მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

30 წლის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპები დაიბადნენ

2022 წლის 31 ოქტომბერს სამყაროს ტყუპები – ლიდია და ტიმოთი მოევლინა. ამაში თითქოს უცნაური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ისინი ემბრიონების სახით 30 წლის წინ გაყინეს. ოფიციალური მონაცემებით, მათი ემბრიონები ყველაზე დიდხანს იყო გაყინული მათ შორის, რომელთაგანაც ოდესმე დაბადებულან ბავშვები.

ემბრიონები ანონიმური წყვილისთვის ინ-ვიტრო განაყოფიერებით 1992 წლის 22 აპრილს შექმნეს და 196°C-ზე გაყინეს. ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცესში შესაძლებელია საჭიროზე მეტი ემბრიონის შექმნა, რომლებსაც ზოგჯერ მეცნიერებას ან იმ წყვილებს გადასცემენ, რომელთაც ბავშვი სურთ.

ტყუპის ემბრიონები 30 წლის წინათ შესწირეს ტენესის შტატის ქალაქ კნოქსვილში მდებარე ემბრიონების დონაციის ეროვნულ ცენტრს (NEDC), ახლახან კი ისინი ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდის მკვიდრ წყვილს, მათ მომავალ მშობლებს, რეიჩელ და ფილიპ რიჯვეებს გადასცეს.

ასაკობრივი შედარებისათვის გეტყვით, რომ ემბრიონების გაყინვის დროს ფილიპი ხუთი წლის იქნებოდა.

„რაღაც წარმოუდგენელია“, – ამბობს ფილიპი.

მას და მის ცოლს, რეიჩელს უკვე ჰყავთ ოთხი სხვა შვილი, ყველა ათ წელზე ნაკლები ასაკის.

აქამდე „ყველაზე ხანდაზმული“ ჩვილის რეკორდის მფლობელი მოლი ევერეტ გიბსონი იყო, რომელიც 2020 წლის 26 ოქტომბერს 28 წლის წინათ გაყინული ემბრიონიდან დაიბადა. მოლიმ საკუთარი დის რეკორდი მოხსნა, რომელიც 24 წლის წინ გაყინული ემბრიონისგან არის დაბადებული.

არ არის გამორიცხული, სადმე უფრო ძველი ემბრიონისგანაც იყოს ბავშვი დაბადებული, ისეთისგან, რომლის ასაკიც აღრიცხული არ არის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეპროდუქციული სერვისის სხვა მონაცემებს წარმატებით აღრიცხავს, მაგრამ არა გაყინულ ემბრიონთა ასაკებს.

ამ შემთხვევაში რიჯვეების წყვილს ემბრიონები დონორების მონაცემთა ბაზიდან გადაეცათ, რომელიც დონორთა შესახებ გარკვეულ ცნობებს აღრიცხავს.

„ჩვენი მიზანი მსოფლიოში ყველაზე დიდხანს გაყინული ემბრიონის მიღება არ იყო. უბრალოდ ისეთი გვსურდა, რომელიც გადაცემას სიაში ყველაზე დიდხანს ელოდებოდა“, – ამბობს ფილიპი.

ემბრიონების გაყინვა განუსაზღვრელი დროით არის შესაძლებელი; გალღობის შემდეგ მათი გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 80 პროცენტია. ცოცხლად მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი იბადება. ამ შემთხვევაში ხუთი ემბრიონი გაადნეს. დედის ორგანიზმში გადასანერგად ვარგისი მათგან სამი იყო, რომელთაგან ორი ცოცხალი დაიბადა.

ლიდია 2,6 კილოგრამი დაიბადა, ტიმოთი კი – 2,9 კგ. NEDC-ის ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათი დაბადება შემაგულიანებელი გახდება სხვა მომავალი მშობლებისთვის. ამ ორგანიზაციის დახმარებით, შემოწირული ემბრიონებიდან უკვე 1200-ზე მეტი ჩვილი დაიბადა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

1tv.ge

27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close