ AUX-ისა და USB-ის კაბელებით ისარგებლონ. თითოეულ მგზავრს ექნება უფლება, თან ორი სრული ზომის ჩემოდანი იქონიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსით მგზავრობა იაფი ნამდვილად არ ღირს, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ის გამორჩეულად კომფორტული და შორ მანძილზე მგზავრობისთვის უალტერნატივო იქნება. გარდა ამისა, მათივე თქმით, თითოეულ ქვეყანაში მარშრუტი არაერთხელაა შემოწმებული და მგზავრები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი მოგზაურობა სრულიად უსაფრთხო იქნება, რაზეც პასუხისმგებლობას თავად იღებენ.

ცნობისთვის: გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, მსოფლიოში ავტობუსის ყველაზე გრძელი მარშრუტი ამჟამად 6200 კილომეტრია, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმას რიო-დე-ჟანეიროსთან აკავშირებს. მას შემდეგ კი, რაც ინდური კომპანიის მიერ შექმნილი 56-დღიანი ავტობუსის მარშრუტი ოპერირებას დაიწყებს, გინესის რეკორდსმენის ტიტულსაც სწორედ ის გადაიბარებს.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close