იტალიის პოლიციამ ქალაქ ბრეშაში 170 000 ევრო დაუყადაღა ევროპარლამენტის დეპუტატ სტეფანია ძამბელის საპარლამენტო თანაშემწეებისთვის გამოყოფილი ევროკავშირის სახსრების არამართლზომიერად გამოყენების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამის შესახებ ევროკავშირის პროკურატურის ოფისში (EPPO) განაცხადეს.
წინასწარი გამოძიების ფარგლებში, ევროკავშირის პროკურატურის მილანის ოფისმა იტალიელი ევროპარლამენტარის საბანკო ანგარიშები და მდიდრული ავტომობილები დააყადაღა.
ამასთან, ევროკავშირის პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით განმარტა, რომ აღნიშნულ გამოძიებას არაფერი აქვს საერთო კატარგეიტის კორუფციულ სკანდალთან.
გამოძიება ფოკუსირებულია 4 თანაშემწეზე, რომლებიც ევროპარლამენტარისთვის იტალიაში მუშაობენ. სტეფანია ძამბელი ევროპარლამენტის დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიის, მატეო სალვინის „ლიგიდან“ გახდა, რომელიც შედის ევროპარლამენტის უფრო ფართო ჯგუფში „იდენტობა და დემოკრატია“ და შრომითი მოწყობის კომიტეტის წევრია. თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის უმეტესი დრო სტეფანია ძამბელიმ ადგილობრივ პოლიტიკაში გაატარა ლომბარდიის ქალაქ სალოში, სადაც მერის მოადგილე იყო, ცოტა ხნის წინ კი რეგიონული საბჭოს წევრად გახდომას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
„[ევროპარლამენტარის] აპარატის ოთხი წევრი არ ასრულებდა იმ ფუნქციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, რისთვისაც ისინი დაიქირავეს, ან მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებდნენ და ევროპალამენტს თავიანთი საქმიანობის შესახებ ყალბ ცნობებს აწვდიდნენ“, – ნათქვამია ევროკავშირის პროკურატურის განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ძამბელი მჭიდრო კავშირში იყო 4 თანაშემწიდან, სულ ცოტა, ერთთან მაინც და თაღლითობიდან პირდაპირი სარგებელი ნახა.
თავად სტეფანია ძამბელიმ Facebook-ზე დაწერა, რომ არც მას და არც მის თანაშემწეებს უკანონო არაფერი ჩაუდენიათ . „ჩვენი მუშაობა ყოველთვის გამოირჩეოდა ლოიალურობითა და გამჭვირვალობით დაწესებულებებსა და კოლექტივთან მიმართებაში“, – წერს პოლიტიკოსი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები