უმაღლესი შეფასება კვარაცხელიას – WHOSCORED-მა „იუვენტუსთან“ მატჩის მოთამაშედ ქართველი დაასახელა (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშე იყო იუვენტუსთან“ მატჩში, რომელიც ნეაპოლელებმა 5:1 მოიგეს, – ასეთია საერთაშორისო პორტალის, whoscored-ის შეფასება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსთან“ ხვიჩამ ტურინელებს გოლი გაუტანა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და პირველი გოლის გატანაშიც მთავარი როლი ითამაშა. ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთშორისო პორტალი მოთამაშეებს ათქულიანი სისტემით აფასებს და ტურინელებთან მატჩის ერთ-ერთ გმირს, ფაქტობრივად, 100-პროცენტანი შედეგი – 9,8 (9,82) ქულა დაუწერა.
ეს იყო ყველაზე მაღალი შეფასება – „ნაპოლის“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიკტორ ოსიმჰენმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, პორტალისგან ოდნავ ნაკლები ქულა მიიღო – 9,4.
ეს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში საუკეთესო შეფასებაა. სერია A-ში მანამდე საუკეთესო შეფასება 8,88 ქულა „ბოლნიასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ დაუწერეს.
18 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე „ნაპოლია“ (47) და კონკურენტ „იუვენტუსს“ (37) 10 ქულით უსწრებს, რომელმაც ამ მატჩის შემდეგ მესამე ადგილზე გადაინაცვლა მეორიდან. კვარაცხელიამ კი სერია A-ს 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მერაბ მამულაშვილი
1tv.ge
პ. ს.„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მეტოქის უპირატესობა აღიარა და დამსახურებული გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, გადამწყვეტი მომენტი მეორე (რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა) და მესამე (კვარაცხელიას პასით გავიდა) გოლები იყო.
კომენტარები