დღის თემასაზოგადოებასაქართველო

ობლობიდან ღვთისკაცობამდე – ექვთიმე

„ეს ის განძია, რომელიც ფასით არ იყიდება და თუ ერთხელ დაიკარგა, აღდგენა აღარ შეიძლება. გაქრა ეს განძი, გაქრა ისტორია, ლიტერატურა, მეცნიერება და საზოგადოდ მთელი კულტურა ქართველი ერისა“. ექვთიმე თაყაიშვილი

1945 წლის 11 აპრილს თბილისის აეროპორტში შეუფასებელი საგანძურით დატვირთული ორი ამერიკული თვითმფრინავი დაეშვა. თვითმფრინავები პარიზიდან მოფრინავდა მარსელის, რომის, ბენღაზის, ქაიროსა და თეირანის გავლით. ამ მარშრუტით დაბრუნდა საქართველოს ეროვნული განძი სამშობლოში თითქმის მეოთხედსაუკუნოვანი ფრანგული ემიგრაციიდან.

საუნჯეს მცველი და მეურვე – ღრმად მოხუცებული ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოჰყვა. „ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე“,  – უთქვამს ტრაპიდან ჩამოსულ ექვთიმეს ხელოვნების მუზეუმის დირექტორისთვის, შალვა ამირანაშვილისთვის. საუნჯის უზადოდ და უდანაკარგოდ დაბრუნება მიაჩნდა მამულიშვილს თავის უპირველეს მოვალეობად საკუთარი ქვეყნის წინაშე, რის აღსრულებაც ჭეშმარიტად გმირული თავგანწირვის ფასად შეძლო, როცა ამ მძიმე, თუმცა ერთობ საპატიო ტვირთის ზიდვა ზოგჯერ მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეც კი გადიოდა.

* * *

ყველაფერი კი საქართველოში 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ დაიწყო. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მენშევიკურმა მთავრობამ, რომელიც თავადაც ემიგრაციაში წავიდა, გადაწყვეტილება მიიღო, ქართული მუზეუმების უმნიშვნელოვანესი ექსპონატები, გადარჩენის მიზნით, სახელმწიფო ხაზინასთან ერთად საფრანგეთში გაეხიზნა.

249 ყუთში მოთავსებული ქართული განძით და საბანკო ვალუტით დატვირთულმა კრეისერმა „ერნესტ რენანმა“ 1921 წლის 11 მარტს გეზი ბათუმიდან კონსტანტინოპოლისკენ აიღო. განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს მიანდეს, რომელიც მეუღლესთან – ნინო პოლტორაცკაიასთან ერთად გაემგზავრა საფრანგეთში. კონსტანტინოპოლში „ერნესტ რენანს“ რაღაც პრობლემა შეექმნა და ძვირფასი ტვირთი მოძველებულ გემ Bien-Hoa-ზე გადაიტანეს. რამდენიმედღიანი მოგზაურობის შემდეგ, 10 აპრილს გემი მარსელის პორტში შევიდა.

მარსელში ძვირფასი ტვირთი საფრანგეთის სახელმწიფო ბანკის საცავში მოათავსეს საქართველოს მთავრობის სახელზე. თბილისის მუზეუმებიდან წამოღებული სპეციალურად დაბეჭდილი 13 ყუთი არ გაუხსნიათ, დანარჩენი ძვირფასი სამუზეუმო ნივთები კი ექვთიმე თაყაიშვილმა, ზურაბ ავალიშვილმა, იოსებ ელიგულაშვილმა და ანდრია დეკანოზიშვილმა თითო-თითოდ აღწერეს, სია შეადგინეს, ხელი მოაწერეს, 26 ყუთში მოათავსეს და დაბეჭდეს. იმ დღიდან ამ ნივთების არათუ გასაყიდად და დასაგირავებლად, დასათვალიერებლადაც არავის მიუმართავს ბანკისთვის. სახაზინო ვერცხლეული კი პარიზში გადაადნობინა მენშევიკურმა მთავრობამ  და 1 მლნ 200 ათას მანეთად გაყიდა.

ხელყოფის საფრთხეს გარიდებული ქართული ეროვნული საგანძური  უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს მოიცავდა: აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, უძვირფასესი ტიხრული მინანქრის ნიმუშები  (მათ შორის, ყველაზე ცნობილი კარედი ხატი – ხახულის ხატი და მისი აღკაზმულობა), ძველი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.

ხახულის ხატი

განძს საფრანგეთში არაერთხელ დაემუქრა სერიოზული საფრთხე, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილი შეუვალი იყო და თავგანწირვით იცავდა ეროვნულ საუნჯეს, თუმცა ამაზე – ქვემოთ…

* * *

ექვთიმე თაყაიშვილი შემთხვევით როდი შეურჩევიათ გახიზნული საგანძურის მეურვედ – მას იმ პერიოდისათვის უკვე საყოველთაოდ ჰქონდა მოპოვებული აღიარება და პატივისცემა, როგორც უდიდეს მეცნიერსა და მკვლევარს, უმწიკვლო სახელის მქონე საზოგადო მოღვაწესა და მამულიშვილს.

ექვთიმე თაყაიშვილი 1863 წლის 5 იანვარს დაიბადა გურიის სოფელ ლიახურში (დღევანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) სიმონ თაყაიშვილისა და ნინო ნაკაშიძის ოჯახში. სამწუხაროდ, ვაჟის დაბადებიდან 5 დღის შემდეგ მამა გარდაიცვალა. 5 წლის ექვთიმე დედითაც დაობლდა და ბებიამ და ახლობლებმა გაზარდეს. ბავშვობაში მას იღბალი არ სწყალობდა: ერთხელ 3 წლისა როგორღაც ხეზე ამძვრალა, ჩამოვარდნილა და ფეხი დაუზიანებია, რის გამოც მთელი ცხოვრება იძულებული იყო, ჯოხი ეხმარა.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ექვთიმე სწავლას პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე აგრძელებს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 1887 წელს საქართველოში ბრუნდება და მაშინვე იწყებს ქართული ისტორიული და არქეოლოგიური მასალების შეგროვებას, წარსულის გაცოცხლებას. მან მოიარა მთელი საქართველო, მთა და ბარი და უამრავი მასალა შეკრიბა. 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“, რომელმაც რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი.

ახალგაზრდა ექვთიმე

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილი და გადარჩენილი „ვეფხისტყაოსნის“ ძველი ხელნაწერები. მათ შორის უძველესი იყო 1646 წლის ხელნაწერი, რომელიც „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ“ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა.

საზოგადოების შენაძენთა შორის არის, აგრეთვე, მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნის“ გადარჩენა, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული. თაყაიშვილმა რუსთაველის დიადი პოემის 17 ხელნაწერს მოუყარა თავი და მთლიანობაში კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები.

ექვთიმე თაყაიშვილმა 3-ჯერ მოაწყო ექსპედიცია (1902, 1907, 1917 წწ.) ისტორიულ ტაო-კლარჯეთში და პირველმა აღწერა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. მესამე – 1917 წლის ექსპედიციაში მის გვერდით იყვნენ ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, დიმიტრი ერმაკოვი, ილია ზდანევიჩი და სხვები. განუზომელია ამ მოგზაურობის დროს დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური  ძეგლების – ოშკის, ხახულის, ოთხთა ეკლესიის, პარხლის, ოპიზისა და ენი რაბათის ტაძრის ფოტოები, აზომვით ნახაზებთან და უმნიშვნელოვანეს კვლევით მასალებთან ერთად.

მინიატიურა  „ვეფხისტყაოსნის“ 1646 წლის ხელნაწერიდან, უცხო მოყმის ნახვის სცენა

ექვთიმე თაყაიშვილს ივანე ჯავახიშვილთან ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში, რომლის ერთ-ერთი პირველი პროფესორიც იყო.

აი ასეთ ადამიანს ანდეს ქართული საუნჯის ბედი და როგორც შემდგომ დადასტურდა, არც შემცდარან.

* * *

ისევ საფრანგეთს დავუბრუნდეთ: მარსელის ბანკში განძეულის უსაფრთხოდ დაბინავების შემდეგ ექვთიმე და მისი მეუღლე ნინო პოლტორაცკაია ერთხანს პარიზში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი დევნილი მთავრობის მიერ შეძენილ ლევილის მამულში გადავიდნენ და 2 პატარა ოთახი დაიკავეს. ექვთიმე თაყაიშვილი განაგრძობდა სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი მალე პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე. ამასთან, გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემა „Georgica“-ს (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

იგი ლექციებს კითხულობდა, მაგრამ ცოტას უხდიდნენ. ნინო პიანინოზე დაკვრით შოულობდა ცოტაოდენ ფულს. ძალიან უჭირდათ. ექვთიმეს საკუთარი მონეტების კოლექცია რომ გაეყიდა, მშვენივრად იცხოვრებდნენ, მაგრამ ეს ძვირფასი კოლექციაც არ ემეტებოდა, საქართველოსთვის უნდოდა შეენახა. იგი განაგრძობდა საკუთარი სახსრებით ქართული ისტორიული ნივთების შეძენასა და ეროვნული საუნჯის გამდიდრებას. „დაწყევლილი მყავდა ყველა ქართველი, – ამბობდა ექვთიმე, – ვინც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა. გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდით, მფლობელს მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა“.

ქართული საგანძურის ამბავი გახმაურდა და მადა გაეხსნათ უნიკალურ ნივთებზე მონადირე ცალკეულ კოლექციონერს თუ  ნაციონალურ მუზეუმებს. ამ პერიოდში ქართული ტიხრული მინანქრის ერთი ძვირფასი კოლექცია უკვე მოხვედრილიყო ნიუ-იორკის მუზეუმში – ალექსანდრე მესამის მოხელეს, ზვენიგოროდსკის საქართველოში მოეგროვებინა ექსპონატები და 200 ათას მანეთად მიეყიდა ამერიკელებისათვის. ახლა ნიუ-იორკის მუზეუმიდან ჩამოვიდა წარმომადგენელი პარიზში ქართული საგანძურის მინანქრის კოლექციის შესასყიდად, თუმცა ექვთიმემ მის ყოველგვარ მცდელობას ცივი წყალი გადაასხა და უარით გაისტუმრა.

ასეთივე პასუხი მიიღო ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენელმა. ექვთიმემ არც ფრანგ ისტორიკოსს, მილეს მისცა ნება, ექსპონატებისთვის ფოტოები გადაეღო, რადგან კარგად იცოდა, რაც მეტი ინფორმაცია გავრცელდებოდა განძის შესახებ, მით მეტი მსურველი გამოჩნდებოდა მის ხელში ჩასაგდებად.

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ნიკო დადიანის ასულმა, ობოლენსკის ქვრივმა სალომე დადიანმაც შეიტყო განძის შესახებ და მოითხოვა დადიანისეული სასახლის განძეულის მისთვის გადაცემა, უარის შემდეგ კი სასამართლოს მიმართა. ექვთიმეს მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია. პროცესი 7 წელიწადს გაგრძელდა. ბოლოს და ბოლოს სასამართლომ უარი უთხრა ობოლენსკის ქვრივს (1920 წლის დეკემბერში დამფუძნებელი კრების დეკრეტით თავად „მინგრელსკის“ ქონება სახელმწიფოს საკუთრებად იყო გამოცხადებული და სასამართლომ გადაწყვეტილება ამის საფუძველზე გამოიტანა), მაგრამ, იმავე დროს (1934 წლის 8 მაისი), დაადგინა: რადგან საქართველოს ეროვნული მთავრობა გაჰქრა („que ce Gouvernement est disparu“ – 1934 წელს მენშევიკურ მთავრობას ლეგაცია აღარ ჰქონდა საფრანგეთში და საელჩოც დაიხურა), ნივთები რომ არ დაიკარგოს, შესანახად პიერ დოჟონს გადაეცეს (ამ მოხელეს ებარა საფრანგეთში დარჩენილი მეფის რუსეთის ქონებაც).

პროცესის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ მარსელის ბანკში 13 წლის განმავლობაში საგანძურის შენახვისთვის მხოლოდ ერთი წლის საფასური იყო გადახდილი (ბანკი წელიწადში 2 500 ფრანკს ითხოვდა). საგანძურს ყადაღა დაადეს და სასამართლოს დადგენილების თანახმად ნივთები მარსელიდან პარიზში, იმავე სახელმწიფო ბანკის მთავარ დაწესებულებაში გადაიტანეს.

საქმე გართულდა, რადგან საფრანგეთის მთავრობა საქართველოს დევნილ მთავრობას აღარ ცნობდა ლეგიტიმურად და შეიძლებოდა თავად მოეხდინა განძის კონფისკაცია.

1931 წელს გარდაიცვალა ექვთიმეს საყვარელი მეუღლე და მეგობარი ნინო პოლტორაცკაია და უკვე ასაკოვანი მეცნიერი მარტო დარჩა, თუმცა ვერც ამან გატეხა მისი უდრეკი ნებისყოფა.

ექვთიმე მეუღლესთან – ნინო პოლტორაცკაიასთან ერთად

1935 წელს საქართველოს ყოფილმა მთავრობამ დადგენილებით უფლებამოსილება მიანიჭა ექვთიმე თაყაიშვილს, მიეღო ის ზომები, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევდა ამ ქონების დასაცავად, ხოლო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე სრული პასუხისმგებელობაც ექვთიმეს დააკისრა აღნიშნული ქონების მეპატრონეთა და საქართველოს წინაშე. ექვთიმემ დაიწყო კარდაკარ სიარული თხოვნებითა და განცხადებებით. იგი უკვე ცდილობს, განძი საქართველოში დააბრუნოს და ამის შესახებ დახმარებას სთხოვს ქართველ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს.

1935 წლის 5 მაისს საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლისა და სამუზეუმო განძეულის მეთვალყურის სტატუსით, ექვთიმემ განცხადებით მიმართა საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარეს, სადაც განმარტავდა, რომ ნივთები წარმოადგენს კერძო მუზეუმების ქონებას (ასე ურჩია მას ადვოკატმა) და საქართველოს მთავრობას მხოლოდ მიბარებული ჰქონდა შესანახად; ისიც ინახავდა, სანამ ამის საშუალება ჰქონდა. ექვთიმე სთხოვდა საფრანგეთის მთავრობას, ნივთები მუზეუმებს კუთვნილებისამებრ დაბრუნებოდა.

1940 წლის 14 ივნისს ფაშისტებმა პარიზი დაიკავეს. ქართულ საგანძურს ამჯერად ფაშისტური საფრთხე დაემუქრა. ექვთიმეს დაჟინებული თხოვნა დოჟონმა ყურად იღო და განძი ბანკიდან ჩუმად გადაიტანეს მონ ბორონის (Mont Boron) ქუჩაზე მდებარე ვერსალის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ ბნელ სარდაფში, ზემოდან კი ნაშალი ბათქაში, ნაფოტები და ნაგავი მიაყარეს.

ექვთიმე ვიღაცამ დაასმინა, გერმანელების მოწინააღმდეგეაო და სამმა ნაცისტმა მისი ბინა გაჩხრიკა. ოთახში იდგა 2 დიდი ყუთი: ერთი – საეკლესიო ნივთებით და მეორე – არქეოლოგიური ნიმუშებით სავსე. ნაცისტებმა ნივთებს თვალი შეავლეს, საინტერესოდ არ მიიჩნიეს და თავი დაანებეს, თუმცა გერმანელებს ისევ ქართველებისგან ჰქონდათ ინფორმაცია საგანძურის შესახებ და უნდოდათ მისი ბერლინში გადატანა, მაგრამ ექვთიმემ სასწაულებრივად იხსნა საუნჯე. იგი იგონებდა:

„ბოლოს და ბოლოს გერმანელებმა მოინდომეს განძეულობის მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან და ბერლინში გადატანა. კიდეც გამართეს მოლაპარაკება, მაგრამ მე დავიხმარე ერთი დიდი სპეკულიანტი გიორგი ბერიძე, რომელიც გერმანელების წარმომადგენელი იყო პარიზში და გერმანელები სულ ყველაფერს, რაც მათთვის საჭირო იყო, მისი საშუალებით იღებდნენ. მან მხარი დამიჭირა და არ დაეთანხმა სხვა ქართველებს, განძეულობა წაეღოთ. ზურაბ ავალიშვილმა მხარი დამიჭირა და არწმუნებდა გერმანელებს, ეს მარტო საქართველოსთვის არის საჭირო, როგორც ისტორიული საბუთები და არა სხვებისთვისო. როგორც იქნა, ეს განსაცდელიც თავიდან მოვიცილე“…

* * *

1944 წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სასწორი საბჭოთა კავშირისკენ გადაიხარა. საფრანგეთში საბჭოთა კავშირის ელჩად ბოგომოლოვი დაინიშნა. ექვთიმემ დაუყოვნებლივ მიმართა მას შარლ დე გოლთან შუამდგომლობის თხოვნით. საბოლოო ჯამში, საფრანგეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და განკარგულება გასცა, რომ განძი დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო საქართველოში. როგორც ჩანს, დიდი როლი ითამაშა იმან, რომ დე გოლი მოსკოვში სტალინთან შესახვედრად ვიზიტისთვის ემზადებოდა (ეს ვიზიტი 1944 წლის 2-10 დეკემბერს მოეწყო). ქართული საგანძური პარიზში საბჭოთა კავშირის საელჩოს გადაეცა, ხოლო 1945 წლის 11 აპრილს საქართველოს დაუბრუნდა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, რომელიც მაშინ უკვე 82 წლის იყო… გახიზნული საუნჯე არათუ უკლებლივ ჩამოიტანა მხცოვანმა მეცნიერმა უკან, არამედ საკუთარი სახსრებით საფრანგეთში შეძენილი სხვა ქართული ნიმუშებითაც გაამდიდრა.

სამშობლოში დაბრუნებულ ექვთიმე თაყაიშვილს ბინა მისცეს, აღადგინეს უნივერსიტეტში პროფესორად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდებაც მიანიჭეს, მაგრამ… 1951 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის შევიწროება დაიწყო. იგი უნივერსიტეტიდან დაითხოვეს, დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდია პოლტორაცკაია…

1953 წლის 14 თებერვალს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილი, უდიდესი მამულიშვილი, რომელიც დიდებულ ქართველ მოღვაწეთა სამეულშია ილია ჭავჭავაძესა და ივანე ჯავახიშვილთან ერთად. მის კუბოს კი მაშინ სულ 50-მდე კაცი მიაცილებდა. ექვთიმე ჯერ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ, 1963 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს (1987 წელს ლევილიდან გადმოასვენეს ნინო პოლტორაცკაიაც და მეუღლის გვერდით დაკრძალეს); 2000 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილმა მთაწმინდაზე პოვა სამუდამო განსასვენებელი.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და „წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი“ უწოდა. დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი. 2008 წელს თბილისში გაიხსნა „წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის“ სახელობის ტაძარი.

დღეს ექვთიმე თაყაიშვილი თითოეული ქართველისთვის ზნეობრიობისა და მამულიშვილობის ეტალონია, ადამიანი, რომლის სახელი ყოველ ქართველს გულის ფიცარზე უნდა ეწეროს.

ნინო ლურსმანაშვილი

p. s. 2018 წლის 20 იანვარს გაიმართა პრემიერა ქართული მხატვრული ფილმისა „ექვთიმე ღვთისკაცი“ (რეჟ. ნიკოლოზ ხომასურიძე), რომლის გადაღებაც, პროექტის ავტორთა ინფორმაციით, „ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი“. ფილმის სიუჟეტი, ძირითადად, ექვთიმე თაყაიშვილის საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს მოიცავს. გადაღებები თბილისის პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა. კინოსურათში ექვთიმეს როლს გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close