მიგრაცია

აშშ მექსიკიდან უკანონოდ შესულ იმიგრანტებს უკან გააბრუნებს – ბაიდენის განცხადება (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ გააბრუნებს უკან იმ მიგრანტებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მექსიკიდან საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად შეეცდებიან.

სამაგიეროდ, აშშ მზად არის, ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად ოთხი ქვეყნიდან მიიღოს 30 000 ადამიანი და მისცეს მუშაობის უფლება, თუ ისინი აშშ-ში ლეგალური გზით ჩავლენю

„ნუ ეცდებით საზღვრის უკანონო გადაკვეთას. დარჩით იქ, სადაც ხართ და იქიდან კანონიერად მოგვმართეთ. დღეიდან, თუ განაცხადს სამართლებრივად არ შემოიტანთ, ამ ახალი პროგრამით ვერ ისარგებლებთ. ეს ახალი პროცესი მოწესრიგებული, უსაფრთხო, ჰუმანურია და ის გამართულად მუშაობს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას ტეხასის შტატში, ელ პასოში დაგეგმილ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, გასულ ხუთშაბათს.

ჯო ბაიდენი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, დღეს პირველად ჩავიდა ტეხასში, სამხრეთ საზღვარზე, ელ პასოდან კი იგი მეხიკოში მიემგზავრება ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერების სამიტში მონაწილეობისთვის, რომელიც 9-10 დეკემბერსაა დაგეგმილი.

გასულ თვეში, დეკემბერში ტეხასის შტატის ქალაქი ელ პასო, რომელიც მექსიკას ესაზღვრება, გახდა აშშ-ში მექსიკიდან მიგრანტების უკანონოდ შესვლის ეპიცენტრი, თუმცა ამჟამად ელ პასოდან არალეგალურად შემსვლელთა რაოდენობა 70%-ზე მეტით შემცირდა გასულ თვესთან შედარებით, – ნათქვამია თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაში.

სასაზღვრო პატრული ამჟამად დღეში, საშუალოდ, არალეგალურად შესულ 700 მიგრანტს აკავებს, როდესაც დეკემბერში პიკური რაოდენობა ფიქსირდებოდა – დღეში 2500 მიგრანტი.

გასულ კვირაში ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების გეგმაზე, მათ შორის, დიდი რაოდენობით მიგრანტების გაძევებაზე, აგრეთვე, აშშ-ში თავშესაფრის ძიების ახალი გზის შესახებ.

ჯო ბაიდენმა გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა ყოველთვიურად 30 000 მიგრანტს მიიღებს კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან და ვენესუელიდან, მაგრამ ეს მიგრანტები მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ შორის, უნდა ჰყავდეთ სპონსორი აშშ-ში.

იგი, აგრეთვე, დამატებით ზღუდავს მიგრანტებს იმ ოთხი ქვეყნიდან, რომლებიც ცდილობენ, არალეგალურად გადაკვეთონ საზღვარი და აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია გააფართოებს გაძევების პოლიტიკას 42-ე მუხლის თანახმად. ამ პროტოკოლის შესაბამისად, ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ყოველთვიურად 30 000 არალეგალურ მიგრანტს უკან, მექსიკაში გააბრუნებენ.

ამ ნაბიჯების საპასუხოდ ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა გააკრიტიკა თეთრი სახლის გეგმა და თქვა, რომ ბაიდენის ქმედებები „მომავალში მის ადმინისტრაციას კიდევ უფრო აკავშირებს ტრამპის ეპოქის შხამიან ანტიიმიგრაციულ პოლიტიკასთან ნაცვლად იმისა, რომ აღდგეს თავშესაფრის დაცვაზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა“.

ტეხასის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა გრეგ ებოტმაკმა ბაიდენის საზღვრის უსაფრთხოების გეგმებს უწოდა „სხვა არაფერი, თუ არა ლეიკოპლასტირი ისტორიული წყალდიდობისთვის“.

იმიგრაციული ქმედებების შესახებ განცხადების გაკეთებისას ხუთშაბათს ჯო ბაიდენმა მოლოდინები შეამსუბუქა კომენტარით, რომ ისინი „არ აპირებენ მთელი ჩვენი საიმიგრაციო სისტემის გამოსწორებას“, არამედ ეს უფრო იქნება დახმარება „რთულ ამოცანასთან გასამკლავებლად“ .

აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების ცნობით, სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის გადაკვეთის მაჩვენებელმა 2022 ფინანსურ წელს 2 378 944-ს მიაღწია. ბოლო მონაცემები 2023 ფინანსური წლისთვის აჩვენებს, რომ მარტო ელ პასოს სექტორში დარეგისტრირებულია 106 561 მიგრანტი (აღნიშნულია, რომ ამ მაჩვენებლებში შეიძლება ასახული იყოს ერთი მიგრანტის მიერ საზღვრის რამდენჯერმე გადაკვეთაც).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close