პოლიტიკაკრიმინალი

სკანდალი: ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბერძენი დეპუტატი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ბელგიის პოლიციამ 9 დეკემბერს, პარასკევს, ბრიუსელში ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-სპიკერიდან ერთ-ერთია. ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მეორე დღეს, 10 დეკემბერს გახდა ცნობილი.

ევა კაილის გარდა დააკავეს მისი პარტნიორი, რომელიც ევროპარლამენტში მუშაობს, ასევე, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი ლუკა ვისენტინი და ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი იტალიიდან პიერ ანტონიო პანცერი. პოლიციამ ჩხრეკისას კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და 600 ათასი ევრო ამოიღო.

ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.

ევა კაილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტია PASOK-ის წევრია.

PASOK-მა უკვე გამოაქვეყნა განცხადება კაილის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, მიმდინარე გამოძიების საპასუხოდ, კაილი ევროკავშირის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდანაც გაათავისუფლეს.

ის ერთ-ერთი ევროპარლამენტარი იყო, რომელიც კატარში შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას აკვირდებოდა .

ევროპარლამენტმა კატარისგან რეფორმები მოითხოვა, რასაც სიტუაციის გაუმჯობესება უნდა გამოეწვია. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კაილი კატარის შრომის მინისტრს, ალი ბინ სამიჰ ალ-მარის შეხვდა, 22 ნოემბერს კი ევროპარლამენტში გამოსვლისას პოზიტიურად შეაფასა კატარში შრომის ბაზრის რეფორმა და თქვა, რომ ის „არაბულ სამყაროს შთააგონებს“. მაშინ მის ამ განცხადებებს სკანდალი მოჰყვა. იგი საკუთარ პარტიაში გააკრიტიკეს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, საუბარია სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის მცდელობებზე, ქრთამის სანაცვლოდ ევროპარლამენტში გავლენა მოეპოვებინა და საკუთარი ინტერესები გაეტარებინა. არსებული ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ბერძენ დეპუტატს ევა კაილის მანდატი შეუჩერა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, ბელგიის მთავრობის მიერ დაწყებული გამოძიების გამო მეცოლამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ევა კაილის, როგორც ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის ყველა უფლებამოსილება.

მანანა ბანძელაძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close