„ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული
„ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.
„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ.
„ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში 125 კომპანია ფიგურირებს, მათ შორის, საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.
როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.
ნოემბერში „ბიბისის“ გადამღები ჯგუფი თან ახლდა გერმანელ და ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც თბილისში სატელეფონო ცენტრებში ჩხრეკა ჩაატარეს.
„ბიბისის“ ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონის ჯგუფთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენია: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.
„ბიბისიმ“ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან.
„ბიბისის“ ცნობით, კეზერაშვილი დაუსწრებლად არის გასამართლებული ბიუჯეტიდან 5 მილიონი დოლარის გახარჯვაში. სასამართლო ვერდიქტის გამოქვეყნების დროს კეზერაშვილი ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ბიბისის“ გამოძიების ცნობით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილისა და ოფშორული კომპანიების ქსელთან კავშირს დაადასტურებდა, თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი სახელი ფიგურირებს, როგორც ზოგიერთი კომპანიის დამფუძნებელი ან აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. „ბიბისი“ ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია.
ამასთან, „ბიბისი“ „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიების რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს ესაუბრა და მათ დაადასტურეს, რომ პირადად ჰქონდათ საქმე კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის ამ სქემაშია ჩართული.
„ბიბისის“ ცნობით, კეზერაშვილი სხვადასხვა სოციალურ ქსელში და, მათ შორის, „ლინკედინში“ საკუთარ გვერდზე ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას „მილტონის ჯგუფში“ შემავალ კომპანიებსა და იქ არსებული ვაკანსიების შესახებ.
„ბიბისიმ“ ასევე მოიპოვა მტკიცებულება, რომ კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიები იყენებდნენ ელექტრონული ფოსტის იმ კერძო სერვერს, რომელიც მხოლოდ თაღლითობაში ჩართულ „მილტონის ჯგუფის“ კომპანიებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ასევე, „ბიბისის“ ინფორმაციით, კეზერაშვილის ვენჩურული კაპიტალის კომპანია „ინფინითი“ ფლობდა ვებდომეინებს კომპანიებისთვის, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმებს სთავაზობდნენ.
„ბიბისის“ ცნობით, კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი „ევერ ეფიქსი“ და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. ის ასევე ფლობს ანალოგიურ ოფისებს თბილისშიც.
„ბიბისიმ“ ასევე გადაამოწმა იმ ოთხი პირის სოციალური ქსელები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებენ. ამ ქსელებში განთავსებული სხვადასხვა წვეულებისა თუ ქორწილების ფოტოებიდან ირკვევა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართულ ოთხივე პირს ახლო კავშირი აქვს კეზერაშვილთან.
კეზერაშვილს „ფეისბუქზე“ 45 საერთო მეგობარი ჰყავს „მილტონის ჯგუფთან“ დაკავშირებულ პირებთან და „ბიბისიმ“ დაადგინა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართული ერთ-ერთი პირი კეზერაშვილის ნათესავია.
„ბიბისი“ წერს, რომ კეზერაშვილისგან კომენტარის მიღების მიზნით „ბიბისის“ ჟურნალისტები ლონდონში მდებარე მის სახლში მივიდნენ, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მან თაღლითურ სქემასთან კავშირები ადვოკატის საშუალებით უარყო.
ამასთან, კეზერაშვილმა თქვა, რომ კიევში მდებარე კომპანია „ევერ ეფიქსი“, მისი ცნობით, კანონიერ ბიზნესს აწარმოებს. მისმა ადვოკატმა „ბიბისის“ უთხრა, რომ ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია თაღლითებთან მისი კავშირის შესახებ ვერაფერს ამტკიცებს. თაღლითობაში მონაწილეობას „ბიბისისთან“ ინტერვიუში უარყოფენ გამოძიებაში მოხსენიებული სხვა პირებიც.
ლევან ახალაია
1tv.ge
კომენტარები