ჯანმრთელობარჩევები

დიეტა აკრძალვების გარეშე: ვჭამთ და მაინც ვიკლებთ – როგორ?

დღევანდელი ჰიპოდინამიკური ცხოვრების წესის ხანაში ადამიანთა უმეტესობის მთავარ პრობლემად ისევ და ისევ ზედმეტი წონა რჩება, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის. წონის კორექციის მიზნით დიეტების დაცვა კი, მოგეხსენებათ, ყველას არ შეუძლია. არადა, იმისთვის, რომ ნორმალური პარამეტრების ფარგლებს უზომოდ არ გავცდეთ, სულაც არ არის აუცილებელი კალორიების გულმოდგინედ გამოთვლა. საკმარისია, უბრალოდ, ოდნავი თავშეკავება ვისწავლოთ და ჩვენი ორგანიზმი თანდათანობით თვითონ გათავისუფლდება ზედმეტი კილოგრამებისგან.

უზომოდ ჭამას უნდა ვებრძოლოთ ერთდროულად ორი მიმართულებით: ფსიქოლოგიურად და პრაქტიკულად.

მიირთვით ნელა

ყველაზე მთავარი რჩევა მათთვის, ვისაც დიეტის გარეშე სურს გახდომა: ჭამეთ აუჩქარებლად. ყოველი მორიგი ლუკმა პირთან დაახლოებით 20 წამის შემდეგ მიიტანეთ და ძალიან კარგად დაღეჭეთ. ასეთ შემთხვევაში ტვინი დროულად მიიღებს სიგნალს იმის შესახებ, რომ კუჭს მეტი საჭმელი აღარ უნდა, მაგრამ თუ სწრაფად ჭამთ, თანაც გადარბენაზე, ორგანიზმი დანაყრების შესახებ სიგნალს დიდი დაგვიანებით აწვდის ტვინს, რის გამოც საჭიროზე მეტ საკვებს იღებთ.

საუზმე აუცილებელია

ძილის შემდეგ შაქრის დონე სისხლში მინიმალურია, ამიტომაც სწორედ დილით, იმისთვის, რომ გავზარდოთ ტვინის აქტივობა და შრომისუნარიანობა, საჭიროა ნოყიერი საუზმე. ის, ვინც დილით ჭამაზე უარს ამბობს, კალორიების ნაკლებობას დღის მანძილზე ათმაგად ინაზღაურებს. აირჩიეთ საუზმედ ბურღულის კერძები, კვერცხი, ნიგოზი, ყველი, ქატოს პური, ხილი და კენკრა.

პირველ კერძად – წვნიანი

ეცადეთ ყოველ სადილში ჩართოთ ბოსტნეულის ნახარშზე დამზადებული წვნიანი – ის სწრაფად მოგგვრით დანაყრების გრძნობას და ამასთან ნაკლებკალორიულია, თუმცა სიფრთხილე გმართებთ კრემსუპებთან – მათში შედის ნაღები, ეს კი საკმაოდ ცხიმიანი პროდუქტია. მეორე თავ კერძად კარგია ძროხის ან ფრინველის ხორცი (ულუფის ზომა თქვენს შეკრულ მუშტს არ უნდა აღემატებოდეს), ხაჭო, ბოსტნეული, ხილი. მაგრამ სულ სადილად სამ თავ კერძზე მეტი არ უნდა გქონდეთ.

„განსაკუთრებული“ ჭურჭელი

დაბალი და ფართო ჭიქის შეცვლა მაღლითა და ვიწროთი ასევე უწყობს ხელს მოხმარებული კალორიების შემცირებას. შედეგად, თქვენ ერთი მესამედით ნაკლებ წვენსა და სხვა ტკბილ სასმელს მიირთმევთ, ღვინოსაც, რა თქმა უნდა. ეფექტი მიიღწევა გრძნობათა ორგანოების ცდუნების ხარჯზე: განიერ, დაბალ ჭიქებში გაცილებით მეტი რაოდენობის სასმელს ასხამენ, ვიდრე მაღალში. და კიდევ, თუ დიამეტრი თეფშისა, რომელზეც საჭმელს მიირთმევთ, 30-ის ნაცვლად 25 სანტიმეტრი იქნება, კერძის ულუფა შემცირდება, მაგრამ თვალისთვის ეს ნაკლებად იქნება შესამჩნევი. პირიქით, საჭმელი უფრო მეტიც კი გამოჩნდება. ამგვარად, თქვენ დღეში 200 კილოკალორიის ეკონომიას  შეძლებთ და წლის განმავლობაში 5-9 კილოგრამს დაიკლებთ.

მეტი ბოსტნეული

ხორცის შემცირება და ვეგეტარიანული კერძების ხშირი მოხმარება საშუალებას მოგცემთ 3-5 თვის განმავლობაში წონაში, სულ ცოტა, 20 პროცენტი დაიკლოთ. სასარგებლოა, აგრეთვე, რაციონის გამდიდრება ლობიოს, ოსპის, მუხუდოს, სოიის კერძებით. ისინი არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოცაა, რადგან მდიდარია უჯრედისით, რომელიც გვეხმარება, ხანგრძლივად შევინარჩუნოთ დანაყრების გრძნობა და ამგვარად შევამციროთ მიღებული კალორიების ოდენობა.

თუმცა ბოსტნეულის გადაჭარბებული ჭამაც  არ ღირს – ნებისმიერი პროდუქტის დიდი დოზები კუჭის გადიდებას იწვევს, რასაც მადის გაძლიერება და მუდმივი ჭამის სურვილი მოსდევს.

მსუბუქი ვახშამი

საღამოს ულუფის ზომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოცულობით ის იმდენი უნდა იყოს, რომ ერთ ჭიქაში დაეტიოს. რაც შეეხება პროდუქტებს, რომლისგანაც ვახშმის მომზადებას ვაპირებთ, ეს შეიძლება იყოს უცხიმო თევზი ან ხორცი (ინდაური, ქათამი), ბოსტნეული, რძემჟავა პროდუქტები. თუ საჭმელს ისე ვერ მიირთმევთ, სოუსით უხვად თუ არ შეკმაზეთ, უპირატესობა ტომატის საწებელს მიანიჭეთ.

მწვანე ჩაი ცხიმს წვავს

დღეში 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაის მირთმევა კარგი საშუალებაა წონის შესამცირებლად. ეს სასმელი აჩქარებს კალორიების წვას და ორგანიზმს უამრავი სასარგებლო მიკროელემენტით აჯერებს. ერთადერთი პირობაა, რომ მწვანე ჩაი შაქრისა და რძის გარეშე მიირთვით.

მზაკვარი ალკოჰოლი

სპირტიანი სასმელები, თავისთავად, ძალიან კალორიულია. ამავე დროს, მსუბუქი თრობის მდგომარეობაში ადამიანები აღარ აკონტროლებენ მიღებული საკვების რაოდენობას, შედეგი კი წონაში მატებაა. სხვათა შორის, ერთი ჭიქა ღვინო 150 კილოკალორიაა, კოქტეილი კი შეიძლება 400-მდეც აღწევდეს!

სასარგებლო  რჩევები

გამოიძინეთ კარგად. დამატებითი ერთი საათი ძილი დაგეხმარებათ, წელიწადში 6 კილოგრამზე მეტი დაიკლოთ, ხოლო ძილის უკმარობა მადას აძლიერებს და გაიძულებთ ჩვეულებრივზე მეტი ჭამოთ.

ატარეთ ტანზე მომდგარი, მოტკეცილი სამოსი. ასეთი ტანსაცმელი არ მოგცემთ საშუალებას, ზომაზე მეტი ჭამოთ.

მეტი იმოძრავეთ. თქვენი წონა წლის განმავლობაში 4-5 კილოგრამით შემცირდება ყოველგვარი დიეტის გარეშე, თუ ყოველდღიურად 100 კილოკალორიით მეტს დაწვავთ, ვიდრე ჩვეულებრივ. მაგალითად, 20 წუთში 1,5 კილომეტრს გაივლით, 10-წუთიან გარბენს მოაწყობთ, ან სახლს სწრაფ ტემპში, ნახევარ საათში დაალაგებთ.

თამთა გურული

პ. ს. მადის შემცირების სწრაფი მეთოდი: როგორც კი შიმშილს იგრძნობთ, ცერა და საჩვენებელი თითებით მაგრად მოუჭირეთ ყურის ბიბილოს, ყბასთან რაც შეიძლება ახლოს. ეს მარტივი ხერხი არა მარტო მადის გაკონტროლებაში, არამედ ტკბილეულისკენ მიდრეკილების ჩახშობაშიც დაგეხმარებათ!

წარმატებებს გისურვებთ!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close