რატომ შეიძლება აიკრძალოს TikTok-ი – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
აშშ-სა და რამდენიმე ქვეყანაში TikTok-ი შესაძლოა აიკრძალოს. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობისთვის „ტიკტოკის“ მომხმარებლების მონაცემები ხელმისაწვდომია. აშშ ითხოვს, ჩინელმა მფლობელებმა „ტიკტოკი“ გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აშშ-ში აკრძალავენ.
რატომ სურს აშშ-ს ტიკტოკის აკრძალვა
„ტიკტოკი“, ისევე როგორც სოციალური მედიის სხვა პლატფორმები, მომხმარებლების მონაცემებს აგროვებენ, თუმცა აშშ ეჭვობს, რომ ეს მონაცემები შესაძლოა ჩინეთის მთავრობის ხელში მოხვდეს და ამერიკელების წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის ან პროპაგანდისტული ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენონ. ამერიკამ აპლიკაცია უკვე დაბლოკა მთავრობის წევრების მობილურებში, იგივე ნაბიჯი გადადგა გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ევროკავშირმა. ინდოეთმა კი აპლიკაცია უფრო ადრე, 2020-ში აკრძალა.
„ტიკტოკი“ ამტკიცებს, რომ ის ზუსტად ისევე ოპერირებს, როგორც სოციალური მედიის სხვა პლატფორმები და არ გეგმავს, მომხმარებლების მონაცემები ჩინეთის მთავრობას გადასცეს.
ამერიკაში ყოველი მესამე ადამიანი „ტიკტოკის“ მომხმარებელია და ამ აპლიკაციის დაბლოკვა უპრეცედენტო მოვლენა იქნება.
როგორ შეუძლია აშშ-ს თავის მოქალაქეებს „ტიკტოკზე“ წვდომა შეუზღუდოს
„ტიკტოკის“ დაბლოკვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება, რომ აშშ-ის მთავრობამ Apple-სა და Google-ს თავიანთი app store-ებიდან აპლიკაციის წაშლის თხოვნით მიმართოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები TikTok-ს ვეღარ გადმოწერენ, თუმცა ვისაც უკვე დაინსტალირებული აქვს ტელეფონში, ისინი მოხმარებას კვლავ შეძლებენ… მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში აპლიკაცია ვეღარ განახლდება და შესაძლოა გამართულად მუშაობაც ვეღარ შეძლოს.
„ტიკტოკის“ დაბლოკვის მეორე გზა არის ინტერნეტპროვაიდერებთან თანამშრომლობა, როგორც ეს ინდოეთში მოხდა, სადაც მთავრობამ ინტერნეტპროვაიდერებს მოუწოდა, თავიანთ ქსელებში „ტიკტოკი“ დაებლოკათ.
შეიძლება თუ არა აპლიკაციის გამოყენება დაბლოკვის შემდეგ
მობილური ტელეფონების დიდ ნაწილში შესაძლებელია რეგიონის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციის გადმოწერა სხვა ქვეყნების app store-ებიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა ეს შესაძლოა აპლიკაციის გადმოწერის წესების დარღვევად ჩაითვალოს.
რა შედეგი მოჰყვება „ტიკტოკის“ დაბლოკვას აშშ-ში
„ტიკტოკის“ მონაცემებით, აპლიკაციას 5 მილიონზე მეტი ამერიკული ბიზნესი იყენებს, მათ შორის, მცირე მეწარმეები, რომლებსაც სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზე გამომწერები არ ჰყავთ. ვარაუდობენ, რომ „ტიკტოკის“ დაბლოკვა მათ შემოსავლებზე დრამატულად აისახება.
აპლიკაციის გაუქმება კრეატორებსაც დიდ დარტყმას მიაყენებს, რადგან მათ სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით შეძლეს პოპულარობის მოპოვება და თანხის გამომუშავება.
გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge
კომენტარები