ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უნდობლობის გამოცხადებას უკვე მეორედ გადაურჩა

დეპუტატთა კონგრესმა (ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატა), როგორც მოსალოდნელი იყო, ოთხშაბათს, 22 მარტს მხარი არ დაუჭირა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სამთავრობო გუნდისთვის უნდობლობის გამოცხადებას. პრემიერის გადაყენების ინიციატივით ულტრამემარჯვენე პარტია Vox გამოვიდა

მთავრობისადმი უნდობლობა მხოლოდ 53-მა დეპუტატმა გამოხატა – ერთით მეტმა, ვიდრე Vox-ს მანდატები აქვს ქვედა პალატაში. 201 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 91-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

„ვოქსმა“ მთავრობის გადაყენების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი წარადგინა – რამონ ტამამესი, რომელიც პარლამენტში დებატების დროს ჩიოდა, რომ „ორი ესპანეთი დაბრუნდა – მემარცხენე და მემარჯვენე“.

პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრას 14-საათიანი დებატები უძღოდა წინ.

პედრო სანჩესის „სოციალისტური მშრომელთა პარტია“ კოალიციაში იმყოფება მემარცხენე ფრთის ალტერნატიულ ალიანს Podemos-თან („ჩვენ შეგვიძლია“); მას, ასევე, მხარს უჭერენ კატალონიური და ბასკური მცირე პარტიები.

აღსანიშნავია, რომ ეს ესპანეთის მოქმედი პრემიერის გადაყენების უკვე მეორე მცდელობა იყო. პირველად Vox-მა პედრო სანჩესის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტში 2020 წლის ოქტომბერში გაიტანა პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლის გამო, მაგრამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ამჯერად ულტრამემარჯვენე პარტია პრემიერ-მინისტრს არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობასა და კატალონიურ და ბასკურ პარტიებთან ზედმეტ სიახლოვეში სდებს ბრალს. „ვოქსმა“ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენების შესახებ გასული წლის ბოლოს განაცხადა – მას შემდეგ, რაც 2022 წლის დეკემბერში პარლამენტის ორივე პალატამ  დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა, რომელიც კატალონიელ სეპარატისტებზე სამართლებრივ ზეწოლას ამცირებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close