სპორტი

ალპინიზმის „ოსკაროსნების“ დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის ქალაქ ბრიანსონში გაიმართა – არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა ქართული სპორტის ისტორიაში ახალი გმირული ფურცელი ჩაწერეს

საფრანგეთის ქალაქ ბრიანსონში (ოტზ-ალპის პრეფექტურა) 18-20 ნოემბერს „ოქროს წერაყინის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, ეს პრესტიჟული ჯილდო წელს ქართველმა ალპინისტებმა არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მოიპოვეს მანამდე დაულაშქრავი 7340 მეტრის სიმაღლის ერთ-ერთი ყველაზე რთული მწვერვალის – სარაგრარის დალაშქრისთვის 2021 წლის სექტემბერში.

ქართველებმა პაკისტანში ჰინდუ კუშის (Hindu Kush) მთის მასივის ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალ სარაგრარზე ასასვლელად უნიკალური მარშრუტი აირჩიეს, რაც ჟიურიმ განსაკუთრებულ მიღწევად შეაფასა და მათ ალპინიზმის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – „ოქროს წერაყინი“ მიაკუთვნა. ეს პირველი „ოქროს წერაყინია“ ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ამრიგად, არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა ქართული სპორტის მატიანეში ახალი გმირული ფურცელი ჩაწერეს.

საფრანგეთის ქალაქ ბრიანსონში დაჯილდოების ცერემონიაზე  სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

ცერემონია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

პრესტიჟულ ჯილდოს – „ოქროს წერაყინის“ (Les Piolets d’Or) პრიზს 1992 წლიდან ანიჭებს ფრანგული გაზეთი La Montagne. „ოქროს წერაყინს“ ალპინიზმის „ოსკარს“ უწოდებენ, რადგან სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close