მოდა/სილამაზეიტალია

სად და როდის გამოიგონეს ჯინსი – ბევრისთვის უცნობი ისტორია

ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ჯინსი, რომელსაც ევროპაში „ამერიკულ შარვალს“ უწოდებენ, 1567 წელს იტალიაში, კერძოდ, ქალაქ გენუაში შეიქმნა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში, მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს, ქალაქის მოსახლეობა გაღატაკდა. ის, ვინც თავს უფლებას მისცემდა და მკერავს შარვალს შეუკვეთდა, მდიდარ კაცად ითვლებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს გენუელმა მეზღვაურმა ნავსადგომზე ნავების გადასაფარებელი ლურჯი ქსოვილისგან უბრალო და მოსახერხებელი შარვალი შეიკერა. მას სხვა მეზღვაურებმაც მიბაძეს, მათ კი – ქალაქის მთელმა მოსახლეობამ, ქალების ჩათვლით. მეზღვაურის გამოგონება „ჯენოვეზე“ თანდათან „ჯინსად“ გადაკეთდა. როგორ? როგორ და…

მე-19 საუკუნის შუა წლებში ამ უცნაურ შარვალს ყურადღება მიაქცია გენუაში ტურისტად ჩასულმა ბავარიელმა მეფართლემ, წარმოშობით ებრაელმა ლუბ სტრაუსმა (მოგვიანებით მან სახელი შეიცვალა და ლევი დაირქვა). 1850 წელს სტრაუსი ამერიკაში გადასახლდა. გამგზავრების წინ კი გენუის პორტის ბაზრებში მთელი ლურჯი ქსოვილი შეიძინა.

სტრაუსმა მალე აუღო ალღო ამერიკელების გემოვნებას და ჯინსის შარვლების კერვას მიჰყო ხელი. გენუაში შექმნილი მოდელი მან დახვეწა, საგრძნობლად დაავიწროვა, თანაც თეთრი ძაფით დააგვირისტა. ევროპიდან ქსოვილის შეტანას დიდი დრო და ფული სჭირდებოდა, ამიტომ სტრაუსმა ხმარებაში შემოიტანა ჩვეულებრივი ქსოვილი, რომელსაც ლურჯად ღებავდა. 1850 წელს პირველი სერია გამოვიდა და ძალიან სწრაფად გაიყიდა. ცოტა ხნის შემდეგ კი  მან დააარსა კომპანია Levi Strauss & Co, რომელიც სამუშაო ტანისამოსს აწარმოებდა. მოგვიანებით კომპანიამ ჯინსების ქსელი მთელ მსოფლიოში Levi’s-ის სახელით განავითარა.

ლევი სტრაუსის პირველი ჯინსის ფასი 1,20 დოლარი იყო. როდესაც დიდი რაოდენობით გამოვიდა, მათი ღირებულება ერთ დოლარსა და 46 ცენტს შეადგენდა.

სტრაუსის კომპანიამ მეტალის ფიქსატორებიანი ჯინსების ცალმხრივად წარმოების ლიცენზია 1873 წლის 20 მაისს მოიპოვა. სწორედ ეს რიცხვი ითვლება ჯინსის ოფიციალურ დაბადების თარიღად. მეტალის ფიქსატორები გახდა ის უკანასკნელი შტრიხი, რომელმაც ფირმა Levi’s-ის სტილი შექმნა.

დიდი ხნის განმავლობაში ჯინსი მხოლოდ მამაკაცის პრეროგატივა იყო. ქალის ჯინსი პირველად ევროპაში (გერმანია) 1953 წელს გამოჩნდა – ის Mustang-ის ბრენდმა გამოუშვა. მალე ჯინსებით გატაცებამ მთელი ქალთა სამყარო მოიცვა, ხოლო ჰიპების ეპოქამ ჯინსის ქსოვილისგან ქურთუკების, ქვედაბოლოებისა და კაბების კერვისა და სხვადასხვა აქსესუარის, ჩანთების და ფეხსაცმლის დამზადების მოდა შემოიტანა, როგორც თავისუფლების გამოხატვის ნიშანი,

მეორე ვერსია ასეთია: ჩეხი ისტორიკოსის. პეტრ ანდრლეს მტკიცებით, პირველი ჯინსის ქსოვილი ჩეხ-მორავიელმა მრეწველმა გუსტავ მარბურგმა მოქსოვა ქალაქ ბრუნტალში. მან ის შემთხვევით მიიღო ტილოს დამზადების ტექნოლოგიაში შეცდომის გამო. რადგან ქსოვილი ბევრი იყო, მარბურგმა გადაწყვიტა, ვენაში გამართულ გამოფენაზე გაეყიდა 1876 წელს, სადაც ქსოვილი ამერიკელმა ვაჭარმა იყიდა და ჩაიტანაა ქალაქში, სადაც ლევი შტრაუსი (ლივაი სტროსი – ამერიკულად) ცხოვრობდა. სტროსს 1873 წელს მიღებული ჰქონდა პატენტი „უბრეტელო სამუშაო კომბინეზონების დასამზადებლად ჯიბეებით დანის, ფულისა და მონეტების ჩასადებად“, იგი წარმატებით ვაჭრობდა ნიუ-იორკში ქსოვილებით.

დრომ ჯინსის ფერი შეცვალა: დღეს მისი ფერთა გამა უკვე მრავალსახოვანია, თუმცა ჯინსი მოდიდან არასდროს გადის, რომელიმე მოდელი  ყოველთვის მოდაშია.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close