ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლებმა 1.5 მილიონი ევრო ნაღდი ფული ამოიღეს ბერძენ ევროდეპუტატ ევა კაილისგან და იტალიელ ევროდეპუტატ ანტონიო პანცერისგან მათი ბინების ჩხრეკისას ბრიუსელში. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის 14 ვიცე-სპიკერიდან ერთ-ერთი – ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. დააკავეს კიდევ 3 ადამიანი – ევა კაილის პარტნიორი, რომელიც ევროპარლამენტში მუშაობს, იტალიელი პოლიტიკოსი, პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენელი ადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
პროკურატურის განცხადებით, მათ ეჭვი აქვს, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფო რამდენიმე თვის განმავლობაში ზეგავლენას ახდენდა ევროპარლამენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, განსაკუთრებით დამხმარეებზე ზემოქმედების გზით. ადგილობრივი მედიასაშუალებები კატარზე საუბრობენ, თუმცა კატარის ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული უხეში ცილისწამებაა.
თავის მხრივ, ევა კაილის ადვოკატი მიხალის დიმიტრაკოპულოსი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს კატარიდან დაფინანსებასთან და იმასთან, რაშიც ბრალს სდებენ.
იგი, აგრეთვე, ამბობს, რომ ევა კაილის მამას არავითარი შეზღუდვა არ გააცნია და შეუძლია ბრიუსელიდან დაბრუნდეს საბერძნეთში, როცა უნდა, თუმცა რადგან იგი „თავის შვილს ასეთ სიტუაციაში ხედავს, მისი ადგილი შვილის გვერდითაა“.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. იგი საკუთარი პარტიიდან („პასოკი“) გარიცხეს საბერძნეთში, ხოლო საბერძნეთის პროკურატურამ ევა კაილის ყველა აქტივი დააყადაღა.
ბერძენი ჟურნალისტის, ტასოს ტელოგლუს თქმით, რომელიც ბელგიის პოლიციაში და ანტიკორუფციულ სამსახურში თავის წყაროებს ეყრდნობა, ბერძენ ევროდეპუტატს, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერ ევა კაილის პოლიცია წელიწად-ნახევრის განმავლობაში უთვალთვალებდა. ბელგიური Le Soir-ის ჟურნალისტი ლუი კოლარი კი ამბობს: „ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მიერ წაყენებულ ბრალდებებს კორუფციასთან დაკავშირებით „უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები