იტალიასაზოგადოება

იტალიაში მეწყრის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა – ნაპოვნია 5-6 წლის გოგონას ცხედარი (ვიდეო)

ისკიაზე, კაზამიჩოლაში გუშინ, დილის 5 საათზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა – მაშველებმა კიდევ ერთი მსხვერპლის – 5-6 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, ბავშვს ვარდისფერი პიჟამა ეცვა. ნაშუადღევს კი, ტალახის გროვების ხელით თხრის შედეგად ხანდაზმული ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ნეაპოლის პრეფექტურამ გაავრცელა ინფორმაცია. პირველი დადასტურებული მსხვერპლი ახალგაზრდა ქალია, რომელიც გუშინ იპოვეს გარდაცვლილი.

10 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, 4 კი დაშავებულია.

ნეაპოლის პრეფექტის, კლაუდიო პალომბას განცხადებით, 167 ადამიანი დევნილია, ისინი საკუთარი სახლებიდან გამოიყვანეს, რადგან არსებობდა მათი ჩამონგრევის საშიშროება. ყველა მათგანი სასტუმროში დააბინავეს, ზოგი ახლობლებთან დარჩა ღამის გასათევად. ისინი სახლში შესვლის ნებართვას ითხოვენ, რათა ტანსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები გამოიტანონ. პრეფექტის თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულები, სავარაუდოდ 2 ოჯახის წევრები არიან, მათგან, სულ მცირე, 2 ბავშვია. მეწყერმა 15-მდე სახლი მოიყოლა.

მეწყერი ეპომეოს მთიდან წამოვიდა, ისევე როგორც 2009 წელს, როცა ანალოგიური კატასტროფა მოხდა.

კაზამიჩოლის ტრაგედიის პირველი დადასტურებული მსხვერპლი – ელეონორა სირაბელა 31 წლის იყო, იგი რარონის ზონაში ცხოვრობდა თავის პარტნიორთან ერთად, რომელიც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ელეონორამ იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მამას სთხოვა დახმარება.

ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები, აგრეთვე იმ მაღაზიის თანამშრომლები და კლიენტები, სადაც მუშაობდა, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ – ყველა მოიხსენიებს მას, როგორც საუკეთესო ადამიანს, ბევრი მას ანგელოზს უწოდებს სიკეთისა და მშვიდი ხასიათის გამო. მისი ცხედარი სელაროს ქუჩაზე იპოვეს მეტრ-ნახევარი ტალახის ქვეშ.

ელეონორა სირაბელა, Facebook

მაშველები მთელი ღამე მუშაობდნენ და ამ დრომდე აგრძელებენ დაკარგულთა ძებნას.

მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, პირველი დახმარება – 2 მლნ ევრო უკვე გამოიყო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. მას შემდეგ, რაც ზარალის ოდენობა დაითვლება და გადაუდებელი საჭიროებები გაირკვევა, ამ დახმარებას სხვა ასიგნებებიც მოჰყვება.

პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი გამოთქვამს სურვილს, უახლოეს ხანში ჩავიდეს ისკიაზე, რათა ადგილზე ნახოს სტიქიის შედეგები და მოსახლეობას შეხვდეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close