ტრაგიკული შემთხვევა იტალიაში: 12 წლის ბიჭი სკოლის დარბაზში კალათბურთის თამაშისას მოულოდნელად გარდაიცვალა
სასწრაფო დახმარების ორი მანქანა ადგილზე მაშინვე მივიდა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს
სამწუხარო შემთხვევა მოხდა იტალიაში, ფავარაში (აგრიჯენტოს პროვინცია, სიცილია), ერთ-ერთ სკოლაში. 21 მარტს, დღისით 12 წლის ბიჭი სკოლის დარბაზში კალათბურთის თამაშისას მოულოდნელად გარდაიცვალა. 118-ის ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის და ექიმების ჩარევის მიუხედავად, რომლებიც მის გაცოცხლებას ცდილობდნენ, ბავშვი დაიღუპა.
La Repubblica-ს ინფორმაციით, აგრიჯენტოს პროკურატურამ საქმე გახსნა, რათა მოზარდის გარდაცვალების მიზეზებს ნათელი მოეფინოს. არავითარი ეჭვმიტანილები საქმეში არ არიან და არც დანაშაულის ვერსია იკვეთება, თუმცა ეს მოსამზადებელი აქტია, რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია ტრაგიკული შემთხვევა. გამომძიებლებმა გუშინვე, დღის მეორე ნახევარში დაადგინეს, რომ სკოლის სპორტული დარბაზი ახალგაზრდული კალათბურთის სპორტულ გაერთიანებას გადაეცა.
„გუარინოს“ სკოლის ამ სპორტდარბაზში გუშინ, შუადღისას 12 წლის დავიდე ლიკატა (Davide Licata) კალათბურთს თამაშობდა თანატოლებთან ერთად, როდესაც მოულოდნელად ცუდად გახდა: მან თქვა, რომ თავი ასტკივდა, უცებ იატაკზე დაეცა და გარდაიცვალა. 118-ის სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადის მისვლა უშედეგო აღმოჩნდა, მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო და ექიმებმა რეანიმაციული ღონისძიებებით მისი სიცოცხლისკენ მობრუნება ვეღარ შეძლეს. მოზარდის ცხედარი აგრიჯენტოს სან ჯოვანი დი დიოს საავადმყოფოში გადაასვენეს.
გამოძიება კარაბინერებს დაევალათ, რომლებმაც უკვე გუშინ მოიპოვეს დავიდეს სამედიცინო ჩანაწერები და მისთვის დასაშვები სპორტული აქტივობის ყველა სერტიფიკატი, აგრეთვე, კალათბურთის გაკვეთილებზე მომუშავე ასოციაციის საქმეები. პროკურორმა ბიჭის ცხედრის გაკვეთის მითითება გასცა. ექსპერტიზის შედეგებს სპორტული აქტივობისთვის ვარგისობის სამედიცინო სერტიფიკატებს შეუდარებენ.
ფავარის მერმა ანტონიო პალუმბომ 12 წლის დავიდე ლიკატას დაკრძალვის დღეს პატარა სიცილიურ ქალაქში გლოვა გამოაცხადა: „ადმინისტრაციისა და საზოგადოების სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ, – თქვა მან, – გამოვხატავ ჩემს ინსტიტუციურ და პირად თანადგომას ოჯახის მიმართ. საშინელი ფაქტია, უზომო ტკივილი, რომელიც სიტყვებით არ გამოითქმის“.
ავტოფსიის და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა გახდა 12 წლის მოზარდის უეცარი გარდაცვალების მიზეზი და დასაშვები იყო თუ არა მისთვის სპორტული აქტივობა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ შემთხვევის წინა კვირაში მეგობართან ერთად სირბილის დროს დავიდემ გონება დაკარგა, ამის გამო იგი კალათბურთის ვარჯიშზე არ გამოცხადდა სიფრთხილიდან გამომდინარე. მწვრთნელს დავიდეს დედამ დაურეკა და უთხრა ამის შესახებ. იყო თუ არა მოზარდი გამოკვლევაზე ექიმთან პირველი შემთხვევის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება 12 წლის ბიჭის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
ნინო ხოშტარია
კომენტარები