წარსულში მოგზაურობა შესაძლებელი უნდა იყოს, თუკი სამყარო ბრუნავს – შეუძლებელი ფენომენის გამოცანა
როგორც ჩანს, წარსულში მოგზაურობა შედარებით ადვილი უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა სამყარო ბრუნავდეს.
სახელგანთქმული მათემატიკოსი კურტ გიოდელი ალბერტ აინშტაინის მეგობარი და პრინსტონში მეზობელი იყო. მას წარმოუდგენლად აინტერესებდა აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომელიც იყო და რჩება გრავიტაციული ძალის თანამედროვე ფორმულირებად.
ეს თეორია მატერიისა და ენერგიის არსებობას სივრცისა და დროის გამრუდებასთან აკავშირებს და შემდეგ, ამ გამრუდებას აკავშირებს მატერიისა და ენერგიის ქცევასთან.
გიოდელს აინტერესებდა, იძლეოდა თუ არა ფარდობითობა წარსულ დროში მოგზაურობის საშუალებას. ითვლებოდა, რომ აინშტაინის თეორია სივრცისა და დროის ბუნების საბოლოო ჩარჩო უნდა ყოფილიყო და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, წარსულ დროში მოგზაურობა შეუძლებელია. შესაბამისად, გიოდელმა ჩათვალა, რომ ზოგადი ფარდობითობა ამას ავტომატურად კრძალავდა.
შემდეგ გიოდელმა აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში, ზოგადი ფარდობითობა შესანიშნავად ჯდება წარსულ დროში მოგზაურობასთან. ამისათვის საჭიროა სამყაროს ბრუნვა.
საკუთარი ხედვის დასადასტურებლად, გიოდელმა სამყაროს შედარებით მარტივი, ხელოვნური მოდელი შექმნა, რომელშიც სამყარო ბრუნავს და შეიცავს მხოლოდ ერთ ინგრედიენტს. ეს ინგრედიენტია უარყოფითი კოსმოლოგიური მუდმივა, რომელიც ბრუნვის ცენტრიდანულ ძალას ეწინააღმდეგება, რათა სამყაროს სტატიკურობა შეინარჩუნოს.
გიოდელი მივიდა დასკვნამდე, რომ თუ ამ მბრუნავ სამყაროში კონკრეტულ ბილიკს გაუყვები, შეგიძლია წარსულში აღმოჩნდე. ამისათვის წარმოუდგენლად შორს წასვლა დაგჭირდებათ, მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე, მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია.
მოგზაურობისას სამყაროს ბრუნვაში ჩართული აღმოჩნდებით. ეს კოსმოსის მხოლოდ მატერიის ბრუნვა კი არ გახლავთ, არამედ სივრცისა და დროისაც. არსებითად, სამყაროს ბრუნვა ისე ძლიერ შეცვლიდა თქვენს პოტენციურ გზებს წინ, რომ ეს ბილიკები ისევ უკან, იქ გადმოიხლართებოდა, საიდანაც დაიწყეთ.
მოგზაურობას დაიწყებდით, მაგრამ ვერასოდეს იმოძრავებდით სინათლის სიჩქარეზე სწრაფად და საკუთარ თავს აღმოაჩენდით უკან, იქ, საიდანაც მოგზაურობა დაიწყეთ, მაგრამ საკუთარ წარსულში.
წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობა პარადოქსებს ქმნის და ეწინააღმდეგება ჩვენს აღქმას მიზეზობრიობის შესახებ. საბედნიეროდ, ყველა დაკვირვება მიუთითებს, რომ სამყარო არ ბრუნავს და, შესაბამისად, დაცულები ვართ წარსულ დროში მოგზაურობის გიოდელისეული პრობლემისგან.
თუმცა დღემდე გამოცანად რჩება, თუ რატომ უნთებს ზოგადი ფარდობითობა მწვანე შუქს ამ ერთი შეხედვით შეუძლებელ ფენომენს. ზოგადი ფარდობითობის არასრულყოფილების დასამტკიცებლად, გიოდელი მბრუნავ სამყაროს იყენებდა და არ არის გამორიცხული, ის მართალიც იყოს.
მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.
ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
1 tv.ge
კომენტარები