„შავი ხუთშაბათი“ საფრანგეთში – საპროტესტო აქციები მეცხრე დღესაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პარიზში გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ეროვნული მობილიზაციის ფარგლებში გამართულ აქციას მომიტინგეებმა „შავი ხუთშაბათი“ უწოდეს.
საფრანგეთის შრომის გენერალური კონფედერაციის მონაცემებით, პარიზში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 800 000 ადამიანი გამოვიდა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა, ე. წ. შავი ბლოკის წევრებმა მაღაზიების შუშები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.
აქცია საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.ზოგიერთ ქალაქში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
Des tensions et de la casse sur le chemin de la manifestation parisienne pic.twitter.com/iRWGKra376
— Wladimir Garcin-Berson (@vladogb) March 23, 2023
17 მარტს საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო, რომელიც საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. მაკრონის თქმით, რეფორმა წლის ბოლოდან ამოქმედდება.
საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ „ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარ აზრს არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს“.
აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია.
ემანუელ მაკრონი კი უკან დახევას არ აპირებს, მისი თქმით, არაპოპულარული გადაწყვეტილება მან საფრანგეთის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო, რადგან როდესაც იგი პრეზიდენტი გახდა, საფრანგეთში 10 მლნ პენსიონერი იყო, ამჟამად კი 17 მილიონამდეა და ამას ქვეყანა რეფორმის გარეშე ვერ გაუძლებს.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: საპენსიო ასაკი ევროპის ქვეყნებში – მოსალოდნელია თუ არა ზრდა?
კომენტარები