სპორტი

„ნაპოლიმ“ განმეორებითი მატჩი „მილანთან“ ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

„ნაპოლის“ დამარცხების მიუხედავად საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა ვებგვერდებმა - Whoscored-მა და sofascore-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს

„სტადიო მარადონაზე“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის. მილანი ნეაპოლში ერთქულიანი უპირატესობით ჩავიდა – მათ პირველი მატჩი „სან სიროზე“ 1:0 მოიგეს.

შეხვედრა დრამატულად წარიმართა: პირველი პენალტი 22-ე წუთზე „ნაპოლის“ კარში ვერ გაიტანა „მილანის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ, უფრო სწორად, მისი დარტყმული ბურთი მეკარე ალექს მერეტმა მოიგერია, თუმცა მალევე ჟირუმ თავად შეძლო საკუთარი შეცდომის გამოსწორება – 43-ე წუთზე კარის წინ მარტო დარჩენილმა თავდამსხმელმა რაფაელ ლეაოს შესანიშნავი რეიდის შემდეგ ბურთი მიიღო, „ნაპოლის“ კარი აიღო და „მილანი“ დაწინაურდა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა „მილანელების“ სასარგებლოდ.

შეხვედრის პოლონელ არბიტრს შიმონ მარჩინიაკს ირვინ ლოსანოს წაქცევისთვის პენალტი „მილანის“ კარშიც შეეძლო დაენიშნა 37-ე წუთზე, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

მეორე ტაიმი დაძაბულად წარიმართა, 82-ე წუთზე „ნაპოლიმ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, მაგრამ მეკარე ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ხვიჩამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კვარამ უკვე მეორედ ვერ გამოიყენა პენალტი – პირველად  ფრანკფურტის „აინტრახტთან“, თუმცა მაშინ „ნაპოლიმ“ მოიგო.

„ნაპოლიმ“ მაინც შეძლო  გატანა – ხვიჩას კარგი გადაცემა ჯაკომო რასპადორიმ მიიღო, საჯარიმოში ჩააწოდა და ვიქტორ ოსიმენმა, ბოლოს და ბოლოს, თავური დარტყმით შეძლო „მილანის“ კარის აღება მსაჯის მიერ დამატებულ ი დროის (4 წთ) მე-3 წუთზე, თუმცა „ნაპოლის“ ამან ვერ უშველა და ორი მატჩის საერთო ანგარიშით 2:1 ნახევარფინალში „მილანი“ გადავიდა.

„ნაპოლის“ დამარცხების მიუხედავად საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა ვებგვერდებმა Whoscored-მა და sofascore-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში, აგრეთვე, გადავიდა მადრიდის „რეალი“, რომელმაც მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში  „ჩელსის“ აჯობა.

„ნაპოლი“ კი  იტალიის ჩემპიონატის მორიგ, 31-ე ტურში 23 აპრილს „იუვენტუსს“ შეხვდება სტუმრად ტურინში. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close