დღეს გამოჩენილი ქართველის, პოლონეთში მოწამებრივად დაღუპული გრიგოლ ფერაძის გარდაცვალებიდან 80 წელი შესრულდა
დღეს, 2022 წლის 6 დეკემბერს გამოჩენილი ქართველის, გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი გარდაცვალებიდან 80 წელი შესრულდა.
ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პოლონეთის ქალაქ ოსვენციმში გაიმართება, სადაც 80 წლის წინათ, 6 დეკემბერს აღესრულა მამა გრიგოლი 43 წლის ასაკში. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია საქართველოსა და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
გრიგოლ ფერაძის ღვაწლი განსაკუთრებულია ეკლესიისა და ქართული კულტურის წინაშე, ეროვნული საგანძურის შენახვასა და გადარჩენაში, აგრეთვე, პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
ქართველი თეოლოგის, ისტორიკოსის (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი) არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას საფრანგეთში გახიზნული ქართული საგანძური, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ედგა შეუპოვარ და უდრეკ მცველად.
მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა, რომელმაც 1940 წლის 14 ივნისს პარიზი დაიკავეს, ისევ უღირსი ქართველებისგან შეიტყვეს, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში საქართველოს დიდი ქონება ინახებოდა. მათ გრიგოლ ფერაძეს, როგორც ცნობილ მეცნიერს და ექსპერტს, სთხოვეს ამ ქონების მნიშვნელობის შეფასება (მამა გრიგოლი იმ დროისთვის პოლონეთში, ვარშავაში მოღვაწეობდა, სადაც მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად მიიწვიეს). გრიგოლ ფერაძემ მათ უთხრა, რომ ეს ქონება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა, მხოლოდ ქართველებისთვის იყო ძვირფასი, როგორც ეროვნული შემოქმედება. ფაშისტები ენდვნენ მას და საქართველოს განძს თავი დაანებეს.
მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა თავისთან გერმანელი ნაცისტებისგან დევნილ ადამიანებს, უმეტესად, ებრაელებს. გაუგეს, შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის (გერმ. Auschwitz) საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც აღესრულა კიდეც. მასთან ერთად მყოფი პატიმრებისგან მოგვიანებით ცნობილი გახდა მამა გრიგოლის გარდაცვალების დეტალების შესახებ: ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელიც ფაშისტებს გაზის კამერაში უნდა გაეგუდათ. მამა გრიგოლს შეებრალა ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აიღო თავზე და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში.
ყოველი წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე, არქიმანდრიტ გრიგოლის მოწამეობრივად აღსრულების დროს, ვარშავის უნივერსიტეტში სწავლა წყდება, რითაც იქ მყოფნი პატივს მიაგებენ თავდადებული ქართველი გმირის ხსოვნას.
გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს წმინდანად შერაცხა და მღვდელმოწამე გრიგოლი უწოდა. 6 დეკემბერი მისის ხსენების დღეა.2013 წლის 26 სექტემბერს კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები