fbpx
მსოფლიოეკონომიკა

BBC: რეკორდულ დროში გლობალური ეკონომიკის ახალი მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი – ნიშნავს თუ არა ეს მორიგ მსოფლიო კრიზისს?

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ ისედაც შერყეული მსოფლიო ეკონომიკა ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ზღვრამდე მიიყვანა. შესაბამისად, მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნის გამაფრთხილებელი ნიშნებიც სულ უფრო ხშირია. ეკონომისტები და ოფიციალური პირები ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ, რომ კრიზისის თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა ერთადერთი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად ღრმა იქნება ის და რამდენ ხანს გაგრძელდება?

რა ხდება?

მსოფლიო ეკონომიკა ციკლურია: აღმასვლას დაღმასვლა მოჰყვება, შემდეგ იწყება აღდგენის პროცესი მორიგ რეცესიამდე და ა.შ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიომ 5 რეცესია განიცადა, მათ შორის – 2020 წლის კოვიდპანდემიით გამოწვეული პროცესები. თუ კიდევ ერთი ახალი რეცესიული პროცესი დაიწყება, მაშინ მსოფლიო ანტირეკორდი დამყარდება – ჯერ არასდროს მომხდარა, რომ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში სიღარიბის მატებას სიმდიდრის ზრდისთვის გადაეჭარბებინოს. აქ მთავარი მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრაა. მართალია, სხვა ფაქტორებიც არსებობდა, მაგრამ ვლადიმირ პუტინის მიერ ევროპაში გაჩაღებულ ომამდე რეცესიის საფრთხე ნამდვილად არ არსებობდა. ახლა უკვე ეს გარდაუვალი გახდა.

მსოფლიო ეკონომიკის სამი ძრავა – აშშ, ევროპა და ჩინეთი ტემპს აგდებენ. საამისოდ თითოეულ მათგანს კონკრეტული მიზეზი აქვს, თუმცა არსებობს გლობალური პრობლემებიც – კოვიდისა და რუსული აგრესიის შედეგები. რადგან მსოფლიო წარმოებისა და მოხმარების ორი მესამედი სწორედ ზემოხსენებულ სამეულზე მოდის, პლანეტის ყველა სხვა ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაც მათზეა დამოკიდებული.

„რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო ევროზონას სერიოზული პრობლემები აქვს. ჩინეთი კოვიდ-კარანტინით გამოწვეულ და უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ კრიზისს განიცდის. შეერთებულ შტატებში ინფლაციის გამო მოსახლეობის შემოსავლისა და მოხმარების მაჩვენებელმა დაიკლო, მზარდი საკრედიტო განაკვეთები კი ინვესტიციებს აფერხებს“, – ასე აღწერა არსებული სიტუაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ. „ეს ყველაფერი ღარიბ და განვითარებად ქვეყნებზე ზემოქმედებს. ისინი სულ უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, რადგან ექსპორტზე მოთხოვნა მცირდება, საკვებისა და ენერგიის ფასების ზრდის გამო კი მათი ხარჯები იზრდება“, – დასძინა მან.

როგორ არ უნდა გამოგვეპაროს კრიზისი?

ეკონომისტები და ოფიციალური პირები ეკონომიკური ვარდნის პროგნოზირებას ცდილობენ. მათ მწარედ ახსოვთ, თუ როგორ გამორჩათ წინა გლობალური ფინანსური კრიზისი და როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. 2008 წელს კრიზისის ჭექა-ქუხილი მოწმენდილ ცაზე ატყდა. აშშ-ში, ბრიტანეთსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში რამდენიმე მსხვილი ბანკი ერთდროულად ჩამოიშალა. ფინანსისტებისა და ანალიტიკოსების ძალიან ვიწრო წრის გარდა მაშინ ამას არავინ ელოდა. „ყოველი წინა კრიზისიდან ჩვენ ახლა ვერცერთის პროგნოზირებას ვერ შევძლებდით, თუმცა ამჯერად ვფიქრობ, შესაძლებელია იმის თქმა, რომ, დიდი ალბათობით, კრიზისი მაინც იქნება“, – განაცხადა მსოფლიოში ყველაზე მთავარი და ცნობილი ბანკირებიდან ერთ-ერთმა, ჯეიმი დაიმონმა CNBC-თან ბოლო ინტერვიუში.

საიდან გვიახლოვდება უბედურება? შესაძლოა საკრედიტო ბაზრიდან ან სულაც – საფონდო ბაზრიდან. „შესაძლოა ეს იყოს ქვეყანა, ან რაიმე ისეთი ზოგადი, რომლის შესახებაც ჯერ არც კი ვიცით“, – თქვა დაიმონმა, რომელიც ამერიკულ ბანკს – JPMorgan Chase-ს ხელმძღვანელობს.

ექსპერტების შეფასებით, ამჟამად არსებული სიტუაცია არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინ გველის. საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიიჩნევენ, რომ ზრდის წლევანდელი მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ნაკლები იქნება, მომავალ წელს კი ომის, ინფლაციის, ჩინეთის ჩაკეტვისა და ენერგეტიკული კრიზისის გამო – კიდევ უფრო ნაკლები. „მიმდინარე წლის ყველა პრობლემა გლობალურ ეკონომიკას  გაუხსნის იმ ჭრილობებს, რომლებიც პანდემიის შემდეგ ჯერ არც მოშუშებულა. მოკლედ, უარესი წინ არის“, – წერენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტები უახლეს პროგნოზში. ისინი პროგნოზირებენ ექვსთვიან რეცესიას  იმ ქვეყნებში, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით მესამედი მოდის.

შესაძლებელია თუ არა კრიზისის თავიდან აცილება?

ამ კითხვაზე ეკონომისტების პასუხი პესიმისტურია. 1980-იანი წლების რეცესიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის ზრდა ტექნოლოგიური და ბიზნერევოლუციით იყო განპირობებული. ეს განაპირობა როგორც ინტერნეტმა, ისე გლობალიზაციამ, რამაც ჩინეთის, რუსეთისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების აღმავლობა გამოიწვია. მოგვიანებით, განსაკუთრებით 2008 წლის კრიზისის შემდეგ, გადამწყვეტი როლი მონეტარულმა სტიმულირებამ შეასრულა.

ახლა ზრდის ეს წყაროები ამოწურულია, გლობალიზაციამ და სტიმულირებამ კი მიმართულება შეიცვალა. ამავდროულად, ბევრი სტრუქტურული პრობლემა ამ ხნის განმავლობაში კი არ მოგვარდა, პირიქით – გაუარესდა. მათ შორის მთავარია მოსახლეობის დაბერება, შრომის პროდუქტიულობის ზრდის შენელება და კლიმატის ცვლილების შედეგები. მხოლოდ შემდეგი ტექნოლოგიური რევოლუცია გადაარჩენს მსოფლიო ეკონომიკას, ამბობს Oxford Economics-ის წამყვანი ეკონომისტი ადამ სლატერი, რომელმაც თავისი პროგნოზი ნოემბერში განაახლა და რეცესია იწინასწარმეტყველა.

ინტერნეტ ეკონომიკის მსგავსი ნახტომი მსოფლიო ეკონომიკაში ჯერ არ იგეგმება. რეცესიის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა სამი არსებული პრობლემის მოგვარება. ესენია: ფასების ზრდა, კარანტინი ჩინეთში და ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში. აქედან ყველაზე მარტივია ჩინეთის გახსნა. ამისთვის მხოლოდ კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებაა საჭირო, თუმცა ჩინეთის ეკონომიკის გამოღვიძება მაშინვე გაზრდის ენერგომოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ გაამწვავებს პირველ პრობლემას – ინფლაციას. ენერგეტიკულ კრიზისსა და ინფლაციასთან გამკლავება კი გაცილებით რთულია. „ახლა მსოფლიო უფრო მყიფე გახდა. სულ უფრო მეტი გაურკვევლობა, მერყევობა, გეოპოლიტიკური დაპირისპირება და სტიქიური უბედურებებია. ამ სამყაროში კრიზისი ნებისმიერ ქვეყანას ემუქრება“, – ამბობს ადამ სლატერი.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close