ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ატალანტასთან“ სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ატალანტასთან“ იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა: Il 𝐠𝐨𝐥 𝐝𝐞𝐥 𝐦𝐞𝐬𝐞 di 𝐌𝐚𝐫𝐳𝐨 è di 𝗞𝘃𝗮𝗿𝗮𝘁𝘀𝗸𝗵𝗲𝗹𝗶𝗮! – წერია სერია A-ს ლიგის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე.
„ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა ეს ფენომენალური გოლი იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში გაიტანა.
ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კვარაცხელიას გოლი 26-ე ტურში საუკეთესოდ აღიარეს.
მიმდინარე სეზონში, ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში, 27 მატჩში 12 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 9 თვეზე ნაკლებ დროში მოიპოვა არა მარტო იტალიის სერია A-ს, არამედ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სახელი. მასზე გამუდმებით წერენ, დიდ ფეხბურთელებს ადარებენ, ამბობენ, რომ სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთი დააბრუნა; იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ მან სერია A-ზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა, ხოლო ნეაპოლელთა ექსტრაორდინარული სეზონის ერთ-ერთ მთავარ გმირადაც სწორედ ძნელად გამოსათქმელი სახელისა და გვარის ქართველ ვარსკვლავს აღიარებენ (სხვათა შორის, ხვიჩას სახელის და გვარის გამოთქმაც თანდათან დახვეწეს და უკვე აღარ უჭირთ).
✨ 𝗞𝗩𝗔𝗥𝗔𝗩𝗜𝗚𝗟𝗜𝗢𝗦𝗢 ✨
Il 𝐠𝐨𝐥 𝐝𝐞𝐥 𝐦𝐞𝐬𝐞 di 𝐌𝐚𝐫𝐳𝐨 è di 𝗞𝘃𝗮𝗿𝗮𝘁𝘀𝗸𝗵𝗲𝗹𝗶𝗮! 🤩🇬🇪#GOTM 𝑝𝑟𝑒𝑠𝑒𝑛𝑡𝑒𝑑 𝑏𝑦 @cryptocom | @sscnapoli pic.twitter.com/WYRKxlV2fa
— Lega Serie A (@SerieA) March 27, 2023
27 ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია 71 ქულით და მთელი 19 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“. იტალიის ჩემპიონატის დამთავრებამდე 11 მატჩით ადრე უკვე თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი, რომ „ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს ბოლო 33 წლის განმავლობაში პირველად და თავის კარიერაში მესამედ 1986/87 და 1989/90 წლების სეზონებზე გამარჯვების შემდეგ, როდესაც ნეაპოლელთა გუნდის რიგებში ლეგენდარული დიეგო მარადონა თამაშობდა.
ნუცა ყაველაშვილი
p. s. შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მორიგ, 28-ე ტურში კვირას, 2 აპრილს „ნაპოლი“ „მილანს“ შეხვდება დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე, ნეაპოლში. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.
კომენტარები