მოგზაურობასაზოგადოება

ვისი სახელობისაა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის აეროპორტები – შეამოწმეთ და გაიფართოვეთ თქვენი ცოდნა

უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს XII-XIII საუკუნეების გენიოსი ეპიკოსი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელი 2015 წლის 30 ივნისს მიენიჭა. ჩვენი ქვეყნის მეორე დიდი ქალაქის, ქუთაისის აეროპორტი მეფე დავით აღმაშენებლის სახელს ატარებს, მესტიის (სვანეთი) აეროპორტი კი თამარ მეფის სახელობისაა.

აეროპორტებისთვის ცნობილ ადამიანთა სახელების მინიჭების ტრადიცია ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა.

მთლიანობაში მსოფლიოში 200-ზე მეტი აეროპორტია, რომელიც გამოჩენილ ადამიანთა სახელს ატარებს. მათ შორისაა უდიდესი აეროპორტები მგზავრთა მრავალათასიანი ნაკადით: საერთაშორისო აეროპორტი „ინდირა განდი“ ნიუ დელიში, „შარლ დე გოლი“ პარიზში ან „ლეონარდო და ვინჩი“ რომში.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მაინც აეროპორტებისთვის ქვეყნის მეთაურთა და გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეთა სახელის მინიჭებაა – ათეულობით მეტ-ნაკლებად დიდი აეროპორტის სახელი უკავშირდება გამოჩენილ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მოღვაწეებს და ეროვნულ გმირებს. ბევრ ადამიანს აეროპორტისთვის მისი სახელის მინიჭებამ მსოფლიო ცნობადობა მოუტანა. მათ შორისაა ფიორელო ლა გუარდია, ქალაქ ნიუ-იორკის ყოფილი მერი. მისი სახელი 1947 წელს ეწოდა ნიუ-იორკის პირველ საერთაშორისო აეროპორტს. ახლა კი ბევრისთვის ცნებები „ლა გუარდია“ და „ნიუ-იორკი“ თითქმის სინონიმებია.

სწორედ ლა გუარდიადან დაიწყო აეროპორტებისთვის ადამიანთა სახელების მინიჭების ტრადიცია. ამერიკელები დღესაც ამ წესის ყველაზე აქტიური მიმდევრები არიან – ამერიკულ აეროპორტთა თითქმის ნახევარი ადამიანის სახელს ატარებს: ახალი ორლეანის აეროპორტი ლუი არმსტრონგის სახელობისაა, ნიუ-იორკის მეორე საერთაშორისო აეროპორტი – ჯონ ფიცჯერალდ კენედის, ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტი – რონალდ რეიგანის; დალასის (ტეხასის შტატი) აეროპორტს ჯორჯ ბუშის (უფროსი) სახელი აქვს მინიჭებული.

ევროპა კვალდაკვალ მიჰყვა ამერიკას: საფრანგეთში ქვეყნის მთავარი აეროპორტი მსოფლიოში ლამის ყველაზე ცნობილი ფრანგის – შარლ დე გოლის სახელობისაა, პოლიტიკურად აქტიური ფრანგების ეს გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია.

ლიონის მაცხოვრებლებმა მწერალს და მფრინავს, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მიაგეს პატივი და მშობლიური ქალაქის აეროპორტს (სადაც მომავალი დიდი მწერალი დაიბადა 1900 წელს) მისი სახელი დაარქვეს.

საბერძნეთის დედაქალაქის, ათენის მთავარი აეროპორტი რვაგზის პრემიერ-მინისტრის (1910-1933 წწ.), ელეფთერიოს ვენიზელოსის სახელს ატარებს.

როგორც წესი, გერმანიის ქალაქებში აეროპორტს იმ პოლიტიკოსის პატივსაცემად ურჩევენ სახელს, რომელიც ამ ქალაქში დაიბადა ან მუშაობდა, თუმცა ნიურნბერგის აეროპორტს ადგილობრივებმა არა კანცლერის ან ბურგომისტრის, არამედ თავიანთი თანამოქალაქე დიდი მხატვრის, ალბრეხტ დიურერის სახელი მიანიჭეს.

ჰამბურგის აეროპორტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ შმიდტის სახელი 2016 წელს დაერქვა, პოლიტიკოსის გარდაცვალების წლისთავზე.

გენიოსი მუსიკოსის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მშობლიურ ქალაქ ზალცბურგში  ჩაფრენისას მისი სახელობის აეროპორტი მიგიღებთ და ეს სრულიად ლოგიკურია.

ბრიტანელები აეროპორტებისთვის ცნობილ თანამემამულეთა სახელების მინიჭების ტრადიციას დიდად არ სწყალობენ. პირველი ასეთი ფაქტი ლივერპულში მოხდა 2002 წელს – ქალაქის აეროპორტს ჯონ ლენონის სახელი ეწოდა.

მეორე აეროპორტი, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს მცხოვრების სახელი ჰქვია, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტშია – 2006 წელს მას ცნობილი ფეხბურთელის, ჯორჯ ბესტის სახელი მიაკუთვნეს.

მადრიდ-არახასის აეროპორტი ადოლფო სუარესის სახელს ატარებს – ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, რომელმაც დემოკრატიზაციისკენ წაიყვანა ქვეყანა ფრანკოს რეჟიმის დამხობის შემდეგ. ადოლფო სუარესმა შეძლო ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური პარტიების ლეგალიზება, პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და კონსტიტუციის მიღება; ცხადია, აეროპორტიც „დაიმსახურა“.

ლისაბონის საერთაშორისო აეროპორტს უმბერტუ დელგადუს პატივსაცემად ჰქვია სახელი. უმბერტუ დელგადუ სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი, დემოკრატი და სალაზარის რეჟიმის ოპოზიციის ლიდერი იყო. კიდევ ერთი დიდი აეროპორტი პორტუგალიაში, ქალაქ პორტუში ფრანსიშკუ კარნეირუს სახელს ატარებს – მეცნიერი, ადვოკატი და პოლიტიკოსი კარნეირუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო 1980 წელს.

იტალიის აეროპორტები მსოფლიოში ცნობილი იტალიელების სახელობისაა – მეცნიერების, მოგზაურების, გამომგონებლების… იტალიელები საკითხს დიდი ფანტაზიით და მასშტაბურად მიუდგნენ.

ბოლონიის აეროპორტი რადიოს გამომგონებლის, გულელმო მარკონის სახელს ატარებს, პარმის აეროპორტი – ჯუზეპე ვერდის, რიმინის აეროპორტი – ფედერიკო ფელინის, ხოლო ვენეციის აეროპორტი მარკო პოლოს სახელს უკვდავყოფს. გენუის აეროპორტი ქრისტეფორე კოლუმბის სახელობისაა – იტალიელებს, ცხადია, არ შეეძლოთ, არ ეჩვენებინათ მთელი მსოფლიოსთვის, რომ კოლუმბი იტალიელია.

მსგავსია ალბანეთის დედაქალაქის – ტირანის აეროპორტის შემთხვევა: მას ალბანელებმა დედა ტერეზას სახელი დაარქვეს, რითაც სიამაყით შეახსენეს ყველას, რომ სიკეთის და გულმოწყალების სიმბოლოდ ქცეული დედა ტერეზა ეროვნებით ალბანელია.

რუსეთის აეროპორტებმა, მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე, დიდი თანამემამულეების სახელი მიიღეს: ვნუკოვო სერგეი კოროლიოვის სახელობისაა, დომოდედოვო – მიხაილ ლომონოსოვის, შერემეტიევო – ალექსანდრ პუშკინის, ხოლო სანკტ-პეტერბურგის აეროპორტი პეტრე პირველის სახელს ატარებს.

პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მცხოვრებლებმა კი, თავიანთი ქალაქის აეროპორტის სახელზე რომ მიდგა საქმე, პაპი იოანე პავლე მეორე აირჩიეს, რათა ყველას ახსოვდეს, რომ რომის პონტიფიკოსთა შორის ყველაზე პოპულარული ამ ქალაქში დაიბადა. რაც შეეხება ქვეყნის მთავარ აეროპორტს ვარშავაში, მას ფრედერიკ შოპენის პატივსაცემად ჰქვია სახელი.

ამ „მოდას“ მონღოლეთის ხელმძღვანელობაც აჰყვა: მონღოლეთის სახელმწიფოებრიობის 800 წლისთავთან დაკავშირებით, ულან-ბატორის ბუიანტ უხას აეროპორტს სახელი გადაარქვეს და ჩინგის ხანის საერთაშორისო აეროპორტი უწოდეს.

კიევის საერთაშორისო აეროპორტი გამოჩენილი ავიაკონსტრუქტორის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ფილოსოფოსის, იგორ სიკორსკის (ჟულიანი) სახელს ატარებს. 1889 წელს კიევში დაბადებული იგორ სიკორსკი 1918 წლიდან ემიგრაციაში წავიდა, 1919  წლიდან კი აშშ-ში დამკვიდრდა.

ირანის მთავარ აეროპორტს თეირანში იმამ ჰომეინის სახელი ჰქვია. ირანის რელიგიური, სულიერი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, 1979 წლის ისლამური რევოლუციის ლიდერი „დიდი აიათოლა“ ირანის უმაღლესი ხელისუფალი იყო 1979-1989 წლებში.

ისრაელმა კი თავის მთავარ აეროპორტს დედაქალაქ თელ-ავივში ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებლის, დავიდ ბენ გურიონის სახელი უწოდა.

კუბის საერთაშორისო აეროპორტი ჰავანაში კი პოეტის, მწერლისა და პუბლიცისტის, ხოსე მარტის სახელს ატარებს.

ზოგჯერ იმისთვის, რომ გაიგო, რა დამსახურება აქვს ადამიანს, რომლის სახელიც აეროპორტს ჰქვია, სულ ცოტა, გუგლში უნდა „შეიჭყიტო“: ბერძნულ კუნძულ როდოსზე  მდებარე აეროპორტს დიაგორის სახელი ჰქვია – ცნობილმა როდოსელმა ათლეტმა დიაგორ როდოსელმა ძვ. წ. 464 წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებში მუშტებით ბრძოლაში გაიმარჯვა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close