კინო/ფილმებიარტისტი

ჯემალ ღაღანიძე 90 წლის გახდებოდა

ქართველი ხალხი ტყუილუბრალოდ არასოდეს გასცემს სითბოს და სიყვარულს. მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ ეს სითბო და სიყვარული თავისი ნიჭიერების, პროფესიონალიზმის, საოცარი ენერგიის, ერთგულებისა და სხვა მრავალი ადამიანური ღირსების გამო დაიმსახურა. დღეს მის მიერ ექვს ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში განსახიერებული არაერთი სახე ამშვენებს მსახიობის ბიოგრაფიას და ქართული თეატრისა და კინოს ისტორიას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბატონი ჯემალი ერთადერთი მსახიობი იყო, რომელსაც „კავკასიურ ცარცის წრეში“ (რეჟისორი – რობერტ სტურუა) შემცვლელი არ ჰყოლია. სპექტაკლი ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდგმებოდა სცენაზე, ლამის მთელი მსოფლიო მოიარა და ჯემალ ღაღანიძემ  უკლებლივ ყველა წარმოდგენაში (როგორც თავად ამბობდა, 650-ჯერ) ითამაშა.

21 აპრილი ჯემალ ღაღანიძე 90 წლის გახდებოდა! 

ჯემალ ღაღანიძე რუსთაველის თეატრში 1956 წელს რეჟისორმა მიშა თუმანიშვილმა მიიყვანა. მას უკვე დაწყებული ჰქონდა რეპეტიციები სპექტაკლზე „ფილოსოფიის დოქტორი“ და მსახიობმა პირველად ამ სპექტაკლში ითამაშა.  მას შემდეგ ყოველთვის ინტენსიურად მონაწილეობდა სპექტაკლებში და ამის გამო ძალიან ბევრ ფილმზე აქვს უარი ნათქვამი, რადგან მისთვის „სპექტაკლის გაცდენა ზღაპარი იყო“… „თუ თბილისის ახლოს იყო გადაღებები და შემეძლო, ჯერ გადაღებებზე წავსულიყავი და მერე სპექტაკლი მეთამაშა, კი ბატონო, ან შვებულების პერიოდი თუ ემთხვეოდა, სხვა შემთხვევაში თეატრიდან ვერ გამიყვანდი. მახსოვს, „არ იდარდოში“ (რეჟ. გია დანელია) მწყემსის როლი ვითამაშე. შემდეგ სამჯერ შემომითვალა დანელიამ ჩავსულიყავი მასთან, „იღბლიან ჯენტლმენებში“ ლეონოვის როლი მე უნდა მეთამაშა, მაგრამ თეატრში პრემიერები მქონდა და ამ როლზეც უარი ვთქვი. მიუხედავად ამისა, ოცზე მეტ ფილმში მაინც ვარ გადაღებული…“ – გაიხსენა ბატონმა ჯემალმა ჩვენი ერთ-ერთი ინტერვიუს ჩაწერის დროს.

„კარგად დამებედა ყველაფერი!“

პირველი ფილმი, რომელშიც ჯემალ ღაღანიძემ სერიოზული როლი ითამაშა, რეჟისორ გუგული მგელაძის „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ იყო.

არა მარტო პირველი ფილმი, არამედ ეს იყო პირველი შეხვედრა იპოლიტე ხვიჩიასთან… მაშინ კინოში გადაღება დიდი პრესტიჟი იყო მსახიობისთვის, ამიტომ როდესაც გუგულიმ ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა, ძალიან გამიხარდა. გადაღებაზე მივედი და აღმოჩნდა, რომ მე და იპოლიტე პარტნიორები უნდა ვყოფილიყავით. გახსოვთ, ალბათ, ფილმში მილიციელის როლს ვთამაშობ, იპოლიტე მეხვეწება, „დამიჭირე, დამიჭირე“, მე არ ვიჭერ და გამარტყამს. უნდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის კარგი შემორტყმა იყო, კარგად დამებედა ყველაფერი…

„ჩემი მეგობარი ნოდარი“

ბატონი ჯემალი მილიციელის როლს თამაშობს რეჟისორ დავით რონდელის ფილმშიც „ჩემი მეგობარი ნოდარი“. და სხვათა შორის, ოცამდე მილიციელი აქვს ნათამაშები თეატრში და კინოში ერთად, რაზეც თავადვე იცინოდა და გადაღებების საინტერესო დეტალებიც მომიყვა:

ფილმის „ჩემი მეგობარი ნოდარი“ გადაღებები ქუთაისში გვქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ცენტრალური სასტუმროს ფასადის წინ მთვრალი მოვდივარ, „ტეტეს“ ვიღებ და უნდა ვისროლო. ღამეა… გადავიღეთ ერთი დუბლი, მეორე, მესამე და ამ დროს უცებ ჩემ წინ გაჩერდა მანქანა, გამოცვივდნენ ვიღაცები, წამართვეს იარაღი, შემიკრეს ხელები და სადღაც მივყავარ. რონდელი გაგიჟებული მოვარდა: „რა ხდება, რაშია საქმე?“ ისინი აქეთ კითხულობენ, რა ხდებაო. ავუხსენით, რომ ფილმს ვიღებდით. თურმე სამტრედიაში ქეიფობდნენ რესტორანში. ვიღაცას მანქანით ჩაუვლია და უთქვამს, მთვრალი მილიციელი დებოშს ტეხს ქალაქშიო. მიუტოვებიათ ქეიფი და გამოქცეულან ქუთაისში. ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის მილიციის უფროსი იყო. გვაცალეთ, ბატონო, მუშაობაო, იძახდა გამწარებული რონდელი. საერთოდ, არაჩვეულებრივი რეჟისორი იყო, მსახიობს ყველანაირ გარემოს უქმნიდა, რომ გადაღებისას ხელი არ შეშლოდა. ტყეში რომ ვყოფილიყავით, სპეციალურად სკამებს წამოიღებდა ხოლმე დასასვენებლად, საჭმელზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. მახსოვს, ერთხელ ქეიფის სცენის გადაღებისას  სუფრაზე ნავთი გადაგვისხა დირექტორმა. გადაღებები პავილიონში გვქონდა. მთელი დღის მშივრები ვიყავით და რადგან სუფრაზე ნამდვილი საჭმელი ელაგა, ხელი წაგვიცდა და შევჭამეთ. იფიქრა, საღამომდე სულ შეჭამენ ყველაფერსო და ნავთი გადაასახა. რონდელმა ეს რომ გაიგო, ჯერ გადაღება ჩაშალა, მერე ყველაფერი გადააყრევინა და რაც საჭირო იყო, ხელახლა მოატანინა, რას ჰქვია, მსახიობებს ჩაგრავთო…

ამაზე გამახსენდა, „ლაზარეს“ გადაღების დროს ბუტაფორიული კიტრი და პომიდორი გვქონდა სუფრაზე. ყოველ გადაღებაზე იყო ერთი ამბავი – ნეტავ, ეს კიტრები ნამდვილი იყოს და შემაჭამაო, ვნატრობდით. ერთ დღესაც სახლიდან წავიღე ნამდვილი კიტრები და გადაღებაზე დილით ადრე მივედი. ბუტაფორიული კიტრების ადგილას ეს კიტრები ჩავალაგე და ვზივარ, ხმას არ ვიღებ. დაიწყო ისევ ლაპარაკი, ნეტავ ესენი ნაღდი კიტრები იყოსო, კარგი იქნებოდა-მეთქი, ავიღე ერთი კიტრი და შევჭამე. გაოცებული მიყურებდა ყველა, მეორეც რომ მივაყოლე, სულ გაგიჟდნენ… ხდება ასეთი რაღაც გადაღების დროს…

„მესამედაც ჩავყვინთე და… სწორედ ეს კადრი შეიტანეს ფილმში“

ერთხელ კინაღამ დავიხრჩვე. რეჟისორი რეზო ჭარხალაშვილი იღებდა „ზღვის მგელს“, სადაც მთავარ როლს ვთამაშობ. ჩემი გმირი ხულოდან ჩამოსული გლეხი კაცია – არსენა, რომელიც ბათუმში სამუშაოს ეძებს. ამ დროს ბათუმში ფილმს იღებენ (ფილმში ფილმს იღებენ), რომლის რეჟისორიც დოდო აბაშიძეა. რაღაც მომენტში ეს რეჟისორი წყალში ჩავარდება და ძლივს გადაურჩება დახრჩობას. ამის შემდეგ თავისთან მოიხმობს დირექტორს და ეუბნება, აუცილებლად საჭიროა მაშველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმის გადამღები არ ვარო. ამ დროს მე (ანუ გლეხი) პორტში დავბორიალობ, მეზღვაურის მაისური მაცვია. დირექტორიც შემნიშნავს და მეუბნება, მეზღვაური ხომ არ ხარო? კი-მეთქი, ვეთანხმები, რადგან სამუშაოს ვეძებ და… მოკლედ, მაშველად ამიყვანენ.

მთელი კომედია, იცით, რა იყო? ბოლოს ნავი გადაბრუნდება და თავად მაშველი გახდება საშველი, რადგან ცურვა არ იცის. მე მართლა არ ვიცოდი ცურვა და რეზოს ვუთხარი ამის შესახებ. მაგ ეპიზოდს ბოლოს გადავიღებთ, რაც მოგივა, მოგივიდესო, მიპასუხა. გადაღებები მწვანე კონცხზე გვქონდა, სადაც უამრავი ტურისტი იყო ჩამოსული, ყველა გარს გვეხვია.

დადგა ბოლო კადრის გადაღების დროც. ამოცანა ასეთია: წყალში უნდა ჩავყვინთო, ამოვიდე და „მიშველეთ“ დავიძახო. ეს ყველაფერი სამჯერ უნდა გავიმეორო. მესამედ რომ ამოვყვინთავ, ამ დროს ნამდვილი მაშველები მოვლენ, რომელთაც უნდა გადამარჩინონ. გადავიღეთ ერთი დუბლი, მაგრამ ფილმი ერთი დუბლით ვის გადაუღია. საჭირო გახდა მეორე დუბლის გადაღება. ისევ გადავხტი წყალში… გალიფე შარვალი და „აზიაცკები“ მაცვია, შარვალი თანდათან გაიჟღინთა, ჩექმაც წყლით ამევსო… როგორც იქნა, ეს დუბლიც გადავიღეთ, მაგრამ მესამე დუბლის გადაღება გახდა საჭირო. რაღას ვიზამდი, მესამედაც ჩავყვინთე და…

პირველი ორი დუბლის გადაღების შემდეგ იძახდნენ, კარგიაო, ვდგებოდით და ვიშლებოდით. მესამე დუბლზე დაიძახეს, კარგია, დაიშალეთო, მაგრამ ვეღარ ავდექი. თურმე მართლა წამსვლია გული. არიქა, მიხედეთ, მგონი, ნამდვილად დაიხრჩოო, დაიძახეს. მოგვიანებით, რეზომ მითხრა, სწორედ ეგ კადრი შევიტანეთ ფილმში, ისეთი ნამდვილი იყოო…

საპატიო მილიციელის დიპლომი

ამას მოჰყვა „აურზაური სალხინეთში“, „გაქცევა განთიადისას“, „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“… რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო? სხვათა შორის, ამ უკანასკნელშიც მილიციელის როლს ვთამაშობ. მახსოვს, ერთხელ მე, ბატონ გოგი გეგეჭკორს, გურამ საღარაძეს და კარლო საკანდელიძეს შეხვედრა მოგვიწყვეს შსს-ს აკადემიაში, რომლის რექტორიც მაშინ შოთა გორგოძე იყო. ბატონო შოთა, ოცი მილიციელი მყავს ნათამაშევი, დიპლომი არ მეკუთვნის-მეთქი? – ხუმრობით ვკითხე. აუცილებლადო, მიპასუხა და მერე მართლა დაგვირიგა საპატიო მილიციელის დიპლომები…

….

კინო თუ თეატრი-მეთქი, ბატონო ჯემალ? – ერთხელ ვკითხე…

„ძალიან საინტერესოა კინოში მუშაობა, მაგრამ თეატრი მაინც სულ სხვაა. რაც არ უნდა დიდი კინოვარსკვლავი იყოს მსახიობი, ყოველთვის სცენაზე ოცნებობს… საოცარი ხიბლი აქვს სცენას…“  – მიპასუხა.

2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“ გაიხსნა.

„იქ“ უკვე ბევრი ვარსკვლავია და ვინ იცის, იქნებ „იქაც“ ხალისობენ, დაბადების დღეზე მაინც…

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close