მედიცინაქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

ახალგაზრდა ქართველი კარდიოქირურგის წარმატებები გერმანიაში – თამარ ტვილდიანი დიდი პროფესიული ასოციაციის მმართველ საბჭოში აირჩიეს

კასელის კლინიკის (ჩრდილოეთ ჰესენის რეგიონული ცენტრი) უფროსი ექიმი, ქართველი კარდიოქირურგი თამარ ტვილდიანი ცოტა ხნის წინ გერმანიის კარდიო-თორაკო და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. მის შესახებ სტატია ჰესენის ფედერალური მიწის მთავარ გამოცემაშიც დაიბეჭდა, მარტის ნომერში. თამარი 2 წლის წინათ, 31 წლის ასაკში გახდა უფროსი ექიმი, რაც გერმანიაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა კარდიოქირურგიაში. კასელის კლინიკაში კიდევ 5 კარდიოქირურგს აქვს უფროსი ექიმის სტატუსი და მათგან ყველაზე ახალგაზრდა 45 წლისაა.

როგორ აირჩიეს ასეთი ახალგაზრდა ასეთ პრესტიჟულ საბჭოში, რას საქმიანობს ამჟამად და როგორია მისი სამომავლო გეგმები – ამ საკითხებზე სასაუბროდ თამარ ტვილდიანს გერმანიაში დავუკავშირდით.

თამარ, გილოცავ საბჭოს წევრად არჩევას! თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნა, რას წარმოადგენს ეს საბჭო და როგორ მოხდა, რომ 33 წლის ასაკში აგირჩიეს მის შემადგენლობაში?

დიდი მადლობა მოლოცვისთვის! გერმანიის კარდიო-თორაკო და სისხლძარღვთა  ქირურგიის ასოციაციაში გაერთიანებულია ამ სფეროში გერმანიაში მოღვაწე ყველა ქირურგი, ვისაც სურვილი აქვს. ამჟამად 1200-მდე წევრია. ასოციაციას ჰყავს 15-კაციანი მმართველი საბჭო – პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, მდივანი და საბჭოს წევრები, რომლებიც კარდიოქირურგიის სფეროში საკანონმდებლო აქტებზე, რეგულაციებზე კენჭისყრებსა და სერტიფიცირებებში მონაწილეობენ. ამ 15-კაციანი საბჭოს წევრი გავხდი მეც. ჩემი კანდიდატურა ასოციაციის ახალგაზრდულმა შტომ – ახალგაზრდულმა ფორუმმა წამოაყენა და წლიურ შეკრებაზე მყოფმა 150-მა წევრმა დამიჭირა მხარი.

რას ნიშნავს ეს შენთვის კარიერულად? პასუხისმგებლობაც და დატვირთვაც გაიზრდება, ცხადია…

რა თქმა უნდა. ჩემთვის კარიერის თვალსაზრისით  ძალიან დიდი ნახტომია, რადგან ამ საბჭოში რომ მოხვდე, ან დიდი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი უნდა იყო, ან ბევრი ნაშრომი უნდა გქონდეს გამოქვეყნებული – პროფესორი უნდა იყო, საზოგადოებაში სიტყვა გეთქმოდეს. ერთადერთი, მე ვარ ამჟამად ახალგაზრდა და გამოუცდელი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ცნობადობის მხრივაც. საბჭოს შეკრებები ბერლინში იმართება ხოლმე. ამას გარდა, გერმანიაში 90-მდე კარდიოქირურგიული ცენტრია და ყველა კლინიკის ხელმძღვანელი პერიოდულად იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც. როგორც ამ საბჭოს წევრი, მეც ვიქნები მიწვეული. უკვე ყველა კარდიოქირურგიული კლინიკის შეფმა იცის ჩემ შესახებ.

ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელს რომ ვუთხარი, რომ ჩემი კანდიდატურა წამოაყენეს ამ საბჭოს წევრობაზე, თავიდან არ მიჯერებდა, ეგონა, რომ ახალგაზრდული ფორუმის სპიკერად მირჩევდნენ. ვებსაიტზე რომ ნახა, მაშინღა დაიჯერა.

რეალურად, ამ საბჭოში მოხვედრის შანსი, უკეთეს შემთხვევაში, 5-10 წელი მაინც არ მქონდა ასაკის და თანამდებობრივი პოზიციის გამო.

აბა, როგორ მოხვდი?

2017 წლიდან ვარ გერმანიის კარდიო-თორაკო და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის ახალგაზრდული ფორუმის წევრი. შეხვედრებზე სულ დავდივარ და ვაქტიურობ. ასისტენტ-ექიმმა, სანამ სპეციალისტი გახდება, 6-წლიანი პროგრამა უნდა გაიაროს და ოპერაციები „დააგროვოს“. გერმანიაში ზოგ კლინიკაში ეს პროგრამა კარგად მუშაობს, ზოგან არა, ამიტომ ახალგაზრდული ფორუმის მისიაა ამ პროცესების ოპტიმიზაცია, რათა ახალგაზრდებს წინსვლა გაუადვილდეთ. პოლიტიკურად აქტიურები ვართ. ფორუმს დიდ ასოციაციაში კანდიდატურის  წარდგენის უფლება აქვს და მათ ჩემი კანდიდატურა წამოაყენეს.

დაუმსახურებლად არავინ წარგადგენდა, მით უმეტეს – გერმანიაში…

ახალგაზრდული ფორუმი წელიწადში 4-5 შეხვედრას მართავს და ყოველთვის ვესწრები ხოლმე. 2 წელია, რაც უფროსი ექიმი გავხდი, მაგრამ მაინც დავდივარ შეხვედრებზე და ვაქტიურობ, რაც თვითონაც უკვირდათ, რადგან, როგორც წესი, როცა ასოციაციის ახალგაზრდული შტოს წევრები უფროსი ექიმები ხდებიან და მიღწევები აქვთ, ფორუმს ტოვებენ, აღარ აინტერესებთ და ყურადღებას აღარ აქცევენ. მე მაინც დავდივარ, სტუდენტებს და ასისტენტებს პრაქტიკულ მეცადინეობებს ვუტარებ სარქვლების გამოცვლაში, შუნტირებაში, რაც შემიძლია, ვეხმარები, ამიტომ ჩათვალეს, რომ ყველაზე მეტად მე ვიმსახურებდი და ჩემი კანდიდატურა წარადგინეს მთავარი ასოციაციის საბჭოში.

შენ შესახებ სტატიაც გამოქვეყნდა გერმანულ გაზეთში, ესეც მნიშვნელოვანია ცნობადობის მხრივ…

დიახ, რა თქმა უნდა. ჰესენის ფედერალური მიწის მთავარი გაზეთის, Hessische Allgemeine-ის  მარტის ეს ნომერი მთლიანად კასელს მიეძღვნა. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასში გამოქვეყნდა ჩემი, როგორც „ძლიერი ქალის“, პორტრეტი, ბიოგრაფია – როგორ წავედი საქართველოდან ესპანეთში სასწავლებლად, შემდეგ როგორ დავიწყე მუშაობა გერმანიაში – სხვა ქალაქში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დავტოვე ის კლინიკა, რადგან ხელმძღვანელი არ მომწონდა და კასელში გადმოვედი. ახალგაზრდა სპეციალისტისთვის, მით უმეტეს, უცხოელისთვის სარისკო იყო, მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და სწორად მოვიქეცი, რადგან კასელის კლინიკის ხელმძღვანელი ძალიან კარგი პიროვნება და ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტია, რომელიც მაქსიმალურად ხელს მიწყობს, რომ პროფესიულად განვვითარდე და წინ წავიდე.

სტატია ასე იწყება: „თამარ ტვილდიანი საოპერაციოში რომ შედის, ადამიანის სიცოცხლე აბარია…“ – ცოტა დრამატიზებულია (იცინის).

მაგრამ სინამდვილეში ხომ მართლაც ასეა…

რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და იმდენი რამე მაქვს სასწავლი… სად რომ 20 წელი ქირურგიაში ხარ და სად ახლა რომ იწყებ და პირველ ნაბიჯებს დგამ.

გასულ პარასკევს ერთი ოპერაცია მქონდა – პაციენტს აორტის სარქველი გამოვუცვალე და „ბაიპასი“ დავაკერე (შუნტირება – რედ.) – ერთი შუნტი დასჭირდა. ოპერაციის შემდეგ სისხლდენა დაიწყო, იმიტომ რომ სარქვლის ანთება ჰქონდა და ასეთ დროს შედედება დაქვეითებულია. ათასჯერ გავიარე ეტაპობრივად გონებაში, ხომ ყველაფერი სწორად გავაკეთე…

რა რთულია!..

მთელი ღამე არ მეძინა, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ალბათ ხუთასჯერ დავრეკე, ინსტრუქციები მივეცი, რა უნდა გაეკეთებინათ… ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ისე არ არის, რომ აი, შევედი საოპერაციოში, გავაკეთე და მორჩა!.. დიდი გამოცდილება რომ არ გაქვს, ძალიან რთულია.

რაღაცას რომ მიაფუჩეჩებ და მაინც გამოვა – ჩემი შეფი ამას ეძახის „ჰუშ“ – ეგრე არ მინდა. ჩემი პრინციპი ასეთია: 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთე, 100%-იანი შედეგი უნდა მქონდეს და ამ პროცესში ვარ ახლა, რაც ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპია ახალგაზრდა ექიმისთვის.

კასელის კლინიკაში უკვე ორ წელიწად-ნახევარია, გულის უკმარისობის, ხელოვნური გულის და ელექტროფიზიოლოგიის მიმართულებას ვხელმძღვანელობ.

ხელოვნურ გულს რასაც ვუწოდებთ, ჩვეულებრივი ტუმბოა, რომელიც მარცხენა პარკუჭზე მაგრდება და მარცხენა გულის ფუნქციას ასრულებს, სანამ გულს გადაუნერგავენ პაციენტს (როდესაც ახალგაზრდაა). ასაკიან პაციენტებს კი მთელი ცხოვრება უდგათ ეს აპარატი და მაგით ცოცხლობენ.

რა არის შენი, ასე ვთქვათ, პროგრამა მინიმუმი უახლოეს მომავალში?

დაწყებული მაქვს სადოქტორო დისერტაცია მინიინვაზიური ქირურგიული ჩარევის თემაზე. ჩვენი კლინიკა საუნივერსიტეტო არ არის, მაგრამ მარბურგის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია. ჩემი სადოქტოროს ხელმძღვანელი ჩვენი კლინიკის შეფი, დოქტორი ფეივანდია.

ვაპირებ, დოქტორის სტატუსი მივიღო წელს ან, ყველაზე გვიან, მომავალ წელს. მინდა, ოპერაციულადაც ბევრი რამ ვისწავლო, გამოცდილება შევიძინო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს…

დიდ წარმატებებს გისურვებ! საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებით და ასეთი შრომისმოყვარეობით, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შეძლებ.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

მეუღლესთან – ირაკლი ლურსმანაშვილთან (რომელიც ექიმი-ტრავმატოლოგია და ასევე გერმანიაში მუშაობს) და ვაჟიშვილთან – გიორგისთან ერთად

ამავე თემაზე:

ახალგაზრდა ქართველი კარდიოქირურგი ქალი, რომელმაც კარიერა გერმანიაში დაიწყო

ქართველი კარდიოქირურგი: როგორ მკურნალობენ გერმანიაში COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს

ქართველი კარდიოქირურგი: როგორ მკურნალობენ გერმანიაში COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close